x
image
ლურჯი თოლია
ლეგენდა დავით აღმანეშენებელზე - როგორ ააშენა ეკლესიები გელათში, მარტვილსა და სუჯუნაში

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეფე დავით IV აღმაშენებელზე არაერთი ლეგენდა და თქმულება არსებობს.
მათში კარგად იკვეთება თაყვანისცემა მონარქისადმი, რომლისთვისაც, ხალხის წარმოდგენით, გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობდა. უფრო მეტიც, ქვეშევრდომთათვის ის იყო ზებუნებრივი შესაძლებლობის მქონე მოკვდავი, რომელსაც სასწაულების ჩადენაც შეეძლო.

დავით აღმაშენებელი

ერთი ასეთი ლეგენდაა შემონახული გელათის მშენებლობასთან დაკავშირებითაც.

ამ ხალხური თქმულებით, დავით აღმაშენებელს სამი ეკლესიის ბალავარი ერთდროულად ჩაუსხამს გელათში, მარტვილსა და სუჯუნაში. ეშმაკს უფლის სახლების აღშენებისთვის ხელის შეშლა მოუწადინებია და რამდენჯერაც ამოუყვანიათ ტაძრების კედლები, იმდენჯერ დაუგრევია ისინი ღამით. ასე რომ, კედლები ბალავერს ვერა და ვერ ააშორეს თურმე.

დავით მეფეს გადაუწყვეტია, რადაც უნდა დაჯდომოდა, ხელთ ეგდო ეშმაკი. აუღია ჯამი, აუვსია წყლით და დაუდგამს ბალავრის მახლობლად, თვითონ კი კუთხეში ჩასაფრებია უკეთურს.

კარგად რომ დაბნელებულა, წყეულიც გამოჩენილა და საქმეს შედგომია. მერე უცბად წყლიანი ჯამი შეუნიშნავს და მისულა. დავითს დრო უხელთია, სამალავიდან გამოვარდნილა და ხელი უტაცია. ეშმაკი ჯორად გადაქცეულა, მაგრამ მეფე არ დაბნეულა, ამოუდია რკინის ლაგამი და ზურგზე მოხტომია უწმინდურს.

ჰოდა, იმ დღიდან ჯორს აღარ იშორებდა მეფე. შეჯდებოდა ჯორ-ეშმაკზე თურმე დავითი, ერთ ქვას რომ გელათის ტაძართან აიტანდა, მეორეს მარტვილში მიაქროლებდა და მესამეს — სუჯუნაში.

ერთხელაც გელათიდან მარტვილს მიმავალი დავითის ჯორს ჩუნეშში, ერთ კლდეზე ავჟანდი გაწყდომია. ჩამომხტარა მეფე, თავისი ხელით გაუკერავს ის და სამახსოვროდ იმ ადგილას ტაძრის აშენება უბრძანებია. ეს ტაძარი დღეს აღარ არსებობს, დანგრეულია, მაგრამ იმ ადგილს დღემდე ავჟანდ-ნაკერს ეძახის ხალხი.

ამბობენ, ჯორ-ეშმაკი გელათის მონასტრის აგების შემდეგაც ემსახურებოდაო დავითს და ცუდ გზაზე, სადაც მათრახი მოხვდებოდა ხოლმე, ჯორი ისეთი სიმწრით ადგამდა ფეხს, რომ ყველგან კვალს ტოვებდაო. ჰოდა, იმერეთში, ერთ კლდეზე დღესაც არის შემორჩენილი ნიშანი, რომელსაც „ჯორის კვალს“ ან „ეშმაკის ნაფეხურს“ ეძახიან.

აღმაშენებელი ჯორს თავისი ხელით უვლიდა, თვითონ დაჰყავდა წყლის დასალევად და საძოვრად, სხვას არ ენდობოდა — ეშმაკია, მოატყუებს და გაექცევაო. მაგრამ ერთხელ, მოუცლელობის გამო, დავითს მეჯინიბისთვის დაუვალებია ჯორის დასარწყულებლად წაყვანა. თანაც გაუფრთხილებია, არამც და არამც აღვირი არ წაჰყაროო.

მიუყვანია მეჯინიბეს ჯორ-ეშმაკი წყაროსთან. იმასაც დაუყნოსავს წყალი, მერე თავი მაღლა აუღია და მოჰყოლია ფრთხვენასა და წიხლების სროლას. მეჯინიბეს უფიქრია, საწყალს ეტყობა აღვირი უშლის ხელსო და წაუყრია იგი ჯორისთვის. გახარებული ეშმაკიც წყაროში ჩამხტარა და გაუჩინარებულა.

გელათის მონატრის აგებაზე მეფე დავითს დიდი შრომა გაუწევია. წყალწითელადან თავისი ხელით ამოუტანია ორი უზარმაზარი ქვა, რომლებიც ტაძრის კედლებშია დატანებული.

ერთ დღესაც „გალავნისდაღმა გარდმოვარდა“ თურმე მეფე. დაახვიეს თავს აქიმები დავითს, „სამას და ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა უშველეს“ მაინც.
ბოლოს ერთი მკურნალი გამოჩენილა და უთქვამს, ირმის რძეში ჩაწვენაა მეფის წამალი, სხვა არაფრით ეშველებაო.

დატრიალებულან ნაზირ-ვეზირები, ცას და მიწას მოსდებიან ირმის რძის საშოვნელად. ერთ კაცს უთქვამს ბოლოს, ავშანდაძეს ჰყავს თორმეტი ფური ირმის მეწველი, სხვა „ქვეყანასა ზედა“ არ იშოვებოდა თურმე. ეს ავშანდაძე დარუბანდიდან ყოფილა გადმოსული, დიდ-ნამსახური მეფისა.

„მოიღო ავშანდაძემან რძე, იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმაშენებელი“.


1
657
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
657
  
2020, 24 იანვარი, 21:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1