x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შუმერი
შუმერი


შუმერული ცივილიზაცია არსებობდა ძვ.წ. 4500 - ძვ.წ. 1900 წლებში. შემდგომში ის შეცვალა აქადის იმპერიამ. შუმერული მითოლოგია ძალზე მდიდარი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი მითური სისტემაა, რაც შეიქმნა კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანში - შუმარად წოდებულ შუამდინარეთში, მესოპოტამიაში, ტიგროსსა და ევფრატს შორის გაშენებულ 25-ზე მეტ დიდ, შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოში (სწორედ ეს ტერიტორიაა დასახელებული ედემად ბიბლიაშიც). რომელიღაც მთიანეთიდან მოსულმა შრომისა და მშვიდობის მოყვარულმა, მაგრამ ბრძოლაშიც მრისხანე "შავთავა" ხალხმა ("ქიენგირ") იმდროინდელ მსოფლიოში ისეთივე როლი ითამაშა, რაც შემდგომში საბერძნეთმა შეასრულა. ეს ზეგავლენა კულტურული ხასიათისა იყო. მშრალ ქვეყნებში სარწყავი არხების მოწყობის აუცილებლობამ განსაზღვრა ამ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხის განსაკუთრებული დაინტერესება - ანგარიშის, ციურ მნათობთა კანონების, მეტი აზროვნების საჭიროება. საერთოდ ფიქრი და შრომა მარტო კი არ ქმნის, არამედ ამაღლებს კიდეც ადამიანს. მათ შექმნეს პირველ ქალაქთა კულტურა, ლურსმნული დამწერლობა. ჰქონდათ ასტრალური კულტი, ბუნების მოვლენების ახსნის სურვილი. შენება იწვევდა ახალ-ახალ მოთხოვნებს. ხალხმა მითების პოეტურ ბურუსში გაახვია ყოველივე, რისი ახსნაც რაციონალურად გაუჭირდა. შუამდინარეთში შეიქმნა ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა - ლურსმნული. ლურსმნის მოყვანილობის ხაზები გამომწვარ ფირფიტებზე ან აგურზე, ქვაზე, რამაც გაძლო იმ აგურის შენობებზე მეტხანს, რომელტაც აქ აგებდნენ (არ იყო ქვა). ეს ფირფიტები იქცა წიგნებად.

შუმერები არ იყვნენ არც სემიტები, არც ელამიტები, არც ინდო-ევროპელები. არავინ იცის ვინ იყო და საიდან მოვიდა შუმერი ხალხი - ზღვიდან თუ ხმელეთიდან. მაგრამ ყველა განათლებულმა კაცმა იცის მათი ძლიერების, მშვიდობისმოყვარეობის, სიკეთის, მაღალი ხელოვნების და მდიდარი მითური სამყაროს ამბავი.


შუმერი



შუმერებს მშვიდობისმოყვარე, მშენებელი, ბრძენი მეფეები ჰყავდათ. ერთი მათგანი, ღარიბი კაცის შვილი, ლერწმებში იპოვა ქალღმერთმა და შუმერში გააბატონა. შუმერს ხშირად განაგებდა არაერთი ქებული დედოფალი, რომელთა სამკაულები მზესავით ციმციმებდა, გონება - ვარსკვლავებივით. დიდხანს ეომებოდნენ შუმერნი მთის ველურ ტომებს. კარგა ხანს ბატონობდნენ აქადებზეც, მაგრამ ბოლოს მაინც იმძლავრა აქადთა ტომმა, შექმნა ჩვენთვის დღეისთვის ცნობილი პირველი რეგულარული არმია ("ყოველდღე 5400 მეომარი ჭამდა სარგონ მეორის პურს"). შემოუტიეს მთის ტომებმაც და დაახლოებით ძვ.წ. 2200 წელს შუმერმა დიდი წაგება და დაღმასვლა განიცადა, (1900 წლისთვის კი არსებობა შეწყვიტა). დამპყრობელი გუტიები ანგრევენ ძველ კულტურას, ტაძრის წიაღი ინახავს ღმერთებისა და მლოცველების გადარჩენილ სახეებს, დიდებულ კერპებს, გლიპტიკას. გუტიები ადამიანებს გარეგნულად ჰგავდნენ, მაგრამ ძარლებივით ჰყეფდნენ. მათ დააქციეს აქადთა სატახტო და შუმერმაც კარგა ხნით ისევ ამოისუნთქა. ძვ.წ. 2100 წელს სრულ თავისუფლებასაც კი მიაღწია. ლაგაშელი მეფე გუდეა ამაყოფს, რომ ქვეყანა შენდება, არხები გაჰყავთ, უცხო ქვეყნებთან მეგობრობენ, პატიოსნად ვაჭრობენ, კაცი კაცის ძმა და მეგობარია, შვილი დედას არ კიცხავს, ბატონი ყმას აღარ სცემს, დიასახლისი სილას არ აწნავს მოახლეს. ეს ხალხი თავისი მაღალი კულტურით, ლმობიერებით, სიკეთით და სამართლიანობით ქართველებს მოგვაგონებენ მითებშიც და მატიანეშიც.


შუმერი


შუმერი, შუამდინარეთი - მითოლოგიის საუნჯე, "ხალხთა მითოლოგიის ბეღელია" (მიხ. ლაიფციში). მთელი შუამდინარეთი ადიდებდა ცის ქალღმერთ ნანას (ქართველ დედოფალთა სახელი). მეფე ბარით ხელში თხრიდა მიწას, აშენებდა ქალაქებს. მერე ისევ იმძლავრეს მთიელებმა, ელამიტებმა დაქციეს სამეფო, ძვ.წ. 2017 წელს. ამ ტომმა დაიპყრო და გაძარცვა დედაქალაქი ური. გაწყდა მოაზროვნე ხალხი, მცირედ დარჩენილნი გადაიხვეწნენ ან სხვა ხალხში გაითქვიფნენ. "ქუჩებში, სადაც ხალხი ვიდოდა, უპატრონოთა გვამები ყრია, ზეიმის ნაცვლად გვამთა ზვინია, შუმერის სისხლი იღვრება ყველგან". მითი ამასაც თავისებურად ხსნის: "დიახ, ენლილემ შუმერს უბედურება დაატეხა. ღმერთთა კრებულმა თავის წიაღ განაგდო შუმერი".


