სიახლეები შავი ფერის კანის ერთი დიდი დადებითი თვისება 2019, 5 თებერვალი, 3:09 მელანომა ყველაზე საშიში, ბოროტი, ვერაგი და აგრესიული კიბოა, რაც კი შეიძლება ადამიანს აღმოაჩნდეს და რასაც თანამედროვე ონკოლოგია იცნობს: ის ყველგან აბნევს მეტასტაზებს და ხშირად რომ გგონია, საბოლოოდ დაამარცხე, რეალურად სწორედ მაშინ იწყებს აღზევებას. შავკანიანებს მელანომა ძალიან იშვიათად ემართებათ: სტატისტიკურად, 20-ჯერ უფრო იშვიათად, ვიდრე თეთრკანიანებს. ანუ, შავკანიანებს შეუძლიათ, თეთრკანიანებზე 20-ჯერ უფრო დიდხანს ირბინონ და იცეკვონ ზღვის სანაპიროზე, ააშენონ სილის კოშკები, იბანაონ ზღვაში, სულერთია – მათი რისკი იმისა, რომ მელანომა დაემართებათ, არის ძალიან მცირე (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ შავკანიანი ხართ, ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა სრულებით აღარ გჭირდებათ. მცირე რისკის ქონა არ ნიშნავს რისკის არქონას და ამიტომ თქვენც მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; ზღვაზე დასასვენებლად წასვლამდე აუცილებლად მიაკითხეთ კარგ დერმატოლოგს და მიიღეთ რჩევები მისგან). რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ბოლო დროს მელანომა ძალიან გაახალგაზრდავდა; თუ თეთრკანიანი მამაკაცი ხართ, სტატისტიკურად, შანსი იმისა, რომ 35-დან 45 წლამდე ასაკში მელანომა დაგემართებათ, არის ერთი 680-დან. თუ შავკანიანი მამაკაცი ხართ, დროის ანალოგიურ ინტერვალში და იმავე ასაკში თქვენი მელანომათი დაავადების შანსი არის 13 600-დან 1.* ასე რომ, სანამ შავკანიანებს შეურაცხყოფას მიაყენებდეთ და ზიზღით ცხვირს აიბზუებდეთ მათი დანახვისას, იქნებ, კარგად დაფიქრებულიყავით, ღირს თუ არა, თეთრი კანის უპირატესობაზე იფიქროთ მაშინ, როცა რეალურად არავითარი მსგავსი უპირატესობა არ არსებობს. ჰო და აი, კიდევ რა: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ყველა თეთრკანიანის წინაპარი – აფრიკიდან საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მამონტებზე სანადიროდ ჩამოსული პირველი "ჰომო საპიენსი" – შავკანიანი იყო. დიახ, შავკანიანი! ანუ თქვენი, ჩემი, იზოლდას, ჟუჟუნას, უშანგის, მაყვალას, სანდროს, ლადოს, მელორის, სოფო მომღერლის ქმრის, ვაჟა მშენებლის ცოლის და უბრალოდ, აკაკის, კიკოს და კაკის წინაპარი, არც მეტი და არც ნაკლები – შავკანიანი იყო. და ესეც კარგად გაიხსენეთ, როცა ჯიხვის ყანწებით თქვენი წინაპრების სადღეგრძელოებს დალევთ. * 35-დან 45 წლამდე ასაკში მელანომა ემართება 400 თეთრკანიანი ქალიდან ერთს და შეს. 8000 შავკანიანი ქალიდან ერთს (წყარო: რობერტ კოხის ინსტიტუტი). 199 შეფასება არ არის
|