სიმარტივის დებულებანნი მომიახლოვდნენ, გადახლართული ფიქრების ბურუსში შესაღწევად. ჩემი ქაოსი როდია დაწყნარებული, ცუნამის სუნთქვა ისევ ღელავს არატრადიციულად და ამიტომაცაა, რომ ჩემი აზრთა მარაგიდან ამოკრებული სიტყვები მცირე, ზოგადი და შეიძლება ყვავილებისფერია, რომელიც იისფერლურჯი სუნის განცდას უფრო ჰგავს, ვიდრე გზის იმ წვიმიან ნაწილზე ნაქოლგარ გასეირნებას, რომელზეც: ილია, აკაკი, გამსახურდია, განდი და სხვანნი დადიოდნენ. ეს გზა როდია, იდეოლოგიური ძვრის ნაწყვეტი ჩემი მხრიდან, ეს ფიქრიც კი არაა, ფიქრის ანარეკლი თუ შეიძლება იყოს მხოლოდ. ამიტომ მომიტევეთ, რომ ამ ჯაჭვის ნაწილი გავხდი და დაუკითხავად მოგახვიეთ ამ ქაოსიდან ამოყრილი სიტყვები, რომელიც ისევე გაფანტულია, როგორც მშფორთვარე სუნთქვა.
მრავალ ცუნამად დატრიალდა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვი და არა მხოლოდ. რამდენიმე ტალღად წარიმართა სოციალური მედიის ღელვა, არამოულოდნელად შეეჯახნენ საპირისპირო აზრებიდან გამოტანილი დასკვნები, პესიმისტური ეპოქის დაუკითხავმა შედეგებმა, ას ოთხმოცი გრადუსის თეორემას შეგვაჯახა, და საპირისპირო კამპანიის ფრაზები ქუჩებს, კედლებს, აზრებს, ემოციებს ისე დაუკითხავად მოეხვივნენ, რომ ეს ყველაფერი აიხლართა, დაიბლანდა და დაიბნა ხალხი, დავიბენი მეც. მამარდაშვილის ფილოსოფიის ერთ-ერთი ასპექტი მახსენდება, რომ მხოლოდ მარტოობით შემიძლია შევქმნა ჩემი აზროვნების ძირითადი გასავალი, არ ვიცი ნამდვილად სწორი გზაა ეს თუ არა, თუ ნამდვილია, მიშველის? და თუ მიშველის, როგორ მივიდე იმ ნაპერწკალთან, საიდანაც მარტო უნდა ავანთო ბობოქარი, რევოლუციური ცეცხლი ჩემში, რომელიც ან დამწვავს, ან გამათბობს. ასეა ეს! შეიძლება გაჩვენონ გზა, მოგცენ რჩევა, გასწავლონ ცურვა, მაგრამ ცეცხლი მარტო უნდა დაანთო, უეჭველად უნდა იფიქრო, ცეცხლის დანთების შენეულ გზაზე, მისი საზრდო კი შეიძლება ტკივილიც იყოს. აი რაში შეიძლება გამოიყენო იგი. ეს წრებრუნვა მარადიულია ალბათ, და შეიძლება ამ კითხვებს მარტივ მონოლოგებშიც ვუსვავთ ჩვენს პერსონას, მაგრამ „სიტყვამ „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ“.
ამ გაფანტულობას, ჭეშმარტიად ასაზრდოებს სოციალურ მედიაზე არეკლილი ადამიანთა ხედვების გაორება და ამ გაორებიდან შექმნილი ჯაჭვის გაოცება, გაასება, გაორასება და ასე უსასრულოდ. მე ვიცი, რომ ეს ქმედება, ყველა ინდივიდში ქმნის საწყისს, და, რა თქმა უნდა, მათ არ დავუთქვავდი არც გათანაბრებას და არც სისწორის იდეალის მოთხოვნილებებს. ახლა მაშინებს, რომ ბრბოდ ქცეული საზოგადოება, ორატორის ემოციური სიტყვის ფონზე, შეიძლება დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს და ეს თუ არა, კიდევ ერთი სათქმელი ხომ მაინც ეკიდება, ისედაც დაბნეული ფიქრების ძაფს. საჭიროა გარკვეული კანონზომიერება. მე დაბნეული, გაფანტული ახალგაზრდა ვარ და უნდა ვიცოდე რომელ კედელზე ამოკითხულ წარწერაში ვიპოვნო ჩემი თავი. თუ მხოლოდ ერთს დამიტოვებ, სხვა გზა არ დამრჩება. ახლა ჩვენზეა, ამ გაორებული ძაფების, რომელ მხარეს ჩამოვიკიდებთ იარლიყად.
'
ერთხელ სტომატოლოგთან ვბაასობდი, ერთ მეტად მნიშნელოვან საკითხზე და ალბათ ჩემში, როგორც ბავშვში, ზედმეტად ჰუმანური დამოკიდებულება რომ შეამჩნია მითხრა: კარგი რა, სამყაროს ყელში ამოუვიდა ლიბერალებიო.მახსოვს, ჩემი ისედაც გაღებული პირი, წამიერი შოკისგან უფრო გამიფართოვდა. იმ დროსაც ვიცოდი, რომ ის ქალი ჩემზე ჭკვიანი იყო და უკეთესი მოაზროვნეც, მაგრამ ამ ფრაზის არსზე დავის შედეგი, ყავასავით დალექილი როდია. მართლა სადაოა, ადამიანში მისი საინტერესო ნაწილი უფრო აუცილებელია თუ-სასარგებლო. ვიცი, მაშინ ამან რაღაც ბავშვური ჩაკლა ჩემში, მაგრამ ეს ძალა იყო. ყველა ნაბიჯი, სახლიდან სკოლამდეც კი შეიძლება იყოს შენი ძალაუფლების სრუტე. მე პრინციპულად ვებრძვი ამ გაორების იდეას დღესაც, არ ვიცი წარმატებულად თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ უსათუოდ ვძლიერდები, და ცუნამთა ძალის სიჩქარის სადავეების ტექნიკასაც ვხვეწავ. სახლიდან-სკოლამდე გზაზე რომ ტალახი შემხვდება ვიცი და მიხარია, იმიტომ რომ გადავხტები, ყოველდღე ახალ გადასასვლელს ვუპოვი და ოდესმე იმაზეც დავფიქრდები, ის როგორ შევცვალო. ფრენა არ არის ამბოხი. თუ გაფრინდები, ნელა უნდა დაეშვა, არ უნდა დაეცე დამანგრევლად. სუიციდი ერთადერთი ბრძოლაა, რომელსაც ცხოვრებაში აგებ, დანარჩენი უბრალოდ ძალაა. ამ ძალის სრუტე ყველგანაა, სახლიდან-სკოლამდეც კი. ეს ერთადერთია, რაც ამჟამად ვიცი და რისი თქმაც შემიძლია. ჩემი ორი პრინციპის სიძლიერე დღის ბოლოს: იმ გზებზე სიარული, რომელზეც ყვავილები იზრდება და იმ ყვავილების მორწყვა, რომელ გზებზეც ივლი.
მადლობა.
ავტორი: სალომე გაფრინდაშვილი
17 წლის, საჩხერედან