საზოგადოება ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ... 2017, 2 ოქტომბერი, 19:16 "ყოველ ჩვენგანს ჰყავს თავისი გურჯი-ხათუნი, უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ქალები – ყველაზე სევდიანი ემიგრანტები დედამიწის ზურგზე, უსაშველოდ რომ ენატრებათ ეს უცნაური მიწა " - დათო ტურაშვილი, "გურჯი ხათუნი".. მას ხშირად ბებიას ადარებენ - თამარ მეფესავით ლამაზი, ჭკვიანი და ძლიერი ყოფილა, მასაც თამარი ერქვა და არც მისი საფლავი არ არის ცნობილი... დიდ თამარზე საქართველოში დადის ლეგენდები, მის შვილიშვილზე კი - აღმოსავლეთში. 13 წლის იყო, როცა სელჯუკთა სულთანს, ყაისედინ (ყიას ედ-დინ) ქეი ხუსვე მეორეს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი და სათნო მეუღლე, რომელსაც სიყვარულით "გურჯი-ხათუნი" შეარქვა. დანარჩენ ორ ცოლთან შედარებით სულთანი თამარს აშკარა უპირატესობას ანიჭებდა. ეჭვით შეპყრობილმა პირველმა ცოლმა "გურჯი-ხათუნის" მოწამვლა გადაწყვიტა. თამარი კი გადარჩა, მაგრამ სულთანმა ეჭვიანი ცოლი არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა. თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად შეყვარებულმა ყაისედინმა 1236 წელს გამოცემულ ახალ სახელმწიფო მონეტაზე ფაფარაყრილ ლომთან ერთად სხივოსანი მზე ამოატვიფრინა, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა "მზე და ლომი" ("შირ-უ-ხურში"). გონიერებით, მტკიცე ხასიათით, დიდსულოვნებით, უბიწოებითა და ქველმოქმედებით გამორჩეულმა ქრისტიანმა ქართველმა ქალმა ისლამურ სამყაროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა იყო. ამბობენ, რომ ცნობილი მოხეტიალე და მოარაკე – მოლა ნასრედინიც უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც იგი სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინა. გასაკვირია, რომ ასეთი ღირსებებით შემკული ადამიანი იყო მზაკვარი რუსუდანის ქალიშვილი... რუსუდან თავისი ვაჟის - დავით ნარინის გამეფება იმდენად უნდოდა, რომ ძმიშვილის, დავით-ულუს (ლაშა-გიორგის შვილის) მოკვლა განიზრახა და ამაში ქალიშვილსა და სიძეს სთხოვა დახმარება, რომლებიც იმ დროს დავით ულუს მასპინძლობდნენ. აღშფოთებულმა თამარმა და სულთანმა ყაისედინმა რუსუდანს მტკიცე უარი შეუთვალეს. უარმა ისე გაამწარა რუსუდანი, რომ საკუტარ ქალიშვილს ცილი დასწამა და სიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თამარსა და დავით ულუს შორის ვითომდა არსებულ სასიყვარულო ურტერთობაზე ლაპარაკობდა. ამ ამბავმა სულთანი იმდენად გააშმაგა, რომ საყვარელი ცოლი ცემით დაასისხლიანა, ხატები დაულეწა და სიკვდილით დაემუქრა, თუ ისლამს არ მიიღებდა. ამგვარად, თამარი იძულებული გახდა გაშმაგებული, თუმცა მაინც საყვარელი მეუღლის მოთხოვნა შეესრულებინა და ქრისტიანობაზე უარი ეთქვა. როგორც ამბობენ, მან ორთოდოქსული ისლამის მაგივრად იწამა ქრისტიანობასთან შედარებით ახლოს მდგომი ისლამური მიმდინარეობა, - სუფიზმი, რომელსაც აზიარა აღმოსავლეთის უდიდესმა პოეტმა, ჯალალედ-დინ რუმიმ. სუფიზმის მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანი არის სწორედ სამყაროს ის ეტაპი, სადაც მთავრდება ხილვადი სამყარო და იწყება ღვთიური სულის ამაღლება. აქედან გამომდინარე, უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე ადამიანს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯალალედ-დინ რუმიმ პირველმა აღიარა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. მალე თამარს კიდევ ერთი დიდი დარტყმის გადატანა მოუხდა: სულთანი ყაისედინი მოკლეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, სულთანი თამარზე შეყვარებულმა ვეზირმა, სულეიმან ფერვანამ მოკლა. ასეა თუ ისე, ტრადიციის თანახმად, ქვეყნის განმგებელი სწორედ ფერვანა გახდა და დედოფალი თამარიც ცოლად შეირთო. პირველის მსგავსად მეორე ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა თამარ დედოფალი და მის ყველა სურვილს ასრულებდა. ასევე დიდ პატივს სცემდა დედოფლის სულიერ მამას - ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელსაც გურჯი ხათუნი დიდ პატივს სცემდა და მფარველობდა. სწორედ თამარის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა ჯალალედ-დინ რუმის სურათი და გრანდიოზული აკლდამა, რომელიც დღესაც კი ქალაქ კონიის არქიტექტურული მშვენებაა. როცა რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ, თამარი იძულებული გახდა თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა, თუმცა ლტოლვილობაში ბედი თამარს ყველაზე დიდ უბედურებას უმზადებდა... მისი და ყაისედინის შვილი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ჭაბუკის სიკვდილი ნახევარძმების შეკვეთილი იყო, რადგან სიკვდილამდე ყაისედინმა თავის მემკვიდრედ სწორედ თამართან შეძენილი შვილი აღიარა. ამის შემდეგ გურჯი ხათუნის კვალი ისტორიაში იკარგება და ბებიის მსგავსად მისი საფლავიც კი უცნობი რჩება... ბევრი ლეგენდა დადის აღმოსავლეთში თამარ დედოფლის შესახებ. ერთერთი მათგანის მიხედვით, სახელოვანი, მაგრამ უბედური გურჯი ხათუნი ზღვის ტალღებს სამშობლოსკენ გაჰყოლია... ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს 2. რატომ დაინტერესდა თამარ მეფით მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ-ჟურნალი და ჰილარი კლინტონი 3. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში 4. ვერაფრით მიხვდებით ვინ არის სტალინის გვერდით ფოტოზე- სენსაციური ფაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა 5. რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთში 6 საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარული 7. 5 მეძავი ქალი, რომლებმაც ისტორია შეცვალეს 14241 16-ს მოსწონს
|