x
image
თორ ნიკე
ჰომო გეორგიკუსი - ქართველი ადამიანი
ჰომო გეორგიკუსი - ქართველი ადამიანი


ჰომო გეორგიკუსი / ქართველი ადამიანი / ჰომო ერექტუს გეორგიკუსი / ჰომო ერექტუსი / ქართველი ამართული ადამიანი / დმანისელი ჰომინინები (Homo georgicus / Homo erectus georgicus / Homo erectus / Dmanisi hominins) ევრაზიაში, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში 1991 წელს ლეო გაბუნიამ და აბესალომ ვეკუამ აღმოაჩინეს. 1991 წლიდან დაწყებული საქმე და ამ ადგილის კვლევა განაგრძო დავით ლორთქიფანიძემ და მისმა გუნდმა, რომელთაც აღადგინეს აღმოჩენილი თავის ქალები, კბილები, პოსტკრანიალური ნაშთები. ნაწილობრივი ჩონჩხი, რომელიც აღმოაჩინეს 2001 წელს ითვლება, რომ უფრო პრიმიტიულია, ვიდრე დღემდე აღმოჩენილ ერექტუსთა სხვა ნიმუშები, აქედან გამომდინარე მათზე უფრო არქაული, ასე რომ როგორც ჩანს საქმე გვაქვს ერექტუსების წინაპარ სახეობასთან. გაჩნდა მოსაზრება, რომ ევრაზიაში აფრიკიდან პირველად გავრცელდა ჰომო ჰაბილისი და არა ჰომო ერგასტერი. ევრაზიაში გადმოსული ჰაბილისი კი ჩამოყალიბდა შუალედურ ფორმად. შემდგომ პერიოდში მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ეს უფრო ერექტუსის პირველადი, პრიმიტიული ფორმაა და არა ჰაბილისი. მეცნიერთა ნაწილის მიერ ის მიკუთვნებულია ჰომო ერგასტერს. ახალმა აღმოჩენებმა კი 2002 წელს სამეცნიერო წრეებში წარმოშვა ვარაუდი, რომ ისინი მიეკუთვნება ახალ სახეობას - Homo georgicus (ქართველი ადამიანი). საბოლოო ჯამში ჰომო გეორგიკუსი არის ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს შორის გარდამავალი სახეობა - უდიდესი ალბათობით ჰომო ერგასტერის ევრაზიული ქვესახეობა. აღნიშნული აღმოჩენები თარიღდება 1.85 - 1.77 მილიონი წლის წინანდელი პერიოდით. ხუთივე თავის ქალა აღმოჩენილი იქნა ბაზალტის და ვულკანურ მასაში და ამიტომ იყო საუკეთესოდ შემონახული. ასევე აღმოჩენილია 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები.


ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus


ეს არის ევრაზიაში ადამიანების არსებობის დამადასტურებელი ყველაზე ადრეული ნამარხები. პირველყოფილ ადამიანთა საუკეთესოდ შემონახული ხუთი თავის ქალა წარმოადგენს ჰომო გეორგიკუსის ინდივიდუალური ასაკობრივი განვითარების სრულ სპექტრს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ევოლუციური განვითარების კვლევისთვის. ეს თავის ქალები გამოირჩევა განსხვავებული მორფოლოგიური მახასიათებლებით.



ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus

ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicusჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus


დმანისის პირველი თავის ქალა (Dmanisi skull 1 - D2280) აღმოჩენილია 1999 წელს. არის 775 კუბური სანტიმეტრის ტვინის ზომით და ჰომო ერგასტერის ნიმუშების - KNM-WT 15000 -ის და KNM-ER 3733 -ის მსგავსი მახასიათებლებით; ის ეკუთვნის ზრდასრულ ინდივიდს და მიჩნეულია მამაკაცად მისი სქელი ძვლის სტრუქტურისდა სხვა მეორადი ნიშნების გამო.

