საბუნებისმეტყველო კვლევამ ცხადყო, რომ გარდაცვლილი ადამიანის სხეული სიკვდილიდან 17 თვის მანძილზე მოძრაობს 2023, 9 თებერვალი, 20:28 ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გარდაცვლილი ადამიანის სხეული 17 თვის მანძილზე მოძრაობს.
მკვლევარებმა ამის გასარკვევად ფოტოგადაღების ტექნიკა გამოიყენეს. ისინი ყოველდღიურად 30-წუთიანი ინტერვალებით უღებდნენ ფოტოს სპეციალურად საამისოდ შერჩეულ მიცვალებულს. მკვლევარი ელისონ უილსონი საკუთარი აღმოჩენით თავადვე შოკირებული დარჩა. სააგენტო “ფრანს პრესთან” მან საკუთარი გასაოცარი აღმოჩენის დეტალები გაამხილა. “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ხელი მნიშვნელოვნად მოძრაობდა. ხელები, რომლებიც მიცვალებულს სხეულზე ჰქონდა მიკრული, ჩვენ მოგვიანებით მოშორებით აღმოვაჩინეთ, ” - განაცხადა უილსონმა. მკვლევარები თავდაპირველად მოელოდნენ გარკვეულ მოძრაობას ხრწნის დაწყების პირველ სტადიაზე, თუმცა უილსონიც და მისი გუნდის წევრებიც შოკირებულები დარჩნენ მუდმივი მოძრაობით. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოძრაობა დაკავშირებულია ხრწნის პროცესთან, როცა სხეული მუმიფიცირებას განიცდის და დამაკავშირებელი ქსოვილების უმეტესობა შრება, ” - თქვა მეცნიერმა. კვლევის ობიექტად ერთ-ერთი გვამი იქცა, რომელიც ეგრეთ წოდებულ “სხეულთა ფერმაში” ინახებოდა, რომელიც სიდნეის გარეუბანში მდებარეობს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ გარდაცვალების შემდგომ მოძრაობათა ხასიათი და სისწრაფე მათ დაეხმარება, უკეთ შეაფასონ ადამიანის გარდაცვალების თარიღი, რაც საგამოძიებო ორგანოებისთვის ფასდაუდებელ მასალად შეიძლება იქცეს იდუმალებით მოსილ დანაშაულებათა გასახსნელად. ასეა თუ ისე, ეს აღმოჩენა გვეხმარება, რათა უკეთ გავიაზროთ მთელი პროცესი, თუ რა დაემართება ჩვენს სხეულებს მას შემდეგ, რაც გარდავიცვლებით. 743 1-ს მოსწონს
|