საზოგადოებრივი ხარის კულტი ძველ საქართველოსა და მსოფლიოში 2020, 2 თებერვალი, 12:22 ძველ ხალხთა მითოლოგიაში, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში ხარს (და ძროხას) უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ხარი აპისი - მემფისის ღმერთი იყო, ოსირისიც ხშირად იღებდა ხარის სახეს და საერთოდ, ეგვიპტის მითოლოგიაში ხარის კულტი ფარაონთა და ღმერთთა დონეზე დგას. იეროგლიფებსა და სახვითი ხელოვნების ძეგლებში ხარის მრავალი გამოსახულებაა შემონახული. შუმერთა ხარის თავის ოქროს ქანდაკებაც ცნობილია, წარმართული სვანური სიმღერის, ოქროსრქიანი ხარის შორეულ ნივთიერ ორეულად რომ მიგვაჩნია. ზენდ-ა-ვესტას ხარიც ყოველი ცოცხალი არსების მშობელია, ხოლო ინდრას ხშირად ხარის სახე ენიჭება - ღრუბელთა გამხლეჩის, როგორც ქართული ამირანი, ღრუბელთა ბატონი, საწვიმრად გამზადებული ღრუბლის მსგავსი. ბერძნულ მითოლოგიაში ხარის სახე კლასიკური სრულყოფითაა დამუშავებული: ზევსი იღებს ხარის სახეს და იტაცებს ევროპას. კრეტის ხარის - მინოტავრის მშობელი კი არის კოლხი დედოფალი, აიეტის და - პასიფაე. აიეტი ოთხი დღის სახნავ ხოდაბუნს უცებ ხნავს ჰეფესტოს გამოჭედილი ცეცხლისმფრქვეველი კოლხური ხარებით - ხალკოტავრებით. ჰერაკლემ მორეკა გერიონის ხარები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. დიდია ხარის როლი სკანდინავიურ მითოლოგიაში, კალევალაში, ქართულ მითოლოგიაში, სადაც "წიქარა" ხარის კლასიკური სახეა, ხოლო სვანური ნასუქი "უსხები", უფლიშერებზე დასაკლავი სამსხვერპლო ხარები, გვართა და თემთა შეჯიბრის, ღირსების საგნად იყო ქცეული. უფლიშერის წინ, დაახლოებით კვირაცხოვლობას ვიდრე დაკლავდნენ, ხართა ჭიდილი იმართებოდა. ქართული ხალხური ლექსი "ორშაბათობით აშენდა ციხე-ქალაქი მთაზედა"... სხვა ცნობილ საწესო ნიმუშებთან ერთად ბრწყინვალედ გამოხატავს ხარის იმ როლს, რამაც ამ არსებას მითებში ასეთი პატივი დაუმკვიდრა (ხალხის რწმენით, ირემი სირბილში გასკდა და ცაზე დარჩა კვალი - ირმის ნახტომი, ხარმა კი ცოხნით მიაღწია და შრომაც ღმერთმა დააკისრა). ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ხარი ყველაზე მეტად გავრცელებული ტოტემური ცხოველია (აქედანვე კავშირი მინოსის, შუმერისა და კოლხეთის ხარის კულტებს შორის: მინოსი ხარი - აიეტი ხარი და სხვ.). მისი რქებიც კი თაყვანისცემის საგნად იქცა. ასევე ეგვიპტეში, სადაც ძველი რწმენით ყველა ღმერთს ხარის სახე ჰქონდა. შუამდინარეთის გათხრებიდან ცნობილი გახდა, რომ ნიმრუდში უზარმაზარი ფრთოსანი ხარის ქანდაკებები აღმართეს. ინდურ ავესტას გათებში ხარის პირველსახე (სული) არსთა მეუფის წინაშე ადამიანს უჩივის, ცუდად მეპყრობაო. ზარათუსტრას მოძღვრების მიხედვით, ხარს, ხვასტაგს, საქონელს ადამიანმა უნდა მოუარო, ამუშაოს გამოიყენოს, მაგრამ პატივიც უნდა მიაგოს. კრონოსის სასახლის ბრწყინვალე სურათში ხარი ორნამენტიან გამოსახულებაზე შემხტარა წინა ფეხებით, რქებში ხარისთვის ადამიანს ჩაუვლია ხელები და რქვას ატეხს. უზადოა ხარის ფერადი ფრესკა იმავე სასახლეში, დიდი სიზუსტით დამუშავებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი ხარის თავის ფორმისაა (IV სამარხი). ხარის და ვაცის სახეს იღებდა დიონისე. ჰერაკლე და თეზევსი კრეტის ხარს ებრძვიან. არგონავტებში აიეტი ფლობს სპილენძისჩლიქებიან ცეცხლისმფრქვეველ ხარებს. ხარს ფინურ მითოლოგიაშიც საპატიო ადგილი უჭირავს: ქორწილში მიიყვანეს ხარი, რომლის რქიდან რქამდე გადაფრენას მერცხალი დილიდან საღამომდე უნდება. სვანეთში უფლიშერობაზე სამსხვერპლო ნასუქი ხარის - უსხის გარშემო ტრიალებს მთელი სარიტუალო ცერემონია. მოსახლეობა სისხლით ნათესაობის მიხედვით იყოფა "სკარებად". განსაკუთრებით ლახამულაში, ლატალში და უშგულში. არის ხართა ჭიდილი და მერე დღეობით - ნადიმი, ასპარეზობა. სვანეთის მიწაში აღმოჩნდა