შუმერი


შუმერული მითების უმეტესობა ნაპოვნია ქ. ნიპურის სასკოლო ბიბლიოთეკაში - რელიეფები, ქანდაკებანი, ფირფიტები... ნიპურის მფარველია სიკეთისა და სიუხვის ღმერთი ენლილი. შუმერ-აქადი შეერთდა და იქცა ბაბილონის ხალხად, ენა კი დარჩა შუმერული, სალიტერატურო ეპოსის ენა.

შუმერები უკვე წერდნენ ძვ.წ. 4000-3000 წლებში, ე.ი. ჩვენგან დაახლოებით 6000 წლის დაშორებით (თუმცა მიკვლეული ფირფიტები უფრო გვიანდელია, ძვ.წ. 2000 წ.). გადარჩენილი ფირფიტებიდან მეცნიერებმა ამოიკითხეს მრავალი მითი, ლექსი, მთელი ეპოსი (. ლუგალბანდა). ასირიული ხელოვნების და ძლიერების ოქროს ხარის საჭის მპყრობელი ასურბანიპალი, რომელიც ქრისტემდე 629 წლით ადრე გარდაიცვალა, გაოცებული შესცქეროდა "ძნელად გასაგებ" შუმერულ დაფებს და თავის ბიბლიოთეკაში, სადაც 25000 თიხის ფირფიტა მოაგროვა, გულისყურით ისმენდა იმას, რასაც მითური ბრძენი ადაპა მოუთხრობდა (ძვ.წ. 2800-2700 წ. ფრაგმენტებიდან).


შუმერი


"შუმერუ" - ესაა ხალხი, რომელმაც "შექმნა უდავოდ კაცობრიობის ყველაზე უფრო ძველი კულტურა საერთოდ" (იოჰ. ფრიდრიხი, დამწერლობის ისტორია, ჰაიდელბერგი; 1966, მოსკოვი, 1979, გვ. 60). ეს საარაკო გარემოება კიდევ უფრო ზრდის შუმერული მითოლოგიის და ისტორიის მნიშვნელობას, როგორც საყოველთაო მნიშვნელობის ფენომენს.


მკვლევარები, ხელოვნების ისტორიკოსები დღემდე წერენ: "ვინ არიან შუმერები? იქნებ სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ საერთოდ ჩვენი ცივილიზაციის ისტორია? ამავე დროს ჩვენ არაფერი ვიცით მათი ჩამომავლობის შესახებ. მათი ენა არ ჰგავს ჩვენთვის ცნობილ არც ერთ მკვდარ ან ცოცხალ ენას" (ლევ ლიუბიმოვი, "ძველი ქვეყნის ისტორია", მ., 1971, 106).


შუმერი


ამაზე სრულიად თამამად შეიძლება ვუპასუხოთ, რომ შუმერული ენა ჰგავს ამჟამად ცოცხალ ენას - ქართულს. ამის თქმის საშუალებას იძლევა მითი, ისტორია, ენა, ანალიზი, რაც უცხოეთისა და ქართველი მეცნიერების მრავალ შრომაში დიდი ხანია სერიოზული კვლევისა და განსჯის საგნად ქცეულა. უდავო შეხვედრის უამრავი მაგალითი ეჭვს არ იწვევს, რომ ამ გზაზე მეცნიერება მეტ წარმატებას მიაღწევს.


შუმერი


შუმერთა მითური წარმოდგენები დაედო საფუძვლად აქადურ, ბაბილონურ, ასირიულ და სხვა ხალხთა მითურ სისტემებს. მათი ძლირი კვალი ჩანს ქართულ მითოლოგიაშიც, რადგან ყველა მონაცემით მტკიცდება ამ ძველი ცივილიზაციების ხალხთა სიახლოვე, სისხლით და კულტურით ნათესაობა.


შუმერთა ყველა ქალაქ-სახელმწიფოს თავისი უზენაესი ღმერთი-მფარველი ჰყავდა. მათი განპიროვნებული სახე ვარსკვლავებს უკავშირდება (ვარსკვლავ-ღმერთი). მათგან უძველესი, მატრიარქატის ჟამინდელი ქალღმერთია ინანა, ნათესთა, ნაყოფიერების და დედობის მფარველი, არსთა მშობელი, ურუქის ხთონური და ზოგადად შუმერული ღვთაება, მეორე დიდი ღვთაება იყო დუმუზი - ბაბილონელთა, აქადთა, სემიტთა მითრა, შემდეგ აქადებისგან წოდებული როგორც თამუზი, მარცვლეულის ბედის გამრიგე, რომელიც მარადიულ ჟამთა წრეში კვდება და აღდგება (შეად. ადონისი). მიწათმოქმედთა ბედი დაკავშირებული იყო წყალთან, მიწასთან, ცასთან. ამიტომ შუმერთა ღვთაებრივ სამებას განასახიერებდა ცა (ანი, ანუ), მიწა (ენლილი) და წყალი (ენკი, ენგური, ეა, იგივე ცოდნის, სიბრძნის ღვთაება).


შუმერი


ენკის საკულტო ცენტრი იყო ქალაქი ერიდუ, ენლილის - ნიპური, მზის ღმერთ შამაშის (უტუს) - სიპარა, ხოლო სინის (მთვარის) - ური. დროთა მანძილზე ეს ლოკალური ღვთაებანი მთელი შუმერის სათაყვანოდ იქცნენ. ეა - წყალთა მეუფე წარღვნის მითშიც დიდ როლს ასრულებს. გილგამეშიანშიც აშკარად მოქმედებს და ამირანშიც პოულობს გამოძახილს. ენლილმაც დამატებითი ფუნქციები შეიძინა და მზის ჰიმნში "ლილეო", რაც სვანურში დღემდე მთავარი სიმღერაა, მზის ღვთაების გაგებასაც იძენს. ენკი, ენგური, მიწისქვეშა ღვთაება შემორჩენილია სვანეთის მთავარი მდინარის სახელში (ენგური), ასევე ლახამი (სოფელია სვანეთში, შუმერში ლახამუ მიწისქვეშა წყალთა მეუფე იყო).


