სიახლეები "კორონავირუსის ვაქცინა შექმნილია" – აცხადებს ტეხასში მდებარე გენეტიკური მასალების საწარმო 2020, 5 მარტი, 13:04 ჰიუსტონში (ტეხასის შტატი, აშშ) მდებარე გენეტიკური მასალების საწარმოს წარმომადგენელმა განუცხადა “Houston Business Journal”-ს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მათმა ფირმამ უკვე დაასრულა და პრეპარატი ცხოველებზე გამოსაცდელად და ამერიკული ოფიციალური სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი შემოწმებისთვის მზად არის. დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სამეცნიერო და კვლევითი ცენტრი ცდილობს, შექმნას ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ამასწინათ ბრიტანელმა მეცნიერებმაც განაცხადეს, რომ ცდები ვაქცინის შესაქმნელად დასრულებული აქვთ, ხოლო ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თქვეს, რომ გაარკვიეს ის ბიოლოგიური კავშირები და ურთიერთქმედებები, რაც მათ ვაქცინის შექმნაში დახმარებას გაუწევს.
ვაქცინა ძალიან ეფექტური საშუალებაა ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად და მას განსაკუთრებით აქტიურად ურჩევენ მედიკოსები სუსტი იმუნიტეტის და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს დაავადების პრევენციის და შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით. ვაქცინის პრეპარატი შეიცავს დასუსტებულ ან არააქტიურ ვირუსს, რომლის სხეულში მოხვედრა იმუნურ სისტემას დაავადების წინააღმდეგ სპეციალური ანტიგენების გამომუშავებაში ეხმარება, რათა “ნამდვილ” დაავადებას შემდგომში უფრო იოლად გაუმკლავდეს.
ტეხასში მდებარე გენეტიკური მასალების საწარმოს თანამშრომლებმა საკუთარი ვაქცინა ადენოვირუსის სტრუქტურის ბაზაზე “ააგეს”. ადენოვირუსები გაციების 2-დან 5 %-მდე შემთხვევებში გვხვდება და ისინი სასუნთქ გზებს კორონავირუსის მსგავსად აზიანებენ. კორონავირუსის ვაქცინის შექმნა მხოლოდ პირველი საფეხურია საიმისოდ, რათა საპრევენციო საშუალება ჯანდაცვის ქსელში ჩაეშვას, რასაც, როგორც წესი ცდები, ანალიზები და მინიმუმ 18 თვიდან 2 წლამდე ვადა სჭირდება. 680 1-ს მოსწონს
|