სიახლეები კორონავირუსი: სად არის დაინფიცირების მაღალი რისკი და როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან ყველაზე ეფექტურად? 2021, 1 თებერვალი, 2:04 ახალი კორონავირუსის შესახებ უამრავი სტატია და სამეცნიერო ნარკვევი არსებობს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩინეთიდან გავრცელებულ ამ საშიშ მიკრობზე, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, ბევრი ჯერჯერობით არაფერი გაგვეგება, თუმცა რაც ვიცით, ისიც კი ნაკლებად არის ცნობილი მოსახლეობის ფართო მასებისთვის.
დიახ, ადამიანების უმეტესობამ SARS-CoV-2-ის შესახებ ბევრი არაფერი იცის. მაგალითად, ბევრმა არ იცის, სად უფრო იოლია ვირუსით დაინფიცირება - ქუჩაში, ავტობუსების გაჩერებაზე, სატრენაჟორო დარბაზში, კინოთეატრში თუ სულაც, ოპერაში. რომელი წერტილებია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო? ეპიდემიოლოგების თქმით, შანსი იმისა, რომ ქუჩაში კორონავირუსით დავინფიცირდეთ, არსებობს, თუმცა ის მაღალი არ არის. ულტრაიისფერი განათება კლავს კორონავირუსს, ხოლო ღია სივრცე ხელს უშლის ვირუსის კონცენტრაციას. თუმცა თუ დაინფიცირებულ პაციენტთან ახლოს დადგებით, 15 წუთი კმარა, რათა თქვენც დაინფიცირდეთ. ამაზე უახლეს კვლევაშია საუბარი. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში იმყოფებით თუ დახურულ შენობაში, ხარისხიანი პირბადე (FFP3 და KN95 ფილტრით) და 2-მეტრიანი დისტანცია ყოველთვის ერთადერთი გამოსავალია. მაგრამ თუ ქუჩაში ვინმემ გვერდით ჩაგიარათ და მასთან რამდენიმე წამის მანძილზე გქონდათ კონტაქტი, ძალიან დაბალია იმის რისკი, რომ თქვენს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ვირუსი მოხვდება. იმისათვის, რათა ასეთ შემთხვევაში დაინფიცირდეთ, გამვლელმა პირდაპირ უნდა მოგახველოთ ამ მისი დაცემინების ტალღა სახეზე უნდა მოგწვდეთ, ხოლო თქვენ საკმარისი დოზით უნდა ჩაისუნთქოთ კორონავირუსი, რათა ავად გახდეთ. მაგრამ ისე არ უნდა იფიქროთ, თითქოს ქუჩაში ინფიცირებულთან ერთად დგომა და სირბილი უსაფრთხოა. 20 წუთით ან მეტი დროით დაავადებულის გვერდით დაუცველი ყოფნა თუნდაც ღია სივრცეში, მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. სამწუხარო ფაქტია, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი უახლოესი ადამიანები წარმოადგენენ. კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე სახიფათო ადგილები ის ადგილებია, რომლებიც არ ნიავდება და სადაც ჰაერი არ მოძრაობს. სწორედ ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ, გავიკეთოთ პირბადე ასეთ ადგილებში, იქნება ეს ვიწრო გასასვლელები, მოსახვევები თუ რიგი რაიმეს შესაძენად. კორონავირუსს დაბალი ტემპერატურა უყვარს. სწორედ ამიტომ ხორცის და თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში, სადაც პროდუქცია დაბალ ტემპერატურებე ინახება, ინფიცირების არაერთი აფეთქება მოხდა. თუმცა დაინფიცირების შანსები ზედაპირებიდან ერთობ მცირეა. ყველაზე იოლად კორონავირუსი დახურულ შენობაში გადაეცემა, სადაც ადამიანებს პირბადის გარეშე აქვთ დიდი ხნის მანძილზე ურთიერთობა ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ სახლში, ოჯახის წევრებისგან ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი არსებობს. ამრიგად, კორონავირუსზე არ ჭრის გამოთქმა “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”. უფრო პირიქით. 48 შეფასება არ არის
|