x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: გვემუქრება თუ არა კოსმიური არმაგედონი უახლოესი 1000 წლის მანძილზე?

ერთი კილომეტრის დიამეტრის მქონე ან უფრო დიდ ასტეროიდს კაცობრიობის განადგურება შეუძლია. თუმცა, როგორც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, ჩვენ მსგავსი უბედურება უახლოესი 1000 წლის მანძილზე არ გვემუქრება.


მეცნიერების დასკვნით, ერთ კილომეტრზე მეტი დიამეტრის მქონე ასტეროიდის დედამიწაზე ჩამოვარდნა უახლოესი 10 საუკუნის მანძილზე მოსალოდნელი არ არის. ეს ამერიკელმა მკვლევარებმა მათ ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით გააანალიზეს. თუმცა, მათი განცხადებით, არ შეიძლება შედარებით მცირე სიდიდის მქონე ობიექტების ჩვენს პლანეტასთან შეჯახების მთლიანად გამორიცხვა, რასაც რეგიონულ ან სულად კონტინენტურ დონეზე გამანადგურებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ იმგვარი შეჯახება, რასაც კაცობრიობის განადგურება შეუძლია, ათასწლეულის ბოლომდე უკვე გამორიცხულია.


დღემდე მეცნიერებს არ შეეძლოთ ასეთი შორეული მომავლის თაობაზე მსგავსი პროგნოზების კეთება, თუმცა თანამედროვე ტექნიკურმა მიღწევებმა ამის შესაძლებლობა ჩვენ უკვე მოგვცა. დღეს ჩვენ შესწავლილი გვაქვს იმ ასტეროიდების 95 %-ზე მეტი, რომლებიც დედამიწის სიახლოვეს გადაადგილდებიან და რომლებსაც 1 კილომეტრზე უფრო დიდი დიამეტრი აქვთ.


ყველაზე სახიფათო ასტეროიდად მოზრდილ ასტეროიდთა შორის მიჩნეულია ციური სხეული სახელწოდებით 1994 PC1, რომლის დიამეტრი 1100 მეტრია. არსებობს 0, 00151 %-იანი ალბათობა იმის, რომ ეს ობიექტი დედამიწას უახლოესი 1000 წლის განმავლობაში მთვარეზე უფრო ახლო მანძილზე ჩაუვლის. თანაც, ეს შესაძლოა ჩვენი ათასწლეულის ბოლოს მოხდეს. 1994 PC1-ის შემთხვევაში ამის შანსი ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ასტეროიდების შემთხვევაში.



ამჟამად ჩვენთვის ცნობილია 854 ასტეროიდი, რომლებიც დედამიწის სიახლოვეს გადაადგილდებიან. ხოლო 140 მეტრის დიამეტრის მქონე და უფრო დიდ ასტეროიდებს რაც შეეხება, მათი რაოდენობა ჩვენს სიახლოვეს 10, 400-ს აღწევს. მთლიანობაში ამჟამად ჩვენ ვიცნობთ 32, 000 ასტეროიდს, რომელიც NASA-ს “დედამიწის მახლობელი ობიექტების კვლევის ცენტრს” (შემოკლებით CNEOS) თავის რეესტრში აქვს შეტანილი.


აქვე უთუოდ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ ასტეროიდთან შეჯახება იმ ბუნებრივ კატასტროფათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა თავიდან აცილება დღევანდელი მეცნიერების და ტექნიკის განვითარების დონიდან გამომდინარე უკვე ხელგვეწიფება. ასე რომ, “ჰოლივუდის” მიერ გადაღებული ფილმები კოსმოსიდან მქროლავი უზარმაზარი “ციური ქვის” შესახებ, რომელიც კაცობრიობას ამოწყვეტით ემუქრება, სულ უფრო მეტად კარგავს აზრს.


ასტეროიდი



0
135
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0