საზოგადოება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლის ატესტატის აღება ყველასთვის უფასო ხდება 2019, 4 ივნისი, 16:29 განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახურის უფროსი ნინო თოდუა ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია ცვლილებების შეტანა შესაბამის დოკუმენტებში, რომლის თანახმადაც, პირველადი ატესტატის გაცემა ყველა პირისთვის უფასო იქნება.
მისი თქმით, ჯერ დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა ატესტატების გაცემის დღისთვის შესაბამის წესში ცვლილება უკვე ასახული იქნება. „ატესტატის გაცემის რეგულირების წესის თანახმად, პირველადი ატესტატი, ისედაც გაიცემა უფასოდ, მაგრამ ამავე წესში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ თუ იმავე წელს არ მიმართავდა პირი იუსტიციის სახლს, ასეთ შემთხვევაში ის მიიღებდა დუბლიკატს და იხდიდა თანხას, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა პირველადი ატესტატი. ვინაიდან კანონში განხორციელდა ცვლილება და გაუქმდა სკოლის გამოსაშვები გამოცდები, იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილია ინიციატივა ცვლილებების შესახებ, რომ ასეთ პირებზე გაიცეს პირველადი ატესტატი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება უფასო. ეს არის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი პრობლემა არის ის, რომ ეს საკითხი მართალია შეთანხმებული და გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ არ არის ასახული ნორმატიულ აქტში. ეს ცვლილება დღე-დღეზე უნდა განხორციელდეს. „ცვლილება ინიცირებულია იმ პირებისთვის, რომლებმაც დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმა, თუმცა ან არ დარეგისტრირდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე, ან ვერ მიიღეს დამაკმაყოფილიებელი შეფასება, ან არ გამოცხადდნენ გამოცდაზე. ასეთ პირებზე კანონის თანახმად უნდა გაიცეს სრული ზოგადი განათლების ატესტატი. რაც შეეხება გაცემის წესის საფასურს, ინიცირებული პროექტის თანახმად, მათ სახელზე 10 დღის ვადაში უფასოდ გაიცემა პირველადი ატესტატი“, – განმარტა განათლების სამინისტროს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახურის უფროსმა ნინო თოდუამ „24 ივნისიდან ვიწყებთ ატესტატების გაცემას და ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს და ეცოდინება ეს სიახლე ყველა ოპერატორს. საუბარია 24-დან როდესაც ვიწყებთ ატესტატების გაცემას, მას შემდეგ რაც ცვლილება შევა ატესტატის გაცემის წესში. დღეს დუბლიკატის გაცემა ნამდვილად ფასიანია. პრობლემის შემთხვევაში პირს ან მის მეურვეს შეუძლია დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე და გაგვასაუბროს თუნდაც ოპერატორი”, – აღნიშნა თოდუამ. განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, შეთანხმება იუსტიციის სამინისტროსთან მიღწეულია და ცვლილებების იურიდიულად გაფორმების შემდეგ, გასულ წლებში სკოლადამთავრებული პირებიც ატესტატებს უფასოდ მიიღებენ.134 შეფასება არ არის
|