სიახლეები კვლევა: ჰაერის დაბინძურება ფილტვების გარდა მენტალურ ჯანმრთელობასაც ვნებს 2023, 17 თებერვალი, 17:27 ორი უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც JAMA-ს ქსელის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა, დაბინძურებული ჰაერით გაჯერებულ გარემოში ხანგრძლივად ყოფნა ზრდის დეპრესიის რისკს. როგორც ირკვევა, სახიფათოა თუნდაც ძალიან მცირედით დაბინძურებული ჰაერით აღსავსე გარემოში დიდხანს ყოფნა. მსგავსი გარემო დეპრესიას და შფოთვით აშლილობებს იწვევს. აქვე შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთქმულისა, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების რიგ პათოლოგიებსაც იწვევს. კვლევა ჰარვარდის და ემორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევის ფარგლებში 9 მილიონამდე 64 წელზე უფრო ხანდაზმული ამერიკელის ჯანმრთელობის მონაცემები იქნა შესწავლილი. “მედიქეარის” ცნობების თანახმად (სწორედ ეს სახელმწიფო სისტემა უზრუნველყოფს აშშ-ში ხანდაზმული ადამიანების დაზღვევას) 2005-დან 2016 წლამდე პერიოდში 9 მილიონი ამერიკელიდან 1, 52 მილიონს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა რუკაზე დაიტანეს დიფერენცირებული მონაცემები გარემოს დაბინძურების მიხედვით და შეადარეს ისინი “მედიქეარის” სისტემაში ჩართული პაციენტების ჯანდაცვის მონაცემებს. მტვერი, კვამლი, გამონაბოლქვი, აზოტის დიოქსიდი და ოზონი ის მავნე ნივთიერებებია, რომლებსაც ძირითადად ავტომანქანების და ქარხნების გამონაბოლქვი შეიცავს და რაც განსაკუთრებით სახიფათოა მენტალური ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთი ანალოგიური კვლევის თანახმად, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში ჩატარდა, მეცნიერებმა ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების და შიშების და დეპრესიების წარმოშობის კავშირი ასევე ეფექტურად დაადგინეს. ისინი 390 ათასამდე ადამიანის მონაცემებს 11 წლის მანძილზე სწავლობდნენ. მათი კვლევების შედეგების მიხედვით ჰაერის თვით ნორმაზე დაბალმა დაბინძურებამაც კი გაზარდა დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების რისკი. აღნიშნული კვლევის შედეგები განსაკუთრებით საყურადღებო ალბათ ქართველებისთვის უნდა იყოს, რადგან ჩვენი დედაქალაქი თბილისი ევროპაში მე-3 ადგილს იკავებს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ალბათ ახლა უფრო იოლი გასაგებია, თუ რატომ ტანჯავს ჩვენს ირგვლივ ამდენ ადამიანს დეპრესია და იმ ქვეყანაში, სადაც წელიწადში მინიმუმ 300 დღე მზიანია, რატომ ცხოვრობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ხალხი. 51 შეფასება არ არის
|