ბიოგრაფია ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი,რომელიც თან ქართულ საქმეს აკეთებდა 2021, 28 ივნისი, 11:51 მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ემიგრაციაში დაიბადა და ქართულიც არ იცოდა, მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს აკეთებდა, მაგალითად საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში- 1994 წელს მან დააფუძნა „საქართველოს მეგობართა ფონდი“, რომელსაც აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის, პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე დანიშნა. საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ბედიანში, წალკის მინიციპალიტიეტში12 სახლი შეიძინეს, სადაც 120 მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთან ერთად აღმზრდელ-პედაგოგებიც ცხოვრობდნენ. ფონდი ეხმარება თბილისის ფერისცვალების მონასტერთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს, ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ კლინიკას, ტუბერკულოზით დაავადებულ გაჭირვებულ ბავშვებსა და მოხუცებს. კონსტანტინე ემიგრაციაში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე დაიბადა 1930 წლის 28 ივნისს, მამამისი იყო სვიმონ (სიკო) სიდამონ–ერისთავი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი, რომელიც 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლო დატოვა და ამერიკაში გადასახლდა, ხოლო დედა იყო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი ენ ბიგლოუ–ტრეისი. ფოტოზე: სვიმონ ერისთავი კონსტატინე მილბრუკის სკოლაში სწავლობდა. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს, დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან, ანა სიდამონ-ერისთავთან ერთად (რომელიც ასევე იურისტია) საკუთარი ბიურო გახსნა. იგი ბავშვობიდანვე ქართულ გარემოში იზრდებოდა და ამაში დიდი როლი მიუძღვის მამას-სვიმონს, მან ნიუ-იორკში გახსნა ქართული რესტორანი "კავკასიის არწივი", სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ქართველები, ხოლო ნიუ-იორკის მახლობლად კლოდ–სპინგში, იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელსა და სათვისტომოს თავმჯდომარე, პიანისტ ირაკლი ორბელიანთან ერთად მდინარე ჰუძონის პირას ქართველთა დასასვენებელი სახლი "ალავერდი", სადაც იყო აუზი და ბოსტანი.მოჰყავდათ წიწმატი, ტარხუნა და ქინძი.სვიმონ სიდამონ–ერისთავის გარდაცვალების შემდეგ (1964 წ.) დასასვენებლ სახლსა და "ალავერდის საზოგადოების" ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა კონსტანტინემ გადაიბარა, მდივნობა კი მისმა მეუღლემ. ქულაჯასა და ჩოხაში გამოწყობილი ყოველთვის ესწრებოდა სათვისტომოს ღონისძიებებს. კონსტანტინემ 1957 წელს იქორწინა ენ ფილიპსზე. მათ შეეძინათ სამი შვილი - სიმონი, ელისაბედი და ანდრია. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში, 40 წლის განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. 1965 წლიდნა იგი აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული.კონსტანტინე(კონი) ნიუ–იორკის მერის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლინდსმა საავტომობილო მიმოსვლის დარგში თანაშემწედ დანიშნა. ასე გახდა კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს უდიდესი ქალაქის, ნიუ–იორკის ვიცე–მერი. ამ თანამდებობაზე კარგა ხანს იმუშავა, სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა. კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი გარემოს დაცვის პრობლემებითაც აქტიურად იყო დაკავებული. ამ საქმეში 1974 წელს გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა ჩააბა. 1989 წლიდან 1993 წლამდე ნიუ–იორკის რეგიონის (მოიცავდა ნიუ–იორკს, ნიუ–ჯერსის, პუეტრო რიკოს და ვირჯინიის კუნძულებს) გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ზედამხედველობდა პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ინდუსტრიულ ნარჩენებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ოკეანის დაბინძურებას. შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ქართველებს იურიდიული კონსულტაციებითა თუ სამსახურში მოწყობით. 70-იან წლებში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილი ქართული არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სოლიდური თანხა გაიღო. 90-იან წლებში სიდამონ-ერისთავმა ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები" დააარსა. 1991 წელს, როცა ამერიკელმა ქართველებმა ზეიმით აღნიშნეს ქართული სათვისტომოს (ასოციაციის) დაარსების 70-ე წლისთავი. კონსტანტინე საქართველოს შვილებთან ერთად 1989 წელს ეწვია. მთელი საქართველო დაათვალიერეს, მოინახულეს წინაპრების სასახლე ანანურში და ამერიკაში არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ამის შემდეგ საქართველოს კიდევ ხუთჯერ ესტუმრა. ძირითადად იმ პროექტებს ამოწმებდა, რომელზეც ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" მუშაობდა. შვილებმა მამისგან მემკვიდრეობით პროფესია, ინტერესები, ბუნების და სპორტის სიყვარული მიიღეს. სიმონი ვაშინგტონში გარემოს დაცვის ადვოკატია, ენდრიუ – პოლიტიკოსია, განათლებით ასევე იურისტი, საჯარო მოხელეა და სამ წელზე მეტია ნიუ–ჯერსის შტატის ხაზინის მდივნის მოვალეობას ასრულებს, ელისაბედი მხატვარია. ის საქართველოში ხშირად აწყობს გამოფენებს და თან იელის უნივერსიტეტის ბიოკონსერვაციის საბჭოს წევრიცაა. საქართველოს სიყვარულით იზრდება კონსტანტინეს რვა შვილიშვილიც. ქართველთა და ამერიკელთა წინაშე ვალმოხდილი კაცი, ნიუ–იორკის ყოფილი ვიცე–მერი და გარემოს დამცველი კონსტანტინე (კონი)სიდამონ–ერისთავი 2012 წლის იანვარში ამერიკაში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰუმანიტარული ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები", დღეს კონის უფროსი ვაჟი სიმონ სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობს. 293 3-ს მოსწონს
|