x
image
ლურჯი თოლია
ოსმალეთის სულთნის ქართველი მარშალი - ტყვედ გაყიდული გურული ბიჭის სამხედრო წარმატება

ვასიფ მეჰმედ ფაშა წარმოშობით გურიის სოფელ ჩოჩხათიდანაა, გვარად გუჯაბიძე. დაბადებული 1800-1805 წლების ახლო ხანებში. 1819-1820 წლებში გურიაში ანტირუსული გამოსვლების დროს, 15-20 წლის ასაკში მყოფი ჭაბუკი ოსმალებისთვის მიუყიდიათ. ეს გააკეთა გურულმა თავადმა დავით მაჭუტაძემ, რომელმაც აღებული ფულით იარაღი იყიდა, რომ რუსებს შებრძოლებოდა.

image

ოსმალეთში ტყვედ ჩაყვანილი ქართველი ყმაწვილი, ასევე წარმომავლობით ქართველმა დიდვეზირმა ხოსრო (ხუსრევ) მეჰმედ-ფაშა ჩხეიძე-ერისთავმა გამოისყიდა, აღზარდა და ხელი შეუწყო, რომ მაღალი თანამდებობები დაეკავებინა.

ვასიფმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და მოქმედ არმიაში დაიწყო სამსახური. ჯერ მაიორი იყო, შემდეგ პოლკოვნიკი და ლივა გახდა. 1830 წელს დივიზიის გენერლის (ფაშა) წოდება დაიმსახურა. 1836 წელს ბოსფორის ციხისთავად დაინიშნა.

1839 წელს ვეზირის წოდება მიიღო და ნიშის გამგებლადაც (ვალი) განამწესეს. შემდეგ მას სილისტრის (1840 წ.), ქოსთენდილის (1842 წ.), სალონიკის (1844 წ.), ვადინასა და ტრაპიზონის (1850 წ.) გამგებლის პოსტებზე ვხედავთ.

1853 წელს არაბეთის მარშლად დაინიშნა. 1854 წლის ნოემბერში ანატოლიის ჯარების სარდლად გადაიყვანეს. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლებში. 1855 წელს ყარსის დაცვისას რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ მეომარ ქვეყნებს შორის სამშვიდობო კონვენციის დადების შემდეგ გაანთავისუფლეს. 1856 წელს სულთნის გვარდიის, ხოლო 1857 წელს არსენალის მარშალი გახდა. იმავე წლის ოქტომბერში კვლავ დააბრუნეს გვარდიის მარშლის თანამდებობაზე, 1860 წელს ისევ არაბეთის მარშალი გახდა. მოგვიანებით თანხმობის სამხედრო საბჭოში შეიყვანეს.

ვასიფ მეჰმედ ფაშა გარდაიცვალა 1865 წელს. დაკრძალულია უსკუდარში, ჰუდაი-ეფენდის თექქეში (სავანეში). გარეგნობით ახოვანი და დიდი ძალის მქონე ვაჟკაცი ყოფილა. დაქორწინებული იყო წარმოშობით ქართველ აღა-ჰუსრევ ფაშას ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან მას ქალ-ვაჟი შეეძინა. ვაჟი ადრე გარდაცვლილა, ხოლო ქალიშვილის შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ თურქეთში.

0
483
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0