x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„შესაძლოა, ომიკრონი პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს!.. ის „დელტაზე“ მსუბუქია“

image

"შეიძლება ითქვას, რომ „ომიკრონი“ არის გაცილებით მსუბუქი ვარიანტი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი", – ეს განცხადება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში გააკეთა.

„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – დღეისთვის „ომიკრონი“ არის გავრცელებული 66 ქვეყანაში. პრაქტიკულად ყოველდღე ახალი ქვეყანა ემატება ამ ჩამონათვალს, მაგრამ მხოლოდ 3 ქვეყანაშია 100 შემთხვევაზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული. ეს არის სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი და დანია, მაგრამ, ერთადერთი მონაცემი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს, ეს არის სამხრეთ აფრიკის პირველი კვლევა, რომელიც ზოგადად შეეხო „ომიკრონს“ და აქ არის ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვიყენებთ.

აქ არის საუბარი, რომ „ომიკრონი“ არის გაცილებით მსუბუქად მიმდინარე. კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, რომელიც გრძელდება 1-2 დღის განმავლობაში.

არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა და ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოხვედრა. ჯერჯერობით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. შეიძლება ითქვას, რომ „ომიკრონი“ არის გაცილებით მსუბუქი ვარიანტი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ქვეყნის მონაცემები“, – განაცხადა ჩხაიძემ.


ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით კი თუ ადამიანებმა ერთხელ უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია.

"აგრესიულად ვრცელდება იქ, სადაც ვაქცინის მოცვა დაბალია, „ომიკრონს“ დეკემბრის ბოლოდან ველოდებით.

„ომიკრონმა“ ყველაზე დიდი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ 50-მდე მუტაცია იქნა ნანახი, რაც აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლებელია, ვირუსმა იმდენად იცვალოს ბუნება, რომ ის უფრო ადვილად გავრცელებადი გახდეს ან შეიძინოს უფრო აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველად კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ომიკრონს“ აქვს უნარი დაუსხლტეს იმუნიტეტს, როგორც კორონავირუსის გადატანის შემდგომ ჩამოყალიბებულს, ასევე, ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნიტეტს.

„პირველადმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ „ომიკრონს“ რეინფიცირების უფრო მაღალი უნარი აქვს ანუ თუ ადამიანები ერთხელ უკვე გადაიტანენ კორონავირუსულ ინფექციას, „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია, ვიდრე ეს იყო „დელტა“ შტამის დროს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მას აქვს უნარი დაუსხლტეს იმუნიტეტს, როგორც ვაქცინით, ასევე დაავადების გადატანით შეძენილს.

რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს სერიოზული ინფორმაცია, რადგან აფრიკის რეგიონის გარდა, სხვა კონტინენტებზე მისი გავრცელება ასეთი მაღალი არ არის. ჩვენ არ დავკვირვებულვართ პაციენტებს, რომ ვისაუბროთ იმაზე, „ომიკრონი“ უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ მსუბუქად. თუ სამხრეთ აფრიკელი ექიმების კვლევებს დავეყრდნობით, გვამცნობენ, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში.

მისივე განცხადებით, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ. ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგაც ეფექტური იქნება.

„ვიცით, „ფაიზერის“ ოფიციალური განცხადება, რომ თუ ადამიანს „ფაიზერის“ სამი დოზა აქვს გაკეთებული მაღალი ალბათობით, ის იცავს ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვაქცინები, რომლებიც ეფექტური იყო ჩინური შტამის ან დელტა შტამის მიმართ, „ომიკრონის“ მიმართ ნაკლებად ეფექტური იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა სრულიად უეფექტო იქნება.

ბევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დააანონსა, რომ მუშაობენ ახალი ვაქცინების შექმნაზე, რაც ასე ვთქვათ, უფრო მეტი ეფექტურობით დაიცავს ჩვენს მოსახლეობას ახალი შტამისგან“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

0
218
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0