სიახლეები თბილისში სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათის მთის მიმართულებით საბაგიროები აშენდება 2019, 24 აპრილი, 13:48
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით თბილისსი საბაგიროები სამი მიმართულებით აშენდება-სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა.
რომელი პროექტი განხორციელდება პირველად, ამას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ, 5 თვეში გადაწყვეტენ. "საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება - „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთა“. შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების მომზადება გვჭირდება, რომლის შემდეგაც უკვე სრული სურათი გვექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტრანსპორტის აღნიშნული სახეობით, ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს. „პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება, რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის და უკვე ხუთი თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება ის პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. საბაგირო გზები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. შეგახსენებთ, ამ სამი საბაგიროს მარშრუტიდან ერთი -სამგორი-ვაზისუბანი საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა.იგი 1986 წლის 1 მაისს გაიხსნა და 2002 წლამდე მუშაობდა.საბაგიროს სიგრძე 820 მეტრია. 191 4-ს მოსწონს
|