სიახლეები ავსტრიის ხელისუფლების უპრეცედენტო გადაწყვეტილება: მალე ქვეყნის მთელ მოსახლეობას კორონავირუსზე გატესტავენ 2020, 26 ნოემბერი, 22:19 როგორც ჩანს, ამ წინასაახალწლოდ ავსტრიელ სამხედროებს არ დაასვენებენ: ქვეყნის კანცლერი მთელი საკუთარი 9-მილიონიანი ქვეყნის კორონავირუსზე გატესტვას აპირებს.
გადაწყვეტილებას, რომელიც სებასტიან კურცმა მიიღო, თავისი არსით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, რადგან აქამდე არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ უცდია, მთელი მოსახლეობა კორონავირუსზე გაეტესტა.
ამ უპრეცედენტო აქციაში ჩართული იქნება ქვეყნის ყველა ძალოვანი უწყება, თუნცა ძირითადი დატვირთვა არმიის ქვედანაყოფებზე მოდის. გასაოცარი ექსპერიმენტი 2 დეკემბერს აიღებს სტარტს. თავდაპირველად ტესტირება ვენის მასშტაბით მოხდება, ხოლო შემდეგ სამხედროები ტიროლსა და სხვა რეგიონებში ივლიან და მთელ მოსახლეობას შეამოწმებენ.
ტესტირების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, საბოლოოდ გაირკვას, თუ რეალურად ავსტრიის მოსახლეობის რამხელა ნაწილია კორონავირუსის მატარებელი ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, პროცესის მეშვეობით ხელისუფლება ვირუსზე კონტროლის სადავეების საკუთარ ხელში დაბრუნებასაც შეეცდება. ცნობილია ასევე ისიც, რომ პირველ ყოვლისა ტესტირებას მასწავლებლები და ექიმები გაივლიან. მოსახლეობის შემოწმების აქციას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება. პირველ ეტაპზე ანტისხეულების ტესტი ჩატარდება, თუმცა არ არის ცნობილი, მოხდება იგივე ტესტირების გამეორება თუ მომდევნო ეტაპზე მხოლოდ PCR-ტესტმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს ადამიანის ორგანიზმში ვირუსის არსებობა. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, ავსტრიაში მასობრივი ტესტირების მეშვეობით 90 ათასი ახალი ინფიცირებულის გამოვლენა მოხდება. სკეპტიკოსები ავსტრიის ხელისუფლების წამოწყების ნებაყოფლობით ხასიათს ირონიულად უყურებენ. ავსტრიაშიც ისევე, როგორც მთელ ევროპაში, აქტიურად მუშაობენ პუტინის მიერ შეგზავნილი ინტერნეტტროლები და შეთქმულების ნაირგვარი თეორიების მიმდევარი სასარგებლო იდიოტები, რომლებიც ნიჰილიზმს ნერგავენ პირბადეების ტარების მიმართ. მათი რიცხვი აქაც სერიოზულია და თუ ისინი უარს იტყვიან ტესტირებაზე, მთელი ეს უზარმაზარი შრომა წყალში ჩაიყრება. ავსტრიის ხელისუფლების მცდელობას, უპრეცედენტო მასობრივი ტესტირების მეშვეობით ხელახალი ლოკდაუნი და ქვეყნის განმეორებითი ჩაკეტვა აიცილოს თავიდან, სასოწარკვეთილების ელფერი დაჰკრავს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ხელახალი ლოკდაუნის თავიდან აცილება ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან გაჭირდება. თუმცა ავსტრიის ახალგაზრდა კანცლერი იმედს არ კარგავს და ფრთხილი სიტყვებით განმარტავს, რომ მასობრივი ტესტირება მხოლოდ “ერთ-ერთი რიგითი საშუალებაა” კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. 640 შეფასება არ არის
|