x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თავმჯდომარეობიდან გადადგა, ამის შესახებ მან საზოგადოებას ფეისბუქის პოსტში ამცნო:
"მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.
იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.
თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება.
ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო.
ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული.
მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით.
განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.
დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!
p.s. მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას.
image
0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0