შუმერი


დროთა განმავლობაში გამოჩნდნენ ტაძრები, ქურუმები, მწერლები, რომელთაც მითები (მათი რწმენით, სრული სიმართლე), ჩაწერეს. ყოველი ქალაქის მეფე რომელიმე ღმერთის შთამომავალი იყო. მაშვრალ ხალხთა, მონების დასაშოშმინებლად შუმერში უკვე შექმნეს სამოთხის მითი, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო სხვა ხალხთა მითებსა და რელიგიებს. მითებშივე აისახა ადამიანის მარადიული მისწრაფება უკვდავებისაკენ და რაკი ამას მკურნალობით ვერ ახერხებდნენ, საქმე ფანტაზიას მიანდეს. ზღვის ფსკერზე ჩაუშვეს ღმერთკაცი გილგამეში, იქ მოწყვიტა ყვავილი, რომელსაც ერქვა "მოხუცი ჭაბუკდება" (ასევე ბალახით ცოცხლდებიან ამირანი, ბადრი, უსუპი, თაგვი პოულობს ზღაპარში ბალახს, რაც მკვდარს აცოცხლებს; მედეას ბაღის ყვავილები სხეულს ჯანმრთელობას სძენენ და მიცვალებულებს აცოცხლებენ).


შუმერი


შუმერ მლოცველთა კირქვისა და ალებასტრის ფიგურები საშუალოდ 90 სმ. სიმაღლისა არიან, ფეხზე დგანან და კლასიკურ სახეებს ქმნიან )ძვ/წ/ 2700 წ.).

შუმერები ადამიანს აგურისას ეძახდნენ, რადგან თიხისაგან გამოძერწა ენქიმ (გვიანდელმა ეამ). ეს შეხვედრა პრომეთესთან და ბიბლიურ იაჰვესთან ძალიან მყარია.


შუმერულ მითოლოგიაშიც თავისებურად აისახა სამყარო, აქაც მკაცრი წესრიგი და კანონზომიერებაა, პოეტ. მიგნება, რასაც პოეზიაში დღესაც ვაფასებთ და ღრმად გაზრებული ცხოვრებისეული გამოცდილება, მსოფლგაგება, რისი აღრევაც არ შეიძლება არც ფუჭ ფანტაზიებთან, არც ზღაპართან და არც ისტორიასთან, მაგრამ შეიცავს ყველა ამ ელემენტს და იძლევა ზოგადი პოეტური აზროვნების ტრადიციის ჩანასახს, დასაბამს, საძირკველს. მისი მთავარი ეტაპებია: შექმნა - წარღვნამდელი მითოსი - წარღვნა - ისტორია.


შუმერი


შუმერ-აქადურ მითოლოგიაში სამყაროს ვერტიკალური დაყოფის პოეტურ სურათს თვალსაჩინოდ ასახავს კოსმიური ხე, წმინდა ხალები, რომლებიც ბურანუნას წყლის პირას აღიმართა, "როს კაცთა მოდგმა დაემკვიდრა... როს ანმა ცა წარიტანა, ენლილს მიწა მიეკუთვნა, ერეშქიგალს ძღვნად მიეცა სამეუფო ქვესკნელისა".


შუმერული მითოლოგია მთელი შუამდინარული (შუმერ-აქად-ბაბილონური) მითოლოგიის საძირკველია, ჩადგმული უზენაესის მარკვენა და მარცხენა თვალთა - ტიგროსისა და ევფრატის მძლავრი ნაკადებით შემოზღუდულ მიწაზე. აქ ჩაეყარა საფუძველი ცისა და მიწის მომცველ მოვლენათა ცოდნას, ეპოსს, საწესი და საყოფაცხოვრებო პოეზიას, ვარსკვლავურ კალენდარს, სკოლას, სამკურნალო ხელოვნებას (ცხადია, არც სხვა ხალხთა წვლილს ვივიწყებთ). პოეტი უმღერის იმ დროს, როცა ყველა ხალხი ენლილს ერთ ენაზე ადიდებდა, აკვირდებოდა ვარსკვლავეთს და აგებდა ზიქურათებს, ამათლებულ ტაძრებს. აქაც მოციმციმე რქოსანი ვარსკვლავია ღმერთის სიმბოლო, დიდების ნიშანი, სახლზე მოკიაფე მნათობი, რომლის ქვეშაც იბადება ყველა ღმერთი (მარდუქის ვარსკვლავი, ნარამ-სინის მნათობი). გმირსაც და მეფესაც ნათელი რქა ადგათ თავზე. ეს მოტივი ქართულ მითოლოგიაშიც და ფოლკლორშიც შემონახულია: "რქანათელი ხარი", "გადგება სვეტი თავზედა", "აანთეს წყვილი სანთელი, დააკრეს ორსავ რქაზედა" - მარჩენალ ხარს, და სხვ. ასეთი კარდინალური ყოფითი რეალიები, სიუჟეტები პარალელს ან საფუძველს პოულობენ შუმერულ მითოლოგიაში.


შუმერი


შუმერული მითოსის თანახმად, სიკვდილი და სიცოცხლე, ნათელი და ბნელი, ქვესკნელი და ზესკნელი, მიწა და ცა, ვითარცა ფური და ხარი, დღე და ღამე, განუყრელი და მარადიული ორეულებია. ქვესკნელიდან აღორძინდება სიცოცხლე, ამიტომ ნერგალი (სიკვდილი) და შამაში (მზე) ერთი და იგივეა. თითქმის ასევეა ეგვიპტურ, ბაბილონურ, ბერძნულ მითოლოგიებში (ნ. ოსირისი, ჰადესი, დიონისე, რა...).


