x
image
დავითი ჩუთლაშვილი
აღმოჩენილია დედამიწის პლანეტა-ორეული, სადაც შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს
ნებისმიერი ახალი ეგზოპლანეტა უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას წარმოადგენს, მაგრამ ასტრონომები ყველაზე გაფაციცებით მაინც იმ შორეულ ციურ სხეულებს სწავლობენ, რომლებიც დედამიწას ჰგვანან მასით და სიდიდით და რომლებიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობენ.


სწორედ ასეთია ასტრონომების მიერ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ აღმოჩენილი პლანეტა Wolf 1069 b, რომელიც საკუთარ ვარსკვლავს, რომელიც წითელი ჯუჯაა სახელწოდებით Wolf 1069, იმგვარი მანძილის დაშორებით უვლის გარს, რომ მასზე წყალი თხევად მდგომარეობაში შეიძლება არსებობდეს, რაც სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.


ახალი ეგზოპლანეტა მაქს პლანკის ინსტიტუტში მომუშავე დიანა კოსაკოვსკის გუნდმა აღმოაჩინა. ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ პლანეტას დედამიწის დაახლოებით თანაბარი მასა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტას უდიდესი ალბათობით აქვს ატმოსფერო და მყარი, კლდოვან-მიწიანი ზედაპირი.


დედამიწა 2



დღემდე აღმოჩენილ 5000 პლანეტას შორის მხოლოდ ერთ დუჟინს თუ აქვს დედამიწის მასის ტოლფარდი მასა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობასთან ერთად. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ ამ აღმოჩენის მნიშვნელობა.


თუმცა, ხელსაყრელი მდებარეობა და მასა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს. მზის სისტემაში ხელსაყრელი მასა და მდებარეობა აქვს პლანეტა ვენერასაც, თუმცა მის ატმოსფეროში სათბური გაზების დიდი მოცულობით დაგროვების გამო ვენერაზე ცხოვრება შეუძლებელია. გამორიცხული არ არის, Wolf 1069 b-ც ვენერასავით უდაბური პლანეტა იყოს, თუმცა ჩვენ ეს ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით. ამას სჭირდება დამატებითი კვლევები, რაც 2030 წლამდე სამწუხაროდ ვერ განხორციელდება.


Wolf 1069 b საკუთარ ვარსკვლავს 15, 6 დედამიწის დღის მანძილზე უვლის გარშემო, რადგან პლანეტასა და მქრქალ მოწითალო-ფორთოხლისფერ ჯუჯა Wolf 1069-ს შორის მანძილი დაახლოებით 10 მილიონი კილომეტრია (შედარებისთვის დედამიწა 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული მზისგან).


ფორთოხლისფერი ცა


Wolf 1069 b-ზე მცხოვრები დამკვირვებლისთვის (თუკი იქ საერთოდ ცხოვრობს ვინმე) ცა მეწამულისფერ-ფორთოხლისფერია. სუსტი Wolf 1069-ის სხივები სწორედ ამგვარად ანათებენ პლანეტის ზედაპირს. Wolf 1069 b დედა ვარსკვლავისგან იმ სითბოს და სინათლის დაახლოებით 65 %-ს იღებს, რასაც დედამიწა იღებს მზისგან. თუმცა იმის გამო, რომ პლანეტა დიდი ალბათობით გრავიტაციულად მხოლოდ ცალი მხარით არის დაფიქსირებული საკუთარი ვარსჯვლავის მიზიდულობის ძალის მიერ, მის ნათელ ნაწილში მარადიული სინათლე სუფევს. პარალელურად პლანეტის ბნელ მხარეზე ძალიან დაბალი ტემპერატურა მეფობს, რაც შეუთავსებელია სიცოცხლესთან.


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არც ისე არაკომფორტული პირობები ბატონობს შუალედურ ზონაში, სადაც მუდმივი დილის ბინდი და გარიჟრაჟის ფერებია და სადაც დამკვირვებელს მიწყივ ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს მზე ის-ის არის უნდა ამოიწვეროს. თუმცა არც პლანეტის დღის მხარეა აუტანელი სიცხით გამორჩეული. როგორც კომპიუტერული სიმულაცია გვიჩვენებს, პლანეტის მიერ ატმოსფეროს ფლობის შემთხვევაში (რაც სრულიად მოსალოდნელია) მისი დღის მხარე 13 გრადუსამდე იქნება გამთბარი. ეს ტემპერატურა კი სრულიად საკმარისია წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის, რაც სიცოცხლის გაჩენის უმთავრესი წინაპირობაა.


Wolf 1069 b დედამიწიდან ძალიან, ძალიან შორს მდებარეობს. 31 სინათლის წელი - ასეთია მანძილი ჩვენს პლანეტასა და მის ახლად აღმოჩენილ ორეულს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით Wolf 1069 b-მდე მისაღწევად ათეულ ათასობით წელიწადი დაგვჭირდება.


როგორ ვიპოვოთ სიცოცხლე Wolf 1069 b-ზე?


Extremely Large Telescope, რომელიც ამჟამად ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ ჩილეში შენდება, ახლად აღმოჩენილი პლანეტის ატმოსფეროს მოლეკულურ გამოკვლევას შესაძლებელს გახდის. ეს კი მხოლოდ ამ ათწლეულის დასასრულისთვის მოხდება. ამიტომ სამწუხაროდ კვლავაც წლების მანძილზე მოგვიწევს მოცდა.


დედამიწა 2

1
255
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
255
  
2023, 16 აპრილი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1