x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა მოხდება, როცა მზე მოკვდება? - მეცნიერების ახალი დასკვნა
სამყაროში ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის დედამიწასაც და მზესაც. მნათობი, რომელიც მილიარდობით წლის მანძილზე ერთგულად გვინათებდა და გვათბობდა, ერთხელაც იქნება, შეწყვეტს არსებობას. რა თქმა უნდა ეს საბედნიეროდ დღეს და ხვალ არ მოხდება, თუმცა მზის აღსასრული მაინც აღგვიძრავს მწუხარე ფიქრებს…


არადა, ერთი შეხედვით ვარსკვლავები თითქოს მარადიულად არსებობენ. მაგრამ ვარსკვლავების მარადიულობა ილუზიაა. პრობლემა იმაშია, რომ ვარსკვლავის შიგნით (და მზეც ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავია) მიმდინარე თერმობირთვული რეაქციის შედეგად, როდესაც წყალბადის ატომების გახლეჩა ხდება და კოლოსალური ენერგია გამოიყოფა, ხდება ჰელიუმის წარმოება. ჰელიუმი ის ნაგავია, რომელიც ვარსკვლავს ნორმალური თერმობირთვული რეაქციის განხორციელებაში უშლის ხელს. ის სულ უფრო მეტი გროვდება და ამის პარალელურად ვარსკვლავის ბირთვიც სულ უფრო ცხელდება, რათა ნორმალური თერმობირთვული რეაქცია აწარმოოს. ამას კი საბოლოო ჯამში კარგი არაფერი მოაქვს. ვარსკვლავი სულ უფრო ცხელდება და ცხელდება, რაც საფრთხეს უქმნის მის ირგვლივ არსებულ პლანეტებს.


შესაბამისად დღეს მზე გაცილებით უფრო ცხელი და კაშკაშაა, ვიდრე მაშინ იყო, როცა ის დინოზავრებს უნათებდა. დინოზავრების მზე გაცილებით უფრო პატარა, მუქი და სუსტი გახლდათ.


მეცნიერები წინათ ფიქრობდნენ, რომ დედამიწას სულ მცირე 1, 5 მილიარდი წლის მანძილზე არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ უახლესი გათვლებით ჩვენი პლანეტა უკვე 500 მილიონი წლის შემდეგ დაიწყებს კვდომას. ამ პერიოდიდან სათბურის ეფექტი უკონტროლო გახდება, ოკეანეები აორთქლდება, რაც ატმოსფეროში სულ უფრო მეტი სიცხის დაგროვებას შეუწყობს ხელს. ამ პროცესის დაწყებიდან დაახლოებით 100 მილიონი წლის შემდეგ ჩვენს პლანეტაზე არცერთი ოკეანე აღარ იარსებებს. ამის შედეგად ოკეანეების სიღრმეებში დაგროვილი ნახშირბადი და მეთანი ატმოსფეროში მოხვდება, რაც გარემოს კიდევ უფრო ცხელს გახდის.



დაახლოებით 4 მილიარდი წლის შემდეგ მზის გულში იმდენი ჰელიუმი დაგროვდება, რომ ჩვენი მნათობის გული ძალიან მყარი გახდება. ამის შედეგად წყალბადი “იძულებული გახდება” რეაქცია მის ირგვლივ აწარმოოს. ამის გამო მზე ზომაში ზრდას დაიწყებს.


ბოლოს მზე გადასანსლავს დედამიწას, ხოლო მანამდე თანდათან შემოაცლის ყველანაირ გარსს, სანამ ჩვენი პლანეტისგან მხოლოდ ლითონის გავარვარებული დისკო არ დარჩება - ის, რაც ოდესღაც დედამიწის გულს წარმოადგენდა.


დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ მზის გულში ტემპერატურა 100 მილიონ კელვინს მიაღწევს. ამ დროს შიდა ბალანსის შენარჩუნება უკვე შეუძლებელი გახდება, რის შედეგადაც იუპიტერზე 100-ჯერ უფრო დიდი ზომის წყალბადის ბომბის აფეთქება მოხდება.


ამის შემდეგ ჰელიუმი დაიწყებს წვას და ბირთვული რეაქცია დაიწყება უკვე კონკრეტულად ჰელიუმის ატომებთან მიმართებით, მაგრამ რადგან ეს ელემენტი წყალბადზე ბევრად უფრო არასტაბილურია, წვა მხოლოდ 100 მილიონ წელიწადს გასტანს და “მეორე მზე” ბევრად უფრო ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი და ბევრად უფრო საშიში იქნება. ის თანდათან გაფართოვდება იუპიტერის ორბიტამდე და მისი ზედაპირის ტემპერატურა სულ უფრო დაიკლებს.


საბოლოო ჯამში, გრანდიოზული აფეთქება მოხდება, რის შემდეგაც დღევანდელი მზის ადგილას მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრის ზომის ნახშირბადის გული დარჩება. ამ ეტაპზე მზის მატერია იმდენად გამკვრივდება, რომ ასანთის კოლოფში მისი ათასობით ტონის მოთავსება იქნება შესაძლებელი. ეს მიკროსკოპული ზომბი-მზე იმ მანძილიდან, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ისე გაანათებს, როგორც დღეს ანათებს სავსე მთვარე ნათელ ღამეში.


მზე


1
505
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
505
  
2023, 26 იანვარი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1