ეგვიპტური რასავით ღამეულ სახლში (განუნში), ქვესკნელის ოკეანეში ჩადის ქალღმერთი ინანა (მწუხრის ვარსკვლავი), მზე, ვარსკვლავები, ბუნების ძალნი და არსნი ყოველი. იქიდან აღმოცენებული სიცოცხლის ხე სიმბოლოა ბნელისა და ნათლის, მიწისა და ცის მთლიანობის, არსთა კავშირის.


შუმერი


დიდია ქვესკნელის ძალა. შუმერთა "საშინელი ფიციც" ისევე მტკიცეა, როგორც ბერძენთა ("ქვესკნელი", აქ მეტად ფართო ცნება, უნდა დაზუსტდეს: სტიქიის ნაკადის ფიცი): "სტიქსი დააფიცა ზევსმა, როცა ცბიერ ჰერას უდასტურებდა, დღეს პირველად შობილი პერსეიდა იქნებაო მიკენის მეფე. ეჭვიან ოდისევსს ნიმფა (ქალღმერთი) კალიფსო ასე ეფიცება: "დაე, უწყოდეს დაბლა მიწამ, მაღლა ფართო ცამ, ძირს კი მქუხარე სტიქსის წყლებმა, რაც ნეტარ ღმერთთა უდიდესი და საშინელი საფიცარია, რომ აღარაფერს არ ვიზრახავ შენ საზიანოდ" (ჰომ. ოდ. 5, 184-187). ასევე ფიცულობს გილგამეში: "გილგამეშმა ზეცა დაიფიცა, მიწა დაიფიცა, ქვესკნელი დაიფიცა".


შუმერი


პოეტურ სიტყვაშია ხორცშესხმული შუმერთა მითი და ისტორია. "ლურსმნულ ნაწერებში შემონახული შუმერული ლიტერატურა უდავოდ მსოფლიოს უძველესი ლიტერატურაა" (ჰ. ფრაიდანკი, ძველი აღმოსავლეთი, ლაიპც., 1978, 419). ესაა ელეგიები, მითები და ჰიმნები, რომელთაც ზეგავლენა მოახდინეს აზიისა და ევროპის, კერძოდ ბერძნულ ლიტერატურაზე. მარტო მითოლოგიურ0ეპიკურ ტექსტებს (ძვ.წ. II ათასწლ.), რომელნიც მერე აქადებმა გადაიღეს, 2000 ფირფიტა უჭირავთ. ენკის, ენლილის და ინანას ამბავი, სამყაროს მოწესრიგების ამსახველი მითები, ღმერთთა, ჰეროსთა და მეფეთა ყოფის ამბები შეადგნდნენ ამ ლიტერატურის მთავარ ნაწილს: როგორ გაყო ენლილმა ცა და მიწა, როგორ შექმნა ადამიანი, რათა ღმერთებს ჯაფა ააცილოს. ენლილის და ნინლილის მითი, თუ როგორ სძლია ენლილმა ამ ქალღმერთს, როგორ განიდევნა ქვესკნელს, როგორ შვა ენლილმა მთვარის ღმერთი - ნანა, როგორ გაჰყვა მერე ქმარს ქვესკნელში, როგორ შვა დანარჩენი ღმერთები;


შუმერი


როგორ დაქორწინდნენ ღმერთი ენქი და ნინჰურსანგა, როგორ შვეს მრავალი ქალღმერთი, როგორ აღმოცენდა მათი 8 ასულისგან 8 მცენარე, როგორ გახდა ავად ენქი და ისევ გაჯანსაღდა ამ 8 მცენარის წყალობით, რომელნიც ნინჰურსანგამ შვა; როგორ შექმნეს ენქიმ და ნინმახმა ადამიანი თიხისგან (ბიბლიური მითის უძველესი სახე); როგორ ტანჯავს ადამიანებს 7 ცოდვა; როგორ შექმნა ენქიმ მსოფლიო წესრიგი; როგორ მოგზაურობენ ღმერთები; როგორ მოიტაცა ქალღმერთმა ინანამ ენქის "მე", ღვთაებრივი ძალა, რაც ურუკში დარჩა. როგორ ამაღლდა ინანა და გახდა ცის ღმერთის, ანუს მეუღლე, როგორ ჩავიდა ინანა ქვესკნელს თავის დასთან, ერეშქიგალთან, რომლის წინაშეც კვდება; როგორ ჩაეშალა ქვესკნელის ტახტის დაუფლების განზრახვა, როგორ გადარჩა ენქის რჩევით და თავი დააღწია ქვესკნელს იმ პირობით, რომ სამაგიეროდ ვინმეს გაგზავნიდა, - მაგიერი კი გამოდგა მწყემსი დუმუზი (თამუზი), ინანას საყვარელი და ქმარი ("ინანა, ენქიდუ და დუმუზი"). შემდეგ მოთხრობილია ინანას შურისძიება მებაღის გამო, რომელიც შეუცნობლად და ამაოდ დაწვა მასთან; მოთხრობილია მრავალი ქორწინების, ღალატის, შურისგების, მთის ხალხთან ბრძოლის ამბავი, მარტუს და ლუგალბანდას მითები.


შუმერი


შუმერული მითოლოგიის კლასიკური ნაკადი ტიგროსივით მძლავრია და მსოფლიო ცივილიზაციის თვალსაჩინო ფურცელია. შემონახულია ამბავი წარღვნის, ადამიანთა შექმნის, სამყაროს მოწესრიგების, უკვდავებისკენ მისწრაფების და ა.შ. მაგრამ არა ოდენ ფანტაზიის ვარჯიში იყო შემოქმედი ხალხის საქმე. მთავარი საზრუნავი არხების გაყვანა იყო. ადამიანმა უნდა იშრომოს, უნდა უყვარდეს სიკეთე და სძაგდეს სიკეთის მტერი, სიავე. მეფე კეთილთა მფარველი უნდა იყოს და არა მტარვალი. მეფობა ცით ჩამოსულია, მას შამაშის (მზის) მსგავსად უყვარს სიკეთე. რა არის ხალხი მეფის გარეშე? მხოლოდ ცხვარია, მწყემსის გარეშე. ერთ მითში ადაპას ეკითხებიან, ძაძით რად მოსილხარო?

