x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
თავისუფლება-“პირველი სიკეთე კაცისა”


ადამიანისა და ღმერთის, რეალურისა და იდეალურის ქრისტიანული გაგება იყო რეაქცია ამ მომენტთა ერთიერთმიმართების ბუნებაზე, როგორც ანტიკურ სამყაროში ესმოდათ. კლასიკური ანტიკურობის ხანაში კი სულიერის, იდეალურის სამკვიდრის მიწიერ-მატერიალური, გრძნობადი, არსებობა მიიჩნეოდა. ამის შესაბამისად კლასიკური ხელოვნება “გვაძლევს ყველაზე სრულ ურთიერთშერწყმას სულიერი და გრძნობადი უშუალო არსებობისა, როგორც მათი შესატყვისობისა ან როგროც მეორეგანაა ნათქვამი: “კლასიკური ხელოვნებას ესმის თავისუფალი სულიერება, როგორც განსაზღვრული ინდივიდუალურობა და ჭვეტს ამ უკანასკნელს უშუალოდ მის სხეულებრივ არსებობაში აქ სულიერობა ქმნის საფუძველს და პრინციპს შინაარსისა, ხოლო ბუნებრივი მოვლენა მიწიერ-გრძნობად არსებაში-ფორმას.

სხეუებრივ-ცხოვრებისეული სტიქია თავის თავს ამკვიდრებს, იგი თავისი თავისთვის მიზანიცაა და საშუალებაც, იგი თავისი თავისთვის იდეალიცაა და სინამდვილეც.იგი თავიდან ბოლომდე ერთიანად “იდეალურია’’ და თავიდან ბოლომდე “რეალურია“ აქედან გამომდინარე ანტიკურმა სამყარომ კატეგორია იდეალი არ იცოდა. არ იცოდა იმ აზრით, რომ თანადროულობაში განფენილი ჰარმონიიდან ამოდიოდა. ზოგადი ღვთაებრივი, იდეალური უდრიდა, კერძოს, ადამიანურს, რეალურს, ოღონდ გაწმენდილს ყველა იმ ნაკლისაგან, რაც მხოლოდ გრძნობად არსებობაზე შემთხვევითსა და სასრულზე მიუთითებდა (ფარულავა, 1982 : 8)

“სულს რომელსაც პრინციპად აქვს თავის თავთან ადეკვატურობა, თავისი ცნებებისა და რეალობის მთლიანობა, ძალუძს იპოვოს თავისი შესაბამისი არსებობა მარტო თავის მშობლიურ, საკუთარ სულიერ სამყაროში გრძნობისა, გულისა და საერთოდ, შინაგანი ცხოვრებისა. ამის წყაროდ სული შეიგნებს რომ იგი, როგორც სული, ფლობს თავის სხვა არსებობას თავის თავში და თავისსავე შიგნით, მხოლოდ ამის კვალობაზე ტკბება საკუთარი უსასრულობითა და თავისუფლებით ‘’

ქრისტიანული ხელოვნების იდეალი “ როგორც სულიერი თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს შერიგებას, რომელიც სამყაროს ბუნებრივობასა და სულიერ სინამდვილეში სახეზეა თავიდანვე, არამედ პირიქით, განახორციელებს თავის თავს, მხოლოდ როგორც ამაღლებას მისი უშუალო არსებობის სასრულობიდან მისსავე ჭეშმარიტებამდე. ამისათვის საჭიროა, რათა სული თავისი მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად განცალკევდეს თავისი თავისაგან და დაუპირისპიროს თავისი თავი, როგორც სასრულობა ბუნებისა და სულისა, თავისივე თავს, როგორც ისეთს, რაიც უსასრულოა თავის შიგნით ამიტომ სულიერი შერიგება ჩვენ უნდ გავიგოთ და გამოვსახოთ, როგორც ქმედება, როგორც მოძრაობა სულისა, როგორც პროცესი, რომლის მსვლელობაში თავს იჩენს ძალ-ღონის დაძაბვა და ბრძოლა და არსებით მომენტად გვევლინება ტკივილი, სიკვდილი, მწუხარე გრძნობა არარაობისა, ტანჯვა სულისა