სიახლეები მსოფლიოში პირველი რობოტული გული 10 წელიწადში ბუნებრივ ორგანოს ჩაანაცვლებს 2020, 13 თებერვალი, 3:16 მართლაც უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობები და მეცნიერება ადრე თუ გვიან ყველაფერს მიაღწევს, რასაც კი მოაზროვნის თვით ყველაზე მდიდარი ფანტაზია ოდესმე წარმოიდგენს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ხელოვნური გული, რომელიც სენსორებისა და ხელოვნური კუნთებისგან იქნება დამზადებული, 10 წელიწადში ჩაანაცვლებს იმის საჭიროებას, რომ ავადმყოფს სისხლის გადასატუმბი ორგანო მკვდარი ადამიანის სხეულიდან გადაუნერგონ.
ეს არის “გულის ბრიტანული ფონდის” და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი პროექტი, რაც ჩვენი საუკუნის ოციანი წლების ბოლოს რობოტული გულის დამზადებას გულისხმობს.
დღევანდელ მსოფლიოში ათასობით ადამიანს აქვს გულის უკმარისობის ის ფორმა, რომლის მკურნალობის ერთადერთი შესაძლებლობა დონორის გულის ტრანსპლანტაციაა. ხშირად ადამიანები თვეობით და წლობითაც კი ელოდებიან დონორის გულს, თუმცა ეს მკურნალობის ძალიან სამწუხარო მეთოდია, რადგან ახალი გული ნიშნავს იმას, რომ სადღაც ვიღაც, ვისაც ეს გული ეკუთვნოდა, ახალგაზრდულ ასაკში დაიღუპა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალ ხელოვნურ გულს ენერგიით ბატარეა უკაბელოდ მოამარაგებს, რომელიც პაციენტის ტანსაცმელში იქნება ჩამონტაჟებული. თუმცა რობოტულ გულს ენერგიის ალტერნატიული წყაროც ექნება საიმისოდ, რათა ადამიანმა დაახლ. 1 საათის მანძილზე სიცოცხლე შეძლოს, როცა შხაპის ქვეშ შევა ან სხვა რაიმე მსგავსი საჭიროება იარსებებს მისთვის. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეცნიერები ხელოვნური გულის დამზადებას ცდილობენ. 2014 წელს ფრანგ 76 წლის მამაკაცს გადაუნერგეს კიდეც ძროხის გულის უჯრედებისა და პოლირეთანისგან დამზადებული გული, რითაც ავადმყოფმა ორწელიწადნახევარი იცოცხლა. მეცნიერების წარმატების შემდეგ, ისეთი ავადმყოფები, როგორებიც დილატაციური კარდიომიოპათიით დაავადებული 2 წლის ანიტა ფაცაცია იყო, რომელიც ადამიანების უპრეცედენტო და ძალიან ამაღელვებელი თანადგომის მიუხედავად გარდაიცვალა, იცოცხლებენ და შეძლებენ, ღრმა სიბერემდე მიაღწიონ. აღსანიშნავია, რომ პროექტი მთლიანად ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ხელშეწყობილი. 456 შეფასება არ არის
|