x
image
ნინო ხიმშიაშვილი
„უცხოელი აგენტების“ კანონი ქართულ საზოგადოებაზე ტოტალური ბატონობის შესაძლებლობაა - ვრცელდება საუნივერსიტეტო საზოგადოების პეტიცია


image


manifest.ge-ზე გუშინ გამოქვეყნდა საუნივრსიტეტო საზოგადოების პეტიცია, სადაც ნათქვამია ამ კანონის საშიშროებაზე, რომელიც გაანადგურებს, თავისუფალ, განათლებულ საზოგადოებას და ძალაუფლების მქონეებს მისცემს საქართველოს საზოგადოებაზე ტოტალური ბატონობის შესაძლებლობას. იმ სიკეთეეებს კი, რომელზეც დემოკრატიულ საზოგადოებაში თითოეული მოქალაქეს აქვს წვდომა, ამ კანონის მიღების შემდგეგ, მხოლოდ ძალაუფლების მიერ პრივილეგირებულები მიიღებენ.


პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ

აქ




პეტიცია:


საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს




ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევარები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.



მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს. ვფიქრობთ, რომ ამ ინსტრუმენტების თუნდაც ნაწილობრივ გამოყენება შეუქცევადად დააზიანებს იმ საზოგადოებრივი წესრიგის პერსპექტივას, რომლის შექმნის მიზანსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების დროიდან, ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით.



გვჯერა, რომ განათლება თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების საძირკველია, რომლის მიწოდებაშიც ჩვენ - უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის დაწესებულებები - ძირითადი მოქმედი პირები ვართ. ამ ფუნქციას ვასრულებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც შექმნილნი არიან გაერთიანებისა და სამეწარმეო თავისუფლებების საფუძველზე და შეადგენენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.



„უცხოელი აგენტების“ კანონი შეზღუდავს და სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს როგორც ჩვენს პარტნიორ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, ისე ჩვენ, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებებს.



საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არ გამოეთიშოს ცოდნის შექმნისა და გავრცელების გლობალურ პროცესებს, რომლებიც სწრაფმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ კიდევ უფრო დააჩქარა.



განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაცია ერთადერთი და უალტერნატივო საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს და დამატებით შეიქმნას მეტი ხარისხიანი განათლების მიმწოდებელი და ორიგინალური ცოდნის შემქმნელი აკადემიური ინსტიტუტები.



ბოლონიის პროცესთან მიერთებით, საქართველომ სწორედ ამ იმპერატივით იმოქმედა და გრძელვადიან მიზნად ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია დაისახა.



„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაუძლეველ ბარიერებს შეუქმნის ამგვარი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ამოქმედება გადაულახავ წინააღმდეგობებს გააჩენს არა მხოლოდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულად ჩართვის პროცესში, არამედ შეუძლებელს გახდის ამ მხრივ მიღწეულის შენარჩუნებასაც.



საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან პერსონალურ, პროფესიულ და ინსტიტუციურ კავშირებს ემუქრებათ გაწყვეტა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით გამოწვეული სტიგმის ძალით. კანონის მსუსხავი ეფექტი გამოიწვევს პერსონალის მასობრივ გადინებას უცხოეთში და მათ მოწყვეტას საქართველოს აკადემიური სფეროდან.



თუ დღეს ინსტიტუციურად შესაძლებელია, რომ ქართველმა სტუდენტმა, პროფესორმა და მკვლევარმა ბარიერების გარეშე მიიღოს მონაწილეობა განათლებისა და ცოდნის შექმნის ევროპულ და გლობალურ პროცესებში, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მოშლის ამ ინსტიტუციონალიზებულ შესაძლებლობებს და ამ სიკეთეებით მხოლოდ ძალაუფლების მიერ პრივილეგირებულები შეძლებენ სარგებლობას.



საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის ფაქტობრივი იზოლაცია მოკლავს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას, მოსპობს რა განათლებული და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდის ინსტიტუციურ საფუძვლებს.



ვითვალისწინებთ რა ამ საგანგაშო პერსპექტივებს, მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, რათა არ დაუშვას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მეშვეობით საქართველოს საზოგადოებაზე და მის ძირითად ინსტიტუტებზე თავდასხმა, საქართველოს საზოგადოებისთვის საძირკვლის მოშლა.




4
13
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
13
  
2023, 5 მარტი, 4:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ხიმშიაშვილი-ის კომენტარზე
2023, 4 მარტი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 მარტი, 22:12
და შენ ვინ ხარ, საკუთარ სახელს და გვარს რომ მალავ და სხვის ჯიბეში ფულის თვლას რომ ელოდები?
2023, 4 მარტი, 21:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4