საზოგადოება უცხოელი ტურისტები, რომლებიც მძიმე წუთებში თბილისს ეხმარებოდნენ - გვახსოვდეს! 2015, 16 ივნისი, 12:12 14 ივნისის ტრაგედიის შემდეგ სტიქიისგან დაზარალებული ქალაქის გასაწმენდად ათასობით მოხალისე გამოვიდა. თუ ამგვარი საქციელი ქართველების მოვალეობა იყო, ამას ვერ ვიტყვით უცხოეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში ტურისტებად იყვნენ ჩამოსულნი და, დასვენებისა და გართობის მაგივრად თბილისელების გვერდით დგომა და ქალაქის შლამისგან დასუფთავებაში თავიანთი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს. მათი ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა და ჩვენც გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. ეს ფერადკანიანია, რომელიც ქართველების გვერდიგვერდ მუშაობს ქალაქის დასუფთავებისთვის. ქვემოთ მოტანილ ფოტოებზე წარმოდგენილი რუსი და უკრაინელი ბიჭები თბილისში ჟიტომირიდან ჩავიდნენ, შესაბამისი წარწერებით მაისურზე, თუმცა, სამართალდამცველებს ეჭვი მაინც "აღუძრეს": "ეს რუსი და უკრაინელი ბიჭები ჩვენთან ეზოში შემოვიდნენ წეღან. ჟიტომირიდან ჩამოვედით რომ ვნახეთ რაც მოხდაო. დახმარება გვინდა და სადაც ყველაზე საჭიროა მოგვეცით "ლაფატკები" იქ გაგვიშვითო და ამ დროს ჩრდილში უსაქმოდ მჯდარი პოლიციელი დაეტაკა, საბუთები წარმოგვიდგინეო..." - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. ესენი კი ჰოლანდიელები არიან, რომელთა შესახებ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხარებელი შემდეგს წერს: Nathaniel Eriashvili: "რამოდენიმე დღის წინ მეტროში, მატარებლის ვაგონში სამი ჰოლანდიელი ბიჭი შემოვიდა, სპეციფიკური გარეგნობის გამო დამამახსოვრდნენ და ისიც კარგად დამამახსოვრდა როგორ დაუწყეს უშვერი სიტყვებით მოხსენიება ჩემს გვერდით მჯდომმა ორმა ძაღლიშვილმა მათ საყურის გამო და ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება როგორ ვნახე ის ჰოლანდიელები ნიჩბებით ხელში ჩვენებთან ერთად... თხოვნა იქნება გააზიაროთ." როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, ორი საათის განმავლობაში მათ საერთოდ არ შეუსვენიათ, ხოლო როცა წყალი მიაწოდა, უპასუხეს: "ჯერ ადრეა"... 2941 9-ს მოსწონს
|