ხარის ბრინჯაოს საკულტო გამოსახულება. თეთრი ხარის კულტი უძველესი ტოტემიდან განვითარდა. ხარის დიდი სამეურნეო და საკულტო მნიშვნელობა აღინიშნებოდა ეგვიპტეში, შუმერში, კოლხეთში, ბაბილონში, ინდოეთში - მითებში, სიმღერებში, მხატვრობაში. ხარის ტოტემური ძალა და საკულტო დღეობა ქვეყნის მრავალ მხარეში დღემდე რჩება. მიკენის ოქრო-ვერცხლის ხარი და შუმერის ოქროს ხარის თავი, ირაკლიონის მუზეუმში დაცული კრეტის სამსხვერპლო ხარის თავი, შავი ტალკისგან შესაშური სინატიფით გამოკვეთილი, ხელოვნების უნიკალური ძეგლებია (კრეტის ხარს ლაშები მარგალიტისა აქვს, თვალები მთის ბროლისა, გუგები წითელი ბრილიანტისა, ლირისებური მაღალი რქები - მოოქროვილი ხის.). ეს ხარი უდავო კავშირშია მინოსის ხარის მითთან, ასევე იმ ხარის კულტთან, რაც კოლხეთში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. დიდ ინტერესს იწვევს აგრეთვე ქაშანურის გველებიანი დედოფალი და თიხის ბადრო, რაზედაც წრიულად ამოკვეთილია იეროგლიფები. აღმოსავლეთში ძლიერ მეფეს ხარს ადარებდნენ. ქართულ ფოლკლორში ხარის კლასიკური სახე მოცემულია მრავალ ლექსსა და ზღაპარში, მაგალითად "წიქარა", სადაც მამაცი, გონიერი ხარი ეწირება პატრონის გადარჩენას. ქართულ მითოლოგიაში ხარის ხსენება და მისი ადამიანთან გაიგივება ისევე ხშირია, როგორც შუმერულ და ეგვიპტურ მითოლოგიაში. "ეზოში რომ ხარი ბღავის, ნეტავ, დედაც, რააო? შვილო, მამაშენი არის, ვაი შენს დედასაო!"; "ლაშარს მოიდა თოლიგე, დიდგულად დაჯდა ხარია!"; ოდესღაც მრისხანე გარეული ნადირი, რომელიც რქით მიწას ჩხვერდა, ბუბუნებდა, და მოწინააღმდეგეს წვეტიან რქაზე აგებდა, ადამიანის უერთგულეს მეგობრად, თანამუშაკად და მარჩენლად იქცა: "ორშაბათობით აშენდა ციხე-ქალაქი კლდეზედა, ადამიანის დარჩენა ვერავინ იდო თავზედა, ხარმა თქვა პირმა-ნათელმა: მე დამაწერეთ თავზედა, ჩამოქნეს წყვილი სანთელი, მიაკრეს ორთავ რქაზედა, ვინც კვირა-უქმით შეგაბას, ხელი შეახმეს მკლავზედა!"; ვაჟას პოეზიაში ხარი მარჩენალი და კარგი ვაჟკაცის ეპითეტია: "ხარს ვგევარ ნაიალაღარს", "ქალს არვის წააყვანინებს ზაზულიაი ხარიო"; არსებობს ასეთი ქართული ფიცი: "ხარის ქედის მადლმა..." - ესეც მის კულტზე მეტყველებს. ხახმატის გიორგის დამარცხებული ქაჯეთიდან ჩამოჰყვა ცოლარქა ძროხა; სვანეთში ხარი გამნაყოფიერებელი ღვთაებაა. ინდურ მითოლოგიაშიც ხარი - გამნაყოფიერებელი ცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი (ინდოეთში დღესაცაა ძროხის კულტი). ხარ-ძროხის ტოტემის აკრძალვის ნიშანია ხარჯიხვისა და ხარ-ირმის რქების შენახვა სვანეთის ეკლესიებში, მათი შეწირვის ძველი წესი (სწირავდნენ უშგულის ლამარიას და სხვ.); თეთრი სამსხვერპლო ხარი კულტის რანგში ადიოდა, როგორც ეგვიპტეში აპისი. უსხი ტავისუფლად დანავარდობდა ყანებში, სათიბში, ჯოხის მოღერება აკრძალული იყო, მისი აუგად ხსენება მკრეხელობად ითვლებოდა და ამის გამკეთებელი შესაძლოა სასტიკად დასჯილიყო. სვანეთშივეა დარჩენილი ეგვიპტური ჰიმნის მსგავსი ლექსი: "მზე შემოაქვთ რქებით ხარებს, მზე შენია, ბარბარ-დოლაშ!"ხარჯიხვზე ნადირობის გრაფიკული გამოსახულებებია შემორჩენილი მულახის თარინგზელის ტაძრის ფრესკებზე, ხეკვეთილობებზე. ადიშის ეკლესიის იკანკელში დაცულია ჯიხვის რქები და ფიტული წმინდა გიორგის გამოსახულებით თავზე და ქვემოთ (მიხ. ჩართოლანის ცნობა). აქაც ვხედავთ მითის, ცხოვრების და ხელოვნების კავშირს, რაც აღმოსავლეთსა და დასავლეთში მოდიოდა საუკუნიდან საუკუნემდე. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. პირველი ნახატი: "წიქარა". ავტორი - ზაზა პაპიძე. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. რელიგია 9. პარანორმალი 10. მეცნიერება 11. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 12. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე631 1-ს მოსწონს
|