დმანისის პირველი თავის ქალა (Dmanisi skull 1 - D2280)


დმანისის მეორე თავის ქალა (Dmanisi skull 2 - D2282) აღმოჩენილია 1999 წელს. ტვინის ზომით არის 650 სმ3 და ზემოთ ნახსენები ერგასტერების ნიმუშების მსგავსი მახასიათებლებით. ის ეკუთვნოდა მოზარდ გოგონას.

დმანისის მეორე თავის ქალა (Dmanisi skull 2 - D2282)


დმანისის მესამე თავის ქალა (Dmanisi skull 3 - D2700) აღმოჩენილია 2001 წელს. ტვინის ზომით არის 600 კუბური სანტიმეტრი. ეკუთვნოდა ახალგაზრდა ინდივიდს, ჰქონდა ზოგადად მოხდენილი მორფოლოგია, მაგრამ ზედა ეშვებს დიდი გვირგვინები და მასიური ფესვები აღენიშნება. მისი სქესის დადგენა რთულდება, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ იყო მამრობითი სქესის.

დმანისის მესამე თავის ქალა (Dmanisi skull 3 - D2700)


დმანისის მეოთხე თავის ქალა (Dmanisi skull 4 - D3444) აღმოჩენილია 2002 წელს. ტვინის ზომით არის 625 კუბური სანტიმეტრი. შედარებით ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა დაკარგული ყველა კბილი, ერთის გარდა.

დმანისის მეოთხე თავის ქალა (Dmanisi skull 4 - D3444)


დმანისის მეხუთე თავის ქალა (Dmanisi skull 5 - D4500) აღმოჩენილია 2005 წელს და ნაპოვნთა შორის ყველაზე პატარა ზომის თავის ტვინის მოცულობა აღენიშნება - მხოლოდ 546 კუბური სმ. ეს არის ზრდასრული ინდივიდი. ეს არის დედამიწაზე ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის პირველი ზრდასრული ადამიანის თავის ქალა, რომელიც სრულადაა შემონახული და ამავე დროს თარიღდება ადრეული პლეისტოცენით.

დმანისის მეხუთე თავის ქალა (Dmanisi skull 5 - D4500)


თანამედროვე მამაკაცების ტვინის ზომა საშუალოდ 1270 სმ3, ხოლო ქალების 1130 სმ3-ია. აქვე შედარებისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე შიმპანზეების და ორანგუტანების ტვინის საშუალო მოცულობა 400 კუბური სანტიმეტრია, ხოლო გორილების - 500 სმ3. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მამალი შიმპანზეები იწონიან 40-70 კგ-ს, დედალი შიმპანზეები კი 27-50 კგ-ს. ხოლო მამალი გორილები 136-227 კგ-ს, ხოლო დედალი გორილები 68-113 კილოგრამს. შესაბამისად მათი ტვინების ზომაც ამიტომაა განსხვავებული და შეიძლება ვთქვათ, რომ სხეულის მთელ წონასთან შეფარდებით, შიმპანზეებს უფრო დიდი ტვინის მოცულობა აქვთ, ვიდრე გორილებს.


ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus


ამგვარად, გეორგიკუსებს ჰქონდათ ავსტრალოპითეკის, ერგასტერის, ჰაბილისის და ერექტუსის მახასიათებლების ნაზავი. პატარა, მტკიცე თავის ქალა და ჰაბილისის მსგავსი პროგნატური, გამოშვერილი სახე. მათი ზედა კიდურები ავსტრალოპითეკის მსგავსი იყო, ხოლო ხერხემალი და ქვედა კიდურები - თანამედროვე ადამიანების მსგავსი. მათი მოლარები დიდი იყო. ისინი უმეტესად იკვებებოდნენ რთულად დასაღეჭი, ბოჭკოვანი მცენარეული საკვებით და ასევე ნადირობნენ სხვადასხვა ცხოველზე, რომელიც სამხრეთ საქართველოს მაშინდელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ეს ტერიტორიები მაშინ წყალუხვი და სანადიროდ ხელსაყრელი გახლდათ. გეორგიკუსების ეშვები გასაოცრად გრძელი იყო. სიმაღლით ისინი დაახლოებით 1, 5 - 1, 6 მეტრი იზრდებოდნენ. დაახლოებით იწონიდნენ 50-60 კილოგრამს და ძალიან გამართულად და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ 2 ფეხზე ისე, როგორც თანამედროვე ადამიანები.


ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus


შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფრიკიდან ევრაზიაში ხალხის მიგრაცია დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, დაახლოებით 1.8 ან შესაძლოა 2 მილიონი წლის წინაც კი - და ეს პირველად ჰომო გეორგიკუსმა, ჰომო ჰაბილისთან ახლოს მდგომმა ადამიანმა გააკეთა. თუ ჰომო გეორგიკუსი ნამდვილად აფრიკიდან გავრცელდა ევრაზიაში და ის კავკასიაში არ ჩამოყალიბებულა, მაშინ ის აზრი, რომ მიგრაციამ იმოქმედა ადრეული ადამიანების ჩონჩხის განვითარებაზე, აღარაა ძალაში. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ჰომო გეორგიკუსს თავის ტვინის მცირე მოცულობის მიუხედავად, უკვე შეეძლო მიგრაცია ახალ გარემოში და მასთან შეგუება, მაგრამ ამისდა მიუხედავად, არსებობს მეორე დამაფიქრებელი მოსაზრება - გეორგიკუსებს არ ჰქონდათ დახვეწილი სანადირო იარაღი და ინსტრუმენტები საცხოვრებლად, არც მიგრაციისთვის საჭირო შესაბამისად მაღალი ინტელექტი რომ აფრიკიდან კავკასიამდე ამდენად დიდი ტერიტორია გადაელახათ, ეს დიდად საეჭვოს ხდის აფრიკიდან მათ მიგრაციას და აჩენს ჰიპოთეზას, რომ შესაძლოა ისინი კავკასიის ენდემური სახეობა არიან და ადგილობრივად ჩამოყალიბდნენ კავკასიაში გავრცელებული უფრო ადრეული სახეობიდან.


ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus


ამაზე პასუხი მხოლოდ მომავალ აღმოჩენებს და სამხრეთ საქართველოს არქეოლოგიურად უკეთესად შესწავლას შეუძლია გასცეს. დღესდღეობით კი მეცნიერთა დიდი ნაწილი მაინც აფრიკიდან მიგრაციას ემხრობა და ფიქრობენ, რომ ჰომო გეორგიკუსის წინაპრების ევოლუცია უნდა დაწყებულიყო დაახლოებით 2 მილიონზე მეტი წლის წინ, როდესაც ისინი აფრიკიდან კავკასიისკენ გამოემართნენ. 2 მილიონ წელზე უფრო ადრეული პერიოდი ივარაუდება ჩინეთში, შენგჩენში აღმოჩენილი ქვის იარაღების გამო, რომელიც დათარიღებულია 2.1 მილიონი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ აფრიკიდან წამოსულ ადამიანებს არათუ კავკასიამდე, არამედ ჩინეთამდეც კი უკვე მიღწეული ჰქონდათ 2.1 მილიონი წლის წინ. აღსანიშნავია ისიც, რომ დმანისში ნაპოვნი ქვის იარაღები (აღმოჩენილია 10 ათასზე მეტი ნიმუში) აფრიკაში ნაპოვნი ქვის უძველესი იარაღების იდენტურია და მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომინიდებს.


ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus


იმ დროს, როცა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე ჰომო გეორგიკუსი ცხოვრობდა, ლანდშაფტი წარმოდგენილი იყო, როგორც ტყისა და სტეპების ნარევი. ამ ადგილებზე არქეოლოგების მიერ იქნა ნაპოვნი უამრავი ოლდოვანის ტიპის ქვის იარაღი და დებიტაჟი (ქვის პატარა ნატეხები, რომელიც ქვის ხელსაწყოების წარმოების ქვე-პროდუქტია), ასევე ფაუნის მრავალი ნაშთი. გეორგიკუსების ავსტრალოპითეკის მსგავსი ზედა კიდურების (ხელების) მორფოლოგიიდან და მათ გარშემო მობინადრე საშიში მტაცებლების გამო, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი შესაძლოა იკვებებოდნენ და ეძინათ ხეებზე (de Lumley et al. 2005).

სამხრეთ კავკასიაში ჰომო გეორგიკუსების ცხოვრების პერიოდში გავრცელებული იყო ისეთი ცხოველები, როგორიცაა სპილო, მარტორქა, ჟირაფი, ხმალკბილა ვეფხვი, გიგანტური სირაქლემა და სხვ.


ჰომო გეორგიკუსი - Homo georgicus


ძალიან საინტერესოა ხანდაზმული უკბილო მამაკაცის ნაშთი, რომელიც 2001 წელს აღმოაჩინეს და დათარიღდა 1.77 მილიონი წლით. მისი კვლევა აჩვენებს, რომ კბილები მან დაკარგა სიკვდილამდე რამდენიმე (დაახლოებით 2 ან 3) წლით ადრე, ვინაიდან მისი ალვეოლარული წამონაზარდი იყო რეზორბირებული, განლეული. ეს აჩვენებს რომ მან საკმაოდ დიდხანს იცოცხლა მას შემდეგ, რაც კბილების დაკარგვა დაიწყო (de Lumley and Lordkipanidze 2006). მას სავარაუდოდ სჭირდებოდა ზრუნვა მას შემდეგ რაც მიაღწია 40 წელს - იმ დროისთვის საკმაოდ დიდ ასაკს და მისი ოჯახის თუ ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ გადარჩენაში, უვლიდნენ მას. ეს არის ყველაზე ადრეული ცნობილი მტკიცებულება ნათესაობის გამოვლენისა და ორმხრივი ალტრუიზმის შესახებ კაცობრიობის ისტორიაში. ნათესაური კავშირების დამყარება გულისხმობს საკუთარი ძალისხმევის გაღებას, საკუთარი თავის ხარჯვას ახლობლების სარგებლობისთვის. ასეთი ქცევა კი საერთოდ ზრდის სახეობის გადარჩენის და წარმატების შანსებს. ასევე ადრეული ქვის ხანიდანვე ადამიანებს ახასიათებდათ რომ ეხმარებოდნენ არანათესავებსაც, ეს უმეტესად სამაგიეროს გადახდის ფორმა იყო რაიმე სიტუაციაში დახმარების გაწევისთვის. ასეთი კოოპერატიული, ურთიერთდახმარების სოციალური თვისებების მქონე ინდივიდები უფრო უკეთ ადაპტირდებოდნენ და გადარჩებოდნენ ხოლმე, აქედან გამომდინარე უკეთ მრავლდებოდნენ და ამგვარი ბუნებრივი გადარჩევის გზით, ადამიანი უფრო და უფრო კოოპერატიულ სახეობად ყალიბდებოდა.


Homo Georgicus Facial Reconstruction - by Philippe Froesch


წყარო 1: Homo ergaster - The Australian Museum;

წყარო 2: Homo georgicus - The History of our tribe - Hominini;

წყარო 3: Homo georgicus - ვიკიპედია;

წყარო 4: Dmanisi hominins - Wikipedia;



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
955
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
955
  
2022, 26 აპრილი, 12:35
▶ ჰომო გეორგიკუსი / ქართველი ადამიანი / ჰომო ერექტუს გეორგიკუსი (Homo georgicus) - ეს სახეობა არსებობდა** **1.85 მილიონი წლიდან. აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში, დმანისში. გავრცელებული იყო ევრაზიის კონტინენტზე. ტვინის ზომა საშუალოდ იყო 546-დან 775 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 150-160 სმ-მდე და იწონიდნენ 50-60 კილოგრამს. სავარაუდოდ მათგან ჩამოყალიბდა ყველა არააფრიკელი ადამიანის სახეობა და ქვესახეობა. ახასიათებდა ჰომო ჰაბილისს/რუდოლფელს, ჰომო ერექტუსს/ერგასტერს და ავსტრალოპითეკს შორის გარდამავალი თვისებები.
2022, 19 აპრილი, 18:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2