საბუნებისმეტყველო NASA სატურნის თანამგზავრზე გველის ფორმის რობოტს გზავნის, რათა არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნოს 2023, 24 მაისი, 17:31 პლანეტა სატურნის ირგვლივ მისი 83 ბუნებრივი თანამგზავრი ბრუნავს. მეცნიერების აზრით არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის ზოგიერთზე სიცოცხლე არსებობდეს. სწორედ სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრ ენცელადზე სიცოცხლის ფორმების მოძიების მიზნით ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) აპირებს უზარმაზარი, გველის ფორმის რობოტის გაგზავნას, რომლის მიზანი როგორც თანამგზავრის ზედაპირზე, ასევე მის სიღრმეში არსებულ ოკეანეში კვლევების დაწყება იქნება.
რობოტ გველს 5 მეტრამდე სიგრძე და 90 კილოგრამამდე წონა აქვს და Exobiology Extant Life Surveyor (შემოკლებით EELS) ჰქვია. მას უნარი აქვს, გაბურღოს ყინულის ზედაპირი და ენცელადზე არსებული თბილი ოკეანის სიღრმემდე ჩააღწიოს. სატურნის თანამგზავრზე გველი რობოტი “თავზე” მიმაგრებული კამერების მეშვეობით ვიდეოგადაღებასაც განახორციელებს. “სხეულზე” მიმაგრებული პროპელერი კი ცურვაში დაეხმარება. რობოტი გველის მანევრულობა და მოძრაობის უნარი მკვლევარებმა უკვე გამოცადეს მყინვარ ატაბასკას მიდამოებში, რომელიც კანადური ჯასპერის ეროვნულ პარკში მდებარეობს. თუ კვლევები წარმატებით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ინჟინრებს მისი ფინალური კონცეფცია უკვე მზად ჰქონდეთ. ამას დაემატება ის წლები, რაც კოსმოსურ ხომალდს რობოტის ენცელადამდე გადასატანად დასჭირდება. ეს კი 12 წელიწადზე უფრო მალე ვერ განხორციელდება. ამიტომ რობოტირებული ექსპედიცია ენცელადზე არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის მიზნით მიმდინარე საუკუნის 30-იან წლებამდე სამწუხაროდ ვერ იქცევა რეალობად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ენცელადზე რობოტმა გველმა საკუთარი ეფექტურობა ვერ დაამტკიცა, მას მაინც გამოიყენებენ, ოღონდ მხოლოდ დედამიწისა და მარსის ზედაპირზე არსებული მყინვარების გამოსაკვლევად, რაც თავისთავად მცირე მნიშვნელობის ფაქტს არ წარმოადგენს. 104 შეფასება არ არის
|