ბიოგრაფია "ვლადიმერსკი ცენტრალის" ავტორს 60 წელი შეუსრულდებოდა 2022, 7 აპრილი, 10:35
დღეს, 7 აპრილს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა რუსული შანსონის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს, თავად თაყვანისმცემლების აზრით "საბჭოთა(რუსული) შანსონის მეფეს" ბარდ მიხეილ კრუგს.
მიხეილ კრუგი(ნამდვილი გვარი ვორობიოვი) არის უკვე შანსონის ჰიმნად ქცეული ცნობილი "ვლადიმერსკი ცენტრალის" ავტორი, რომელიც საქართველოშიც ძალზე პოპულარულია და რესტორენებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა იყო. მიხეილ ვორობიოვი დაიბადა ქალაქ კალინინში (ახლანდელი ტვერი) ბიჭი 6 წლის იყო, როდესაც მან პირველად მოისმინა ვლადიმერ ვისოცკის სიმღერები. მომავალმა ბარდმა 11 წლის ასაკში ისწავლა გიტარაზე დაკვრა, მისი კერპის მოსმენის შემდეგ, მან უკვე მტკიცედ გადაწყვიტა ვინ იქნებოდა მომავალში. მოზარდმა მიხეილმა დაიწყო ლექსების წერა. ერთხელ მან სკოლაში იმღერა მისი კუმირის, ვისოცკის სიმღერა, რის გამოც ატყდა სკანდალი(შენიშვნა:რაღაც პერიოდი ვისოცკი აკრძალულ მომღერალთა სიაში იყო) სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავიდა, მსახურობდა უკრაინაში, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა მძღოლად, რძის პროდუქტებით ამარაგებდა ქალაქს 10 წლის განმავლობაში (1983 წლიდან 1993 წლამდე). 1987 წელს ვორობიოვი დაინიშნა ავტოკოლონის უფროსად და გააგზავნეს სასწავლებლად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თუმცა კაბინეტური მუშაობა მას არ მოეწონა, ისევ მძღოლად დაიწყო მუშაობა და ინსტიტუტიც მიატოვა. 1987 წელს, როდესაც ინსტიტუტში ჩაირიცხა, შეიტყო, რომ საავტორო სიმღერის კონკურსი იმართებოდა, მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით „ავღანეთის შესახებ“. ამის შემდეგ მან სიმღერების წერა დაიწყო. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბარდმა ევგენი კლიაჩკინმა, რომელიც საავტორო სიმღერის მე-8 ფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე იყო. სწორედ მან უთხრა ვორობიოვს: „მიშა, შენ უნდა იმუშაო...“. ამის შემდეგ მიხეილმა აირჩია ფსევდონიმი მიხეილ კრუგი. ასე იწყება მიხეილ კრუგის მუსიკალური კარიერა;პირველი სადებიუტო ალბომი «Тверские улицы» გამოდის 1989 წელს, მას შემდეგ მიხეილ კრუგმა კიდევ რამდენიმე ალბომი ჩაწერა, გარდამტეხი გამოდგა 1994 წლის ჩანაწერი "Жиган-Лимон», რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ რუსული შანსონის ისტორიაში, ალბომში იყო როგორც "ბლატნოი", ასევე ლირიკული და სატირული ხასიათის სიმღერები. 1995 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი "ბარდი მიხაილ კრუგი", რომელიც აჩვენეს არხ "კულტურაზე" 1999 წელს . 1996 წელს გამოდის მისი პირველი ვიდეოკლიპი „ეს იყო გუშინ" 1998 წლის 27 მარტს სასტუმრო "კოსმოსში" კრუგს გადაეცა პრემია "ოვაცია"ნომინაციაში "რუსული შანსონი". 1999 წლის ნოემბერში მან დაამარცხა სერგეი ტროფიმოვი მუსიკალურ რინგში. 1999 წლის იანვარში მან მეორე ადგილი დაიკავა რუსული შანსონის კონკურსში. 1999 წლის აპრილში ის კვლავ იყო ნომინირებული "Ovation Award"-ზე. მიხეილ კრუგი მოკლეს საკუთარ სახლში 2002 წლის 1 ივლისს, ქალაქ ტვერში. იმ მომენტისთვის კრუგის ფეშენებლურ სახლში იმყოფებოდა ცოლი, შვილები, სიდედრი და თავად მომღერალი.ორი მძარცველი გვიან ღამით შეიპარა მესამე სართულზე, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ კრუგის სიდედრს, ხმაურზე გამოვიდა თავად კრუგი და მისი მეუღლე, რა დროსაც მძარცველებმა გახსნეს ცეცხლი და სასიკვდილოდ დაჭრეს მომღერალი. მიხეილ კრუგი, რომელსაც განსაკუთრებით პატივს სცემდნენ კრიმინალურ სამყაროში, 40 წლის იყო. მიხეილ კრუგი მკვლელების ვინაობა მხოლოდ 2019 წელს დადგინდა, იგი აღმოჩნდა კრიმინალური დაჯგუფების "ტვერელი მგლების"(Тверские волки) ბანდის წევრი დიმიტრი ვესელევი. ვესელევის განცხადებით, მომღერლის მკვლელობა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, იგივე დაადასტურა ძარცვის მეორე მონაწილემ ალექსანდრე აგეევმა.გეგმა ასეთი იყო:მათ უნდა გაეტაცათ ძვირფასეულობა და ანტიკვარიატი, რის შემდეგაც შეწუხებული მიხეილ კრუგი "ტვერელი მგლების"ბანდის მეთაურს, კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად "ლომს" (Лом)მიაკითხავდა(ნამდვილი სახელი ალექსანდრე კოსტენკო)დახმარებისთვის, "ლომიც" "დაფაცურდებოდა", "იპოვიდა" მძარცველებს და "დიდსულოვნად" დაუბრუნებდა ნაძარცვს, სამაგიეროდ "მფარველობისთვის"მომღერალს წილს მოთხოვდა ჰონორარიდან. "ტვერელი მგლების" ბანდა დათარეშობდა 2002-2006 წლებში ქალაქ ტვერში და ტვერის ოლქში, მთლიანად მათ ჩაიდინეს 14 მკვლელობა, მათი ძირითადი მსხვერპლი იყო კომერსანტები და მეწარმეები. ბანდის მეთაურებს ალექსანდრე ოსიპოვს, ალექსანდრე აგეევს და დიმიტრი ბასკაკოვს 2009 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. მიხეილ კრუგმა თაყვანისმცემლებს დაუტოვა ისეთი სიმღერები, როგორიცაა "Владимирский централ", "Золотые купола", "Кольщик", приходите в мой дом", "Тебе, моя последняя любовь" და სხვა. 372 2-ს მოსწონს
|