"- ორი ღმერთი დაიკარგა, ამად ვმოსილვარ ძაძით. - "რომელი ორი ღმერთი?" - "თამუზი და გიშდა". თამუზი, ნაყოფიერების სიმბოლო, იღუპება კაცთა გულისთვის. მისი სისხლი ჩქეფს ცოცხალთა ძარღვებში.


შუმერი


შუმერეთს სწამდა: ქაოსს ცვლის წესრიგი, წესრიგს - ქაოსი, და ამ მარადიულ მოძრაობაში არის დიდი აზრი, წინსვლის იმპულსი. ახალი სამყარო, ახალი კოსმოსი ძველისა და იდეალურის მსგავსაც უნდა მოაწყოს ადამიანმა. კაცობრიობისთვის, ყოველი ადამიანისთვის დაღუპული ღმერთის, დუმუზის სისხლი ტვირთად აწევს ადამიანს და უნდა გამოისყიდოს იგი. ეს ყოველივე თავისებურად გამოიყენეს სხვა რელიგიებმა. მათ შორის ქრისტიანობამ. შუმერებს უკვე აქვთ მთელი სისტემა, კოსმოგონიისა და თეოგონიის ჩამოყალიბებული სურათი და ის გვაოცებს არამარტო სიძველით, არამედ სრულყოფილებითაც. ეს ფრაგმენტებიდანაც კი ჩანს. ფანტაზია შუმერებს უხვად ჰქონდათ მომადლებული. მათი მითური წარმოდგენები (წარღვნა, კეთილის და ბოროტის ბრძოლა, საიქიო) საფუძვლად დაედო ეგზომ სრულყოფილ ბიბლიურ და ნაწილობრივ ქრისტიანულ მითებს.


შუმერი


გილგამეშიანში მოთხრობილია ცისა და მიწის გაყოფის ამბავი:

ოდეს ზესკნელი ღმერთებს განშორდა,

ძირს გამოეყო ზესკნელს ქვესკნელი,

ოდეს დამკვიდრდა მოდგმა კაცისა,

დაისაკუთრა ანმა ზესკნელი,

ენლილი ხმელეთს დაეპატრონა,

ერეშქიგალს კი ერგო ქვესკნელი".


ამ ვერსიით ინანა გილგამეშის დაა. ამ მითებში მხოლოდ დეტალები შეიცვალა. აქადებს, სემიტებს პირველად, საკუთარი მითების სისტემა არ გააჩნდათ, უბრალოდ უწოდებდნენ ღმერთს ბელს (უფალს), ქალღმერთს - იშთარს. შემდეგ შუმერული რელიგია და წარმოდგენები გადაიღეს, მხოლოდ ცოტა რამ გადაასხვაფერეს (ენლილს უწოდეს ბელი, დუმუზს - თამუზი). ზუსტად ასევე მოხდა გვიან ევროპაში, როდესაც ბერძნებმა მითოლოგია, ცივილიზაცია და წარმოდგენები გადაიღეს პელაზგებისგან, ხოლო რომაელებმა ეტრუსკებისგან და შემდგომში ბერძნებისგან.


შუმერი


სამყაროს შექმნის მითი შუმერული კოსმოგონიით (მცირე განსხვავებით) ასე წარმოგვიდგება: თავდაპირველად იყო უკიდეგანო ოკეანე, სხვა არაფერი. ის არასოდეს არავის შეუქმნია, არამედ იყო მუდამ და ყველგან. მის წიაღში მობინადრე დედათა დედამ, ნამუმ, მრავალი ათასწლედის შემდეგ შვა უზარმაზარი მრგვალი მთა, რომლის წვერზეც ბინადრობდა ღმერთთა შორის უძველესი, ანი. ქვემოთ იწვა დედამიწის ქალღმერთი - კი (შეადარეთ ბერძნული გე, გეა, ეგვიპტური გებ, სვანური გიმ - ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრები). განუყოფელი ანი და კი (ცა და მიწა) უმამოდ, დედს წიაღში შობილი ბუმბერაზები სპილენძის დანით გათიშა მათმა შვილმა, დიდმა ნათელმა ღმერთმა ენლილმა, რომლის ყოველი კიდური შუქს აფრქვევდა (მზის ღვთაების ატრიბუტი), ყოველი მოძრაობა კი ქარიშხალს ამოაგდებდა. ენლილის მსგავსი საქმე გააკეთა სულ სხვა დროსა და ადგილას მექსიკელთა ღმერთმა კეცალკოატლმა. ასევე გაჰყო ცა და მიწა პოლინეზიელთა ღმერთმაც.


შუმერი


ანმა და კიმ გათიშვამდე შვეს შვიდი გონიერი და უძლიერესი ღმერთი და ქალღმერთი, სამყაროს უზენაესი განმგებელნი, რომელთა დაუკითხავად თვითონ ენლილი ვერ წყვეტდა დიდ საქმეებს. შემდეგ იშვა კიდევ 50 ღმერთი და ბოლოს ანუნაკები ("ანის ძენი"), დიდ ღმერთთან ნების აღმასრულებელი მცირე ღმერთები. ასე მომრავლდნენ ღმერთები და სივიწროვეში იტანჯებოდნენ. მაშინ გადაჭრა ენლილმა თაღის კიდეები, ცამ აიწია, დედამიწა ძირს დარჩა. თაღის ნამუსრევ ლითონებს ადამიანები მიწაში პოულობენ. ანი ცის მეფე გხდა, ენლილი - დედამიწის, რომლის შუაგულშიც გააშენა დიდებული ქალაქი ნიპური. აქედან ესტუმრებოდა ხოლმე ანს, ეკითხებოდა რჩევას და აწესრიგებდა საქვეყნო საქმეებს.


შუმერი


"ოდეს ცა ერგო ანუს, ოდეს ენლილს ერგო მიწა, მაშინ ერეშქიგალმა შექმნა კური (ქვესკნელი? დრაკონი?). წმინდა მდინარე ევფრატთან ერთი ხე იზრდებოდა, მდინარის ტალღებმა მას ფესვები გადაურეცხა და ქარმა მოგლიჯა. მაშინ ქალმა (ინანამ) გამოიარა, ხე ურუკში ჩაიტანა და გაახარა, მაგრამ ამ ხის ფესვში გველმა დაიბუდა, თავზე - არწივმა ანზუდმა. ატირდა ინანა და ეს ამბავი გილგამეშს შესჩივლა. აიღო გილგამეშმა სპილენძის ნაჯახი, განგმირა გველი, მთაში ისროლა არწივი, დაანგრია ლილიტის (დემონის) სახლი, მოჭრა ხე და ინანას ტახტად მიართვა.


შუმერი


ანის ასულთაგან ყველაზე ცბიერმა და პატივმოყვარე ნუნგარშეგუნემ დიდი საქმე განიზრახა: ენლილს მიათხოვა თავისი მშვენიერი ასული ნინლილი, რომელსაც საგანგებო დავალებით აგზავნიდა ნინბურდის მძლავრ, ანკარა ნაკადში საბანაოდ, რათა იქ მოსეირნე ენლილს ენახა შიშველი ქალწული და ვნებით ანთებულიყო. როცა ქალიშვილმა სინორჩე მოიმიზეზა, ერთგულ ნუსკუს რჩევით, ენლილმა ნავით გაიტაცა შიშველი ენლილი და მის წიაღში ჩასახა სხივოსანი ღმერთი ნანა, ნანარი (მთვარე, იგივე ბაბილონელთა სინი). ძალადობამ აღაშფოთა 7 ძლიერი ღმერთი, ენლილს ქალიც გამოექომაგა, მაგრამ სასჯელს თავი ვერ დააღწია. ქვესკნელს ჩასვლა გადაუწყვიტეს (შეადარეთ ჰადესის მიერ პერსეფონეს მოტაცება და ზევსის მსჯავრი).


შუმერი


განკიცხულ ენლილს უფრო ის აწუხებდა, რომ მისი სხივოსანი ძე ქვესკნელის წყვდიადში უნდა შობილიყო და ცბიერებას მიმართა, ერთგული ცოლი გააფრთხილა - ქვესკნელში პირველი ჩავალ, შენ მომყევი, სამივე გუშაგის ნება აასრულე და მესტუმრე - ცოდვილი უცოდველი დარჩებიო. ქალი ქმარს მიჰყვა და მისივე ბრძანების თანახმად გულის საწადელი აუსრულა ვნებააშლილ მეკარეს, მდინარის მეუფესა და მენავეს (შუმერთა ქარონს). აღმოჩნდა, რომ სამივეს სახით გზაში ქალს ხვდებოდა სახეშეცვლილი ენლილი. ქალმა გაიხარა, რომ სამგზის საკუთარ ქმართან დაწოლილს ჩაესახა სამი ღმერთი, თვითონ კი უცოდველი დარჩა. ეს სამი ღვთაება ქვესკნელში დარჩა, პირველი ღვიძლი შვილი კი ცად ავიდა და დედამიწას შუქს აფრქვევს, ქურდი და მკვლელი ვერსად ემალება მის ციურ ნათელს.


შუმერი


როცა ანი ციურ ველებზე დასეირნობდა, ქვეყნიერებას მისი შვილიშვილი, ნანარი ასხივოსნებდა. ნავით მიჰყვებოდა ციურ მდინარეს (შეადარეთ ეგვიპტური მითოლოგიის მოტივი: მზის ღმერთი რა ნავით მიცურავს ციურ და მიწისქვეშა ნილოსში; ბერძნული ჰელიოსი კი იმავე გზას გაივლის ეტლით და ოქროს ნავით). თანავარსკვლავედები ნანარს ნავით დაჰყვებოდნენ, გარშემო კი მარცვალივით მიმობნეულია წვრილ-წვრილი ვარსკვლავები. საღამოს, დაღლილი ღმერთი მსოფლიო ოკეანეში შეაცურებს თავის ნათელ ნავს.


ნანარას საყვარელი შვილები არიან ვაჟი უტი და ასული ინანა. უტის ეტლი ცას სერავს, ქვეყანას ანათებს, ქურდსა და ბოროტმოქმედს აძრწუნებს. ასე დაინაწილეს დრო ენლილეს ძემ, ნანარამ და შვილიშვილმა უტიმ.


შუმერი


მალე ენლილიც დაბრუნდა ქვესკნელიდან და მშვენიერი ნინლილის შეწევნით ააგო ლაჟვარდის ქვის სასახლე თავის ბრწყინვალე ქალაქ ნიპურში. იქვე განუჩენდა სამართალს ღმერთებს და ადამიანებს. ანმა კი ურუკის მბრძანებლად დანიშნა თავისი ბადიში, ნანარის ასული ინანა, რომელსაც დროდადრო უგზავნის ციურ ხარს. ეს ხარი ბასრი რქებით მუსრავს მის მტრებს. ქვესკნელიდან დაბრუნებული ენლილი დედამიწაზეა, უზენაესი მამა-ღმერთი ანი ყოველდღე აგზავნის ფრთოსან შიკრიკებს, რომელნიც მოუთხრობენ, რაც ხდება დედამიწაზე (შედარებითი მითოლოგიის თვალსაზრისით, ძალზე საყურადღებოა ოდინის ორი ყორანი სკანდინავიურ მითოლოგიაში, რომელნიც ამავე მოვალეობას ასრულებენ და აპოლონის ყორანი ბერძნულ მითოლოგიაში).


შუმერი


ენლილის თანაშემწე და მთავარი მრჩეველია მისი ძმა, უბრძნესი ღმერთი ენკი, რომელიც ჭკუა-გონებით წვდება ყველა სიღრმეს და სიმაღლეს. ცას რომ უახლოვდება, კეთილისმყოფელი წვიმა რწყავს მიწას; მიწას რომ უახლოვდება, კალაპოტები ნაკადებით ივსება, ბუნება სიცოცხლით სუნთქავს, ტიგროსისა და ევფრატის წყლები თევზით ივსება, მიწის წიაღი - მადნეულით, ტყე-ველი - ფრინველით, მაგრამ ღმერთები გრძნობენ, რომ მათ ქმნილებას რაღაც აკლია, დედამიწა თითქოს მაინც ცარიელი და მკვდარია. მხოლოდ ანის სამეფოდან ჩამოფრენილი ფრინველები აცოცხლებენ მცირე ხნით. ფრინველი და თევზი მაინც ვერ ავსებს ქვეყნიერებას. ანუნაკები ბალახს ჭამენ, გუბის წყალს სვამენ, არავინ არაფერი იცის.


შუმერი


მაშინ შეიკრიბა 7 მთავარი და 50 სხვა დიდი ღმერთი, იმსჯელეს და თიხისგან გამოძერწეს პირველი ღვთაებრივი ჭაბუკი მწყემსი ლახარა (შუმერთა ადამი, ოღონდ ესაა ღვთაების ტოლი) და მისი და, მზრუნველი ქალღმერთი აშნანი. აშნანმა ციდან მორეკა თხა და ცხვარი. შუმერთა პრომეთემ - ბრძენმა ენკიმ თოხი გაუკეთა ლახარას, ხვნა-თესვა ასწავლა. და-ძმა ჯერ მეგობრობდნენ, შემდეგ კი შურმა იმძლავრა. "ჩემი რძე და სამოსი რომ არა, ღმერთები როგორ იარსებებდნენ?" - ედავებოდა ლახარას აშნანი. ღმერთებმაც მას დაუჭირეს მხარი (ქართულ მითებში აქ თანხმობას ამჯობინებენ) და მწყემსს უბრძანეს, ქალს დამორჩილებოდა (მატრიარქატის გამართლება).


შუმერი


ქვეყნად ჯერ კიდევ არ იყო ადამიანი. ღვთაებრივი და-ძმის მიწოდებული საჭმელ-სასმელი ღმერთებს არ ჰყოფნიდან, ციურნი შიმშილობდნენ და იყინებოდნენ. ისევ შეიკრიბა ანის შთამომავლობა და ბრძენ ენკის სთხოვეს დახმარება. ენკი იწვა ბნელ ქვესკნელში და მავედრებელ ღმერთებს არ უსმენდა. ბოლოს დიამთავარი ნამუ მივიდა და უთხრა: ო, შვილო ჩემო, ნუ გძინავს და მიატოვე საწოლი შენი. ჩაიდინე საქმე საგმირო და იხსენი მშიერ-მწყურვალი ღმერთები, გაუჩინე მსახურები!" მაშინღა აღდგა ენგური (ენქი), ამოიტანა თიხა და ისევ დიამთავარს (დედამთავარს) სთხოვა მოეზილა ეს თიხა და აეღორძინებინა შიგ ჩასახული არსებები. მათი მეცადინეობით შეიქმნა კაცთა მოდგმა. ესეც დიდი ცდითა და ჯაფით მოხდა. ქალღმერთების გამოძერწილი ფიგურები უსქესო ქალი და კაცი აღმოჩნდნენ, არავითარი აზრი და მიზანი არ ჰქონდა მათ არსებობას. ენკის პირველი ნაძერწიც უმწეო და უბადრუკი არსება გახლდათ. მაშინ თიხა ისევ მოზილა და ახლა უკვე დიდი გულმოდგინებით გამოძერწა მძლავრი, გონიერი, ღმერთების მსგავსი, ოღონდ მოკვდავი ადამიანები, ლახარისა და აშნანის საიმედო შემწენი.


შუმერი


ასე ზრუნავენ შუმერის კეთილდღეობისათვის ცისა და მიწის ღმერთები. ენლილიმ შვა ემეში და ენტუნი - ღვთაებრივი ელჩები, რომელთაც შუმერის გამდიდრება დაევალათ. ენტუნმა ცხვარს უბრძანა, მოეგო ბატკანი, თხას - თიკანი, ძროხას - ხბო. ასე შეიქმნა სიუხვე"... სიბრძნისა და მიწისქვეშა წყალთა ღმერთი ენკი (ენგური) დადის და შუმერის ბედს კვერავს: ო, შუმერის ხალხო, აივსოს შენი ბოსლები, გამრავლდეს შენი ხარ-ძროხა, გაიჭედოს ფარეხი შენი!" დუმიზის აქვს მიწის ბარაქა, რამდენიც უნდა და კიდევ მეტი. გონიერი ხალხის ფანტაზიის მიერ შექმნილი ღმერთები მოქმედებენ არა სიტყვით, არამედ საქმით და იციან, რომ ქვეყნის ღონეა არა ამაო ქადაგება, არამედ სიუხვე და ბარაქა. ეს უძველესი მითური სიბრძნე გონიერთათვის დღესაც მთავარი პრობლემაა (მარტივი და ნათელი დევიზი: ჯერ კუჭი, მერე ფილოსოფია!).


შუმერი


ამ ბრწყინვალე მითოლოგიური მოთხრობის მიხედვით, რაც რელიგიის შექმნის სანიმუშო ვარიანტია, კოსმოგონიური სქემა ასე წარმოგვიდგება: ოკეანე - დედათა დედა ნამ - მთა - ანი (ცა) - და კი (ვი, დედამიწა) - ენლილი - 50 ღმერთი და ანუნაკები.

შუმერულ მითოლოგიაში სულ დაახლოებით 600 დიდი და მცირე, კეთილი და ბოროტი ღვთაებაა ცნობილი.

შუმერული ხელოვნებაც მითოლოგიური ილუსტრაციებისგან შედგება. აქ უთვალავი ძეგლია და უთვალავიც კიდევ მიწის წიაღშია.


შუმერულ, ბერძნულ და ზოგადად, ყოველ მითოლოგიაში თავისებურადაა ჩაქსოვილი დაწერილი და დაუწერელი ფილოსოფიის არსებითი საკითხები. ამავე დროს, ესაა ჭეშმარიტების ძიების იმპულსი, გასაღები, წყარო, საძირკველთა წვდომის საშუალება, ხიდი, არიადნეს ძაფი. ამ თვალსაზრისით, შუმერული მითოლოგიაც ჩვენში ასეთ პოეტურ ასოციაციებს იწვევს:


შუმერი


"ქარი ღრუბლებს ერეკება საბაოთის ფარეხში,

მზეს პირსა ჰბანს სამძივარა, მისი პირისფარეში,

ზომავს დიდი მონადირე ციურ მხეცთა სამანებს

და უმღერის თეთრი გედი ფაეთონის სამარეს.

ჰეფესტოსის სამრეკლოდან ადის კვამლის სვეტები,

ყველას გზა აქვს საკუთარი, შენ სად მიერეკები?

ზოგი ეძებს სავსე სუფრას, ზოგი სატრფოს ხატებას,

მე შუმერში ვეძებ, ძმაო, წინაპართა ნატერფალს!"


ძალზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია შუმერი მოჭიდავეები ("სვანური ჭიდაობა"), ბრინჯაო (სიმაღლე 10 სმ. ნინტუს ტაძარი. დაახ. ძვ.წ. 2700-2600 წწ.).

შუმერულ ღვთაებათა სახეები, სიმბოლოები და ძლიერების სიტყვიერი გამოვლინება ფიქსირებულია თიხის ფირფიტებზე და მრგვალ სტელებზე, რომელნიც მრავლად ინახება ერაყის მუზეუმში. ერთი მათგანი, ფალოსის ფორმის, დიდი მრგვალი "სამახსოვრო ქვა" (ბაბილონურად "კუდურუ") პირველცნობებისა (ასეთებს მეფეები წყალობის ნიშნად აძლევდნენ ტაძრებს ან ცალკეულ პირებს) განსაკუთრებით საინტერესოა: ფალოს, ქვასანაყის ფორმის 60 სანტიმეტრამდე სიმაღლის შავ ქვას (დიორიტს) ზემო, წვრილ ნაწილში დიდი ღრიანკალები აქვს ამოკვეთილი. შემდეგ რქოსან ცხოველთა და ვარსკვლავის სახითაა გამოხატული ღმერთების სიმბოლიკა: ანი, ენლილი და ეა, მთვარის ღმერთი სინი, მზის ღმერთი შამაში, შვიდსახოვანი ქალღმერთი იშთარი (იგივე მთიები, პლანეტა ვენერა) და სხვა ღმერთები.


შუმერი


ქვემოთ მოცემულია ლურსმნული ტექსტები, წყევლის ფორმულები: "ვინც დაამატვრევს ამ სტელას, გაანადგურებს ან დაწვავს, მას გაუწყრებიან ეს დიდი ღმერთები, ზეთავზე გამოსახული სიმბოლოები კი დაატეხენ რისხვას, სნებას, თავის ტკივილს, უძილობას, სიმუნჯეს, სიყრუეს, უძლურობას, უბედურებას, უქონლობას, ვაებას, ტკივილსა და გოდებას უსასრულოდ და უსაშველოდ. ქალღმერთი ნინურტა, დაუხურე ბაგეები მას, ვინც ხელჰყოფს ქვას ამას!" ეს ქვა წარწერილ-მოხატულია ძვ.წ. 1082 წელს. მისი ყოველი ნიშანი სიძველითა და მითებით სუნთქავს.


შუმერი


ცალკე კვლევის საგანია შუმერული და ქართული, განსაკუთრებით კი შუმერულ-სვანური მითური შეხვედრები. აღნიშნულის გარდა საყურადღებოა შუმერულ-ბაბილონური იშთარის ბაყაყად წარმოდგენა, რაც დამახასიათებელი მოტივია ქართულ ზღაპრებში (ბაყაყი-მზეთუნახავი). ნ. შამაში, ეა, ინანა, ნანარი, ბაბა, თამუზი, ბელი, ენლილი, ენქი, ენგური, ლახამუ, ენქიდუ, ერა, მე...


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



სტატიები შუმერების შესახებ:


1. შუმერები

2. შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები

3. შუმერული სამხედრო წყობა

4. შუმერები ამერიკაში?

5. შუმერები კავკასიიდან იყვნენ?

6. აბზუ, იგივე აფსუ

7. ენგური - შუმერული წყალთა ღმერთი

8. ენქი - შუმერი წყლისა და მიწის ღმერთი

9. ეა - შუმერული წყლისა და მიწის ღმერთი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
1095
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1095
  
2020, 22 იანვარი, 16:13
კეთილი ეგრე იყოს, მაგრამ კოლხური ხომ დადასტურებულად ჩვენია, ქალდეა კი ისე, შუმერ-ძველი წინაპრების ხათრით ვახსენე:)
2020, 22 იანვარი, 15:13
უფრო სწორად შუმერულ-კოლხური :) ქალდეველები უფრო აღმოსავლეთ ქართველებთან არიან კავშირში.
2020, 22 იანვარი, 15:03
არაფრის თორნიკე, მე ორმაგად მომწონს შენი სტატიები - სვანურ-მეგრული ფესვების ქართველი ვარ, ანუ შუმერულ-ქალდეველური:)
2020, 22 იანვარი, 14:21
დიდი მადლობა კახაბერ, გაიხარე
2020, 22 იანვარი, 14:17
ბრავო თორნიკე, ძალზე საინტერესოა და კარგადაც გადმოეცი.
0 1 5