x
image
natia.a
"ეს სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს..." - რის შესახებ გვაფრთხილებს ცნობილი ექიმი
image
ამერიკაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის მედიცინის ე.წ. "გაყალბებას" და საზოგადოებას აფრთხილებს ამ ფენომენისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. ამგვარ "გაყალბებაში", იგულისხმება ფსევდო-ექიმები, რომლებიც პანდემიის დროს პოპულარულები გახდნენ სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში ლაივ ჩართვებით.
პანდემიური პროფანაციები
------------------------------
კოვიდ-19-მა ერთი საინტერესო მსოფლიო ფენომენიც შექმნა. უფრო სწორად, კი არ შექმნა, არნახულ მასშტაბებზე აიყვანა. ეს ფენომენი არის მედიცინის პროფანაცია.
მედიცინა არ არის მეცნიერება. აბა სცადეთ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის გაყალბება, არაფერი გამოგივათ; მედიცინის გაყალბება კი არც ისე ძნელია. საკმარისია ფაქტებით მანიპულირების ფლობა, აუდიტორიის მოხიბვლის ნიჭი და სრულიად ადვილად გაასაღებთ თავს მედიცინის მცოდნეთ. ერთადერთი ადგილი, სადაც მედიცინის პროფანაცია შეუძლებელია, კლინიკაა. პაციენტის საწოლთან დგომისას ვერანაირი მჭევრმეტყველება ვერ გიშველის, იქ მხოლოდ ნამდვილი ცოდნა ჭრის. ინტერნეტის ეპოქაში მოხერხებულ ინდივიდს უზარმაზარ მასებზე შეუძლია ზემოქმედების მოხდენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განათლების დონე რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია, ლოგიკურია ისიც, თუ რატომ ჰყავს უამრავ პრიმიტიულ უაზრობას მილიონობით მიმდევარი. მასა აფეტიშებს მას, ვისთანაც ადვილად ახერხებს საკუთარი თავის ასოცირებას; ვისი მეტყველება, ცხოვრების წესი და ღირებულებები ემშობლიურება.
მედიცინის პროფანაცია სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსათვის. ეს არ არის გაზვიადებული პათეტიკა, დადასტურებული ფაქტია.
ე.წ. ანტივაქსერობაც ამ პროფანაციის ერთერთი, ყველაზე მასშტაბური გამოვლინებაა.
კოვიდ-პანდემიის დრომ მედიცინის გაყალბებამ კატასტროფულ სიმაღლეებს მიაღწია. ამის მიზეზი ვირუსის ერთდროული პრიმიტიულობაცაა და სირთულეც.
ძნელად ასახსნელი, ჩახლართული კლინიკური მექანიზმის გამო, ყველა ქვეყნის კლინიცისტი შეეცადა ინტერნეტით ინფორმაციის გაზიარებას კოლეგებისათვის, რამაც მსოფლიო სამედიცინო პრესა ათასგვარი ნაყალბევით აავსო; ამავე დროს, უმეტეს შემთხვევაში ვირუსული ინფექციის პრიმიტიულმა მიმდინარეობამ, უამრავ შარლატანს მისცა საშუალება გამოცდილ ექიმად წარმოეჩინა თავი და ყოვლად დაუმსახურებელი ავტორიტეტი მოეპოვებინა. ასე შეიქმნა ფსევდო-კლინიკური საინფორმაციო მაკულატურის არნახული რესურსი მსოფლიო მასშტაბით, რაში გარკვევაც მოაზროვნე ადამიანისთვისაც ძალიან ძნელია. ამასთან, ჩამოყალიბდა ფსევდო-პროფესიონალ ავტორიტეტთა უზარმაზარი პლეადაც. ვინაიდან ინტერნეტ-რეპუტაციას მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობა განსაზღვრავს, ასეთი შარლატანების გავლენა განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე პატიოსანი პროფესიონალებისა, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ არა პოპულარობის მოსახვეჭად, არამედ პროფესიული სინდისისა და ეთიკის ყველა პარამეტრის დაცვით.
რა შეიძლება დაუპირისპირდეს მედიცინის მასშტაბურ პროფანაციას?
დიდი ალბათობით არც არაფერი. ინტერნეტის საინფორმაციო მარკეტინგს უკვე აქვს თავისი, მკვეთრად ჩამოყალიბებული წესები და კანონები, რომლებიც არანაირი მიზეზის გამო არ შეიცვლება. რისკისა და სარგებლიანობის შეფარდება მედიცინის ერთერთ ყველაზე მთავარ პრინციპს წარმოადგენს; სანტერესოა როგორი იქნება ეს შეფარდება ინტერნეტის შემთხვევაში; რომელი უფრო მასშტაბური იქნება, ინფორმაციის სწრაფი გავრცელებით მიღებული სიკეთე, თუ მისი მასიური, გაადვილებული გაყალბებით გამოწვეული ვნება.
ვნახოთ... - წერს ზურაბ გურული.
image
ასევე დაგაინტერესებთ:
6
949
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
949
  
2021, 16 იანვარი, 9:56
ერთი-ორი წიგნი მეც მაქვს წაკითხული, ამპულასა და ამპლუასაც ვანსხვავებ ერთმანეთისგან, მაგრამ მესამე თვალი ვერ ავახილე ვერაფრით და გვირილას იმედი მაქვს, მჯერა არ მჯერას პრინციპით ვიმოქმედებ და იმ ექიმს დავუჯერებ, ვისზეც ბოლო ფოთოლი დარჩება, თორემ მე ყველა თეთრხალათიანი პროფესიონალი მგონია))
2021, 16 იანვარი, 1:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 15 იანვარი, 20:56
საინტერესო სტატიაა
2021, 14 იანვარი, 13:01
ამაში სრულად გეთანხმებით...
2021, 14 იანვარი, 10:48
მეც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უცხოეთში მოღვაწეობა სანდოობის გარანტიაა. :) ჩვენშიც არანაკლებია კომპეტენტური ექიმები, რომლებსაც, მათი ევროპელი თუ ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით, ხშირად "ცარიელი ხელებით" უწევთ ბრძოლა. თუმცა პოსტი, მე როგორც მივხვდი, მართლა ფსევდოექიმებს ეხება, რომლებიც მხოლოდ მჭერმეტყველებით და ფეისბუქ-პოსტებით გახდნენ ცნობილები და პრაქტიკაში არც ისე კომპეტენტურები არიან.
2021, 13 იანვარი, 17:10
საინტერესო სტატიაა, მაგრამ რატომ უნდა დავუჯეროთ თუნდაც ამერიკაში ძალიან წარმატებულ ანესთეზიოლოგ გურულს ან ლამის ტვ "მთავარის" დივად ქცეულ კარდიოლოგ გეგეჭკორს (რომელიც ასევე ამერიკაში მუშაობს) და არა ქართველ და ევროპის წამყვანი ქვეყნების ინფექციონისტებს და ვირუსოლოგებს?
0 1 6