x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ამერიკელმა მეცნიერებმა კიბოს წამალს მიაგნეს?
ეს ინფორმაცია მეტისმეტად იმედისმომცემად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა საკუთარ კლინიკურ კვლევაში ყველა პაციენტი წარმატებით განკურნეს. მათ ეს მოახერხეს ახალი თაობის პრეპარატის, დოსტარლიმაბის დახმარებით.


“სიხარულის ცრემლები მდის, ” - ამ სიტყვებით აღწერა “ნიუ იორკ თაიმსთან” ინტერვიუში საკუთარი წარმატება ონკოლოგმა ანდრეა ცერცეკმა. მან თავის კოლეგებთან ერთად შეძლო 12-დან თორმეტივე ონკოპაციენტის სხეულში კიბოს ყოველგვარი კვალის გაქრობა.


თორმეტივე პაციენტს სწორი ნაწლავის კიბოს რთული ფორმა ჰქონდა და პროფესორ ცერცეკის მიერ დანიშნული მედიკამენტის გარეშე განკურნებისთვის უმძიმესი პროცედურების გავლა დასჭირდებოდათ, მათ შორის ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და სხვადასხვა რთული ქირურგიული ოპერაციები.


“ვფიქრობ, ეს პირველად ხდება კიბოს ისტორიაში, ” - განაცხადა ექსპერტმა ლუის დიასმა მონაცემების შესახებ, რომლებიც “ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში” გამოქვეყნდა.



მედიკამენტი დოსტარლიმაბი, რომელსაც მსგავსი ფანტასტიკური შედეგი აღმოაჩნდა, მონოკლონური ანტისხეულია. ის “ჯემპერლის” სახელწოდებით უკვე გამოიყენება იმ ქალ პაციენტებში, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის რთული ფორმა აქვთ დადგენილი, რის წინააღმდეგაც ქიმიოთერაპია უძლურია. როგორც “ნიუ იორკ თაიმსის” სამედიცინო მიმომხილველი განმარტავს, მედიკამენტს უნარი შესწევს, კიბოს უჯრედები აღმოაჩინოს და იმუნურ სისტემას მიეხმაროს მათ განადგურებაში.


დოსტარლიმაბი პაციენტთა 20 %-ში უკუჩვენებებს იწვევს. აქედან 3-5 % შემთხვევებში ეს უკუჩვენებები მძიმეა. საყოველთაოდ გავრცელებულ უკუჩვენებებს შორისაა ანემია, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, კიდურების ტკივილი, ქრონიკული ქავილი, გამონაყარი კანზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და სიცხე. საოცარია, მაგრამ ცდაში მონაწილე 12-ვე პირიდან უკუჩვენებები არცერთს არ დაუფიქსირდა. როგორც “ნიუ იორკ თაიმსის” ექსპერტები აცხადებენ, ეს აიხსნება ან მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით, ან კიდევ იმით, რომ სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში პრეპარატს უკუჩვენებები არ გააჩნია.


მართალია, მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 12 პაციენტიდან თორმეტივე განიკურნა და თანაც იმგვარად, რომ არცერთი პაციენტის სხეულში კიბოს კვალი აღარ ფიქსირდება, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნისგან სრულ განკურნებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ჩვენ არ ვიცით, კიბო ხელმეორედ დაბრუნდება თუ არა. საჭიროა კიბოსგან განკურნებიდან 5 წელიწადი გავიდეს, რათა სრულ რემისიაზე საუბარი შევძლოთ. არადა, ცდაში მონაწილე პაციენტების შემთხვევაში ამდენი დრო გასული არ არის. ჯერჯერობით გასულია მხოლოდ 6-დან 25 თვემდე პერიოდი. იგივეს ამბობს ექსპერტი ქიმი ენჯი, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მოღვაწეობს, თუმცა ის კვლევის შედეგებს ასევე უწოდებს “უპრეცედენტოს” და “შესანიშნავს.”


აქამდე იმუნოთერაპიას ეფექტი კი კარგი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ პაციენტების მცირე (დაახლოებით 20-35 %) ჯგუფის ფარგლებში. ონკოპაციენტების ორგანიზმებს იმუნოთერაპიასთან მიმართებით ხშირად არანაირი რეაგირება არ გააჩნიათ. მართლაც უპრეცედენტოა, რომ პაციენტების 100 % განიკურნა იმუნოთერაპიის შედეგად. მსგავსი ფაქტი უმაგალითოა.


საბოლოო ჯამში, სხვადასხვაგვარი იმუნოთერაპია ძალიან ეფექტურია კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა მის ფართოდ დანერგვას პრეპარატების გასაოცარი სიძვირე უშლის ხელს. მაგალითად, ერთი დოზა დოსტარლიმაბის ფასი 6800 დოლარს აჭარბებს. პაციენტს სრული განკურნებისთვის საშუალოდ რამდენიმე ათეული დოზა სჭირდება, რაც წარმოუდგენლად აძვირებს მედიკამენტის ღირებულებას. მაგრამ როცა საქმე ადამიანის სიკვდილს და სიცოცხლეს ეხება, დამეთანხმებით, ფინანსები სრულიად უმნიშვნელოდ მოჩანს.


კიბო


0
349
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0