საბუნებისმეტყველო ეს დრაკონის მსგავსი რეპტილია ერთ დროს ავსტრალიას ძრწოლას ჰგვრიდა 2022, 8 ოქტომბერი, 9:23
ეს ბასრკბილა არსება 105 მილიონი წლის წინ ავსტრალიის თავზე დაფრინავდა და ვაი მას, ვისაც გადაეყრებოდა. მსხვერპლის წამები დათვლილი იყო.
დრაკონის მსგავსი მფრინავი მხეცი პტეროზავრების ცალკე სახეობაა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და რომელსაც Thapunngaka shawi უწოდეს. მფრინავ მხეცს საოცრად ბასრი კბილები ჰქონდა, რითაც მსხვერპლს უსწრაფესად ფლეთდა. წარმოიდგინეთ, ნილოსის ნიანგი რომ დაფრინავდეს. კბილებიანი მფრინავი მონსტრი. მსგავსი რამის გაფიქრებაც კი შემზარავია. 2011 წელს ადგილობრივმა მონადირემ აღმოაჩინა ქვედა ყბის ძვალი, რომელიც გაურკვეველ მხეცს ეკუთვნოდა. პალეონტოლოგები ნარჩენი ნიმუშის დათვალიერებისთანავე მიხვდნენ, რომ ეს ავსტრალიური პტეროზავრის ახალი, ჯერაც უცნობი და ერთობ შთამბეჭდავი სახეობა იყო. მოგვიანებით უფრო დეტალურმა ანალიზებმა ცხადჰყო, რომ ამ ფრთოსან რეპტილიას 90 სანტიმეტრამდე თავის ქალა ჰქონდა, ხოლო მისი გაშლილი ფრთების ზომა 9 მეტრზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ 9 მეტრი ცოტა არ არის და მხეცი, რომელსაც მსგავსი ფრთები ჰქონდა, უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილი მტაცებელი იყო, თანამედროვე რუმინეთში აღმოჩენილ პტეროზავრ “დრაკულას” Thapunngaka shawi-სთან შედარებით მაინც მთელი 3 მეტრით უფრო გრძელი ფრთები ჰქონდა. ხოლო ტეხასში, გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოჩენილი პტეროზავრის ფრთების სიგრძე 15 მეტრსაც კი შეადგენდა. თუმცა ავსტრალიური რეპტილიის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გასაოცრად ჰგავდა დრაკონს - მითიურ არსებას, რომელიც აქამდე მხოლოდ ზღაპრებსა და თქმულებებში სახლობდა. Thapunngaka shawi მართლაც შიშისმომგვრელი რეპტილია იყო. როგორც პალეონტოლოგი ტიმ რიჩარდსი ამბობს, ეს იყო “ფაქტიურად ერთი დიდი ხახა, რომელიც ფრთებზე იყო მიმაგრებული.” ის პატარ-პატარა დინოზავრებზე ნადირობდა, რომლებისთვისაც ცაზე მისი გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებდა. ავსტრალიური რეპტილია მომენტალურად ესხმოდა მათ თავს და მათზე ისევე ნადირობდა, როგორც თანამედროვე არწივი ნადირობს კურდღელზე ან გნოლზე. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ავსტრალიაში Thapunngaka shawi-ზე გაცილებით უფრო დიდი ზომის რეპტილიებიც აღმოაჩინონ, თუმცა დღეს აღმოჩენილი მფრინავი მხეცი უდიდესია, რაც აქამდე მწვანე კონტინენტზე ოდესმე უპოვიათ. 183 შეფასება არ არის
|