x
image
ლურჯი თოლია
როგორ შეიქმნა კონიაკი "სარაჯიშვილი"

image

ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ევროპაში სასწავლებლად წასულმა ქართველმა სტუდენტმა გაიგო, რომ ასე ცნობილი და მოთხოვნადი სასმელი, „კონიაკი“, ყურძნის ფუძეზე მზადდებოდა. ღვინის სამშობლოს კი მხოლოდ საფრანგეთიდან შემოტანილი, ისიც დაბალი ხარისხის სასმელი ხვდებოდა წილად. საფრანგეთში წავიდა, საქმე კარგად შეისწავლა და თბილისში პირველი კონიაკის ქარხანაც გახსნა. კონიაკის დამზადების ყოველ ნაბიჯს პირადად აკონტროლებდა. საუკუნის მიწურულს 50-მდე სახეობის კონიაკს ამზადებდა.
ამავდროულად, წარმოება გააფართოვა და ქარხანები გახსნა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარასა და კიდევ ბევრ ქალაქში...

შვილი არ ჰყავდა, თავად კი ამბობდა ხოლმე:
-„რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი,
ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?!“

და ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო, საქმით დაამტკიცა. დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა და მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიას უნიშნავდა. მის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები:
ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე...
ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას და სხვა მრავალ ადამიანს.

დიდ ქველმოქმედთან ერთად ნოვატორი იყო, პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო დღე (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი.
ანდერძში კი დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა.
დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიების მშენებლობასა და თუ რესტავრაციაზე.
მისი ინიციატივით აშენდა ქვაშუეთის ეკლესია. რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და მრავალ სხვა ეკლესიას.
უზარმაზარი ქონება დააგროვა და მთლიანად საქართველოს უანდერძა.
რაც გააჩნდა, ყველაფერი სამშობლოსთვის ემეტებოდა, კომუნისტურმა მთავრობამ კი მისთვის დიდუბის პანთეონში, მიწის პატარა ნაჭერი არ გაიმეტა და
ნათესავები აიძულეს, ვაკის სასაფლაოზე გადაესვენებინათ.
მხოლოდ 90-იანი წლების შემდგომ მოხერხდა, მისივე აღდგენილი ქვაშუეთის ეკლესიის ეზოში გადმოსვენება.
ასე გამოვიდა, ვერ დავაფასეთ კაცი, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ - დავით სარაჯიშვილი

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0