x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ყველაფერი მარნეულის მკვიდრი საბედისწერო პაციენტის შესახებ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეული


მარნეულელ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახში 15 წევრი ჰყავს. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან 14 დღის მანძილზე ქალი თავისუფლად გადაადგილდებოდა და ასობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ ქართული მედიასაშუალებები იუწყებიან.


ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საბედისწერო პაციენტის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ისაუბრა:


„[იქ, სადაც ქალი ცხოვრობს] პატარა ქუჩაა. რამდენიმე დღის წინ მგონი დედის წლისთავი იყო. ძალიან ბევრი ხალხი იყო. ყველას ვთხოვ, მთვრობას, მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს ამ ოჯახს. მარნეულში სერიოზული აჟიოტაჟი იყო. არ ვიცი ხვალ რა იქნება. ჩემი აზრით, მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვა სწორი გადაწყვეტილებაა. ხვალინდელი დღე მარნეულისთვის ძალიან მძიმე იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა.



„ინ­ტერპრეს­ნი­უსთან“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.


ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტს მწვავე რესპირატორული სინდრომები აქვს.


როგორც ცნობილი გახდა, ქალმა მარნეულში მდებარე “ავერსის” კლინიკას მიმართა 13 მარტს. ის მწვავე პნევმონიას უჩიოდა.


ექიმები განმარტავენ, რომ ქალმა მათ დაუმალა აზერბაიჯანში ყოფნის ფაქტი.


პნევმონია აღმოაჩნდა საბედისწერო პაციენტის დასაც, თუმცა კორონავირუსზე არც ის შეუმოწმებიათ.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის მქონე მარნეულელი ქალი დედის წლისთავზე იყო, დაადასტურა მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო “მარნეულთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა მარნეულელმა უნდა გააცნობიეროს, რომ საფრთხე რეალურია.


„მე კიდევ ერთხელ ვურჩევ მარნეულელებს, რომ დარჩნენ სახლში რადგან მუნიციპალიტეტში დიდი საფრთხეა. ბევრ ადამიანთან შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს კომუნიკაცია, რადგან ვიცით რომ წლისთავზეც იყო რამდენიმე დღის წინ და ა.შ. ამიტომ, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი, რადგან ჩვენ პატარა მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ“, - განაცხადა მერმა.


ამჟამად ცნობილია 86 პირის ვინაობა, ვისთანაც მარნეულელ ქალს ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.


თუმცა გამყრელიძე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ კონტაქტების რაოდენობა უფრო მეტია და ყველა პირის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა.


კარანტინის რეჟიმშია გადაყვანილი ის კლინიკაც, სადაც პაციენტი მკურნალობდა. მედპერსონალზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს იმის დასადგენად, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი.


მარნეული


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, იმ ქალის გამო, რომელმაც ინფორმაცია აზერბაიჯანში ყოფნის შესახებ ექიმებს დაუმალა და რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინეს, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.


პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად არის ნებადართული.


უკანასკნელი ცნობების თანახმად, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 54 ადამიანს. აქედან 5 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა, ხოლო მთლიანად მსოფლიოში Covid-19-ით უკვე ოფიციალურად 336 075 ადამიანია დაავადებული, საიდანაც გარდაიცვალა 14 613.


თუმცა, ეს ციფრები არ არის სანდო, რადგან რიგი ქვეყნები, ისეთები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი, აყალბებენ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას.

0
1344
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0