x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საფრანგეთის პრეზიდენტს ქვეყანაში ქალიშვილობის მოწმობების გაცემის აკრძალვა სურს
საფრანგეთში 5, 7 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, რითაც ქვეყანა ევროპის ყველაზე ისლამიზებულ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანია. პროცენტულად უფრო მეტი მუსლიმი კონტინენტზე მხოლოდ ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში იმყოფება. ამიტომ საფრანგეთის ხელისუფლება ისლამთან დამოკიდებულების საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება, თუმცა რადიკალური ისლამის მომძლავრების გამო თვით ისეთ ლიბერალურ ქვეყანაშიც კი, როგორიც საფრანგეთია, ბოლო დროს გარკვეული ზომების მიღება უწევთ. მაგალითად, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ემანუელ მაკრონის მთავრობა აპირებს, კანონის ძალით აკრძალოს ქალიშვილობის მოწმობების გაცემა, რაც აქამდე მიღებულ პრაქტიკას შეადგენდა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.


ქალიშვილობა მუსლიმებისთვის წმიდათაწმიდაა; ქალი თუ ქალიშვილი არ არის, მუსლიმებს (მათ შორის მათაც კი, ვინც დიდხანს საფრანგეთში ცხოვრობს), ის ცოლად არ მიჰყავთ. ამიტომ საფრანგეთის ისლამურ მოსახლეობაში გავრცელებული პრაქტიკაა ქალიშვილობის მოწმობების მოთხოვნა. სწორედ ამის აკრძალვა სურს მაკრონს, თუმცა ფემინისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი ნაბიჯი კონტრპროდუქტიული იქნება.


ისე არ იფიქროთ, თითქოს ქალიშვილობის მოწმობას საფრანგეთში მუსლიმ ქალებზე მათი რომელმე სულიერი ლიდერი გასცემდეს. ქალები, რომლებსაც გათხოვება სურთ, ეხვეწებიან გინეკოლოგებს, რომ მათ სპეციალური გამოკვლევის შედეგად დაადასტურონ, რომ ისინი ქალიშვილები არიან და შესაბამისი მოწმობებიც კი გასცენ, რასაც მოგვიანებით საქმროებს და მათი ოჯახის წევრებს წარუდგენენ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობების თანახმად, ქალიშვილობის მოწმობები დღემდე მსოფლიოს 20 სახელმწიფოში ოფიციალურად გაიცემა, თუმცა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები არაერთხელ განმარტავენ, რომ შეუძლებელია, შემოწმების გზით იმის დადგენა, არის თუ არა რომელიმე ქალი ქალიშვილი. ეგრეთ წოდებული ქალწულობის აპკი არაფერს არ ამტკიცებს. ის მარტივად შეიძლება დაირღვას სქესობრივი კონტაქტის გარეშეც და ძალიან ხშირად ეს ასეც ხდება. ამიტომ იმის მოთხოვნა, რომ ვინმემ იმის მოწმობა იქონიოს, აქვს თუ არა მას დაუზიანებელი ე. წ. საქალწულე აპკი, შუასაუკუნეობრივი გაუნათლებლობის ტიპური ნიშანია მხოლოდ. ვინც მსგავს მოწმობას მოითხოვს და ე. წ. ქალწულობის აპკს ამოწმებს, მას წარმოდგენა არ გააჩნია ადამიანის ფიზიოლოგიის თვით ყველაზე ელემენტარულ საფუძვლებზეც კი.



მაკრონის ინიციატივით ამიერიდან დაისჯება ყველა, ვინც ქალიშვილობის მოწმობას მოითხოვს. დაისჯებიან ასევე ის ექიმებიც, რომლებიც მსგავს მოწმობებს გასცემენ. ფრანგი ფემინისტების განმარტებით, საკითხისადმი მსგავსი მიდგომა მხოლოდ გააუარესებს საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმი ქალების მდგომარეობას, რადგან ამ უკანასკნელებს ამით აღარ დარჩებათ შესაძლებლობა, მოწმობის მეშვეობით, რასაც ფრანგი ექიმები აქამდე უპრობლემოდ გასცემდნენ, ხელახლა მოიპოვონ საქმროების და მათი ოჯახის წევრების ნდობა. ამით კი ისინი კიდევ უფრო დაუცველები დარჩებიან.


ქალიშვილობა

0
298
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0