სიახლეები კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, ძველზე 70 %-ით უფრო გადამდებია 2020, 20 დეკემბერი, 15:50 ინგლისის სამხრეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი 70 %-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ის ფორმა, რომელმაც გავრცელება წლის დასაწყისში დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იუწყება.
მთავრობამ უკვე დაიწყო ზომების მაქსიმალური გამკაცრება. ლონდონში ახალი ლოქდაუნი გამოცხადდა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის წინააღმდეგ ვაქცინა უძლურია. ახალი შტამის შესახებ მწირი ინფორმაციები არსებობს, თუმცა არავის არ უთქვამს, რომ ის დაავადების უფრო მძიმე ფორმით მსვლელობას იწვევს. VUI2020/12/01 - ასე უწოდეს ახალ ვარიანტს. ბრიტანეთის მთავრობის უმაღლესი სამეცნიერო მრჩეველი, პატრიკ ვალანსი ამბობს, რომ ლონდონში ახალი ინფიცირების შემთხვევების 60 %-ზე მეტი სწორედ მასზე მოდის. იმ რეგიონებში, სადაც VUI2020/12/01 გავრცელდა, მკაცრი საკარანტინე ზომები ამოქმედდა. ადამიანებს საკუთარი სახლების დატოვება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ექიმთან ვიზიტს, სამუშაოზე წასვლას და პროდუქტების საყიდლად სავაჭრო დაწესებულებების სტუმრობას. ბორის ჯონსონმა თქვა, რომ წლევანდელ შობას ადამიანები დიდი ხნის უნახავ ახლობლებს და ოჯახის წევრებს ვეღარ ნახავენ, რადგან როცა ვირუსი სტრატეგიას იცვლის, ადამიანებმაც უნდა შევცვალოთ მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ VUI2020/12/01-ის საშიშროებასთან დაკავშირებით ნიდერლანდების სამეფომ დიდ ბრიტანეთთან ფრენები აკრძალა. კონტინენტზე შიშობენ, რომ ახალი ვარიანტი მალე ძველს დაჯაბნის და დომინანტი გახდება. ეკონომიკის ექსპერტები ბრიტანული ეკონომიკის ახალ დაღმასვლაზე საუბრობენ. ნისლიან ალბიონს ბოლო პერიოდში ფინანსურად ისედაც არ ულხინდა, რადგან ევროკავშირიდან გასვლამ მძიმე ეკონომიკური შედეგები მოიტანა, რასაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აკრძალვებით გამოწვეული რეცესიაც დაემატა. 249 შეფასება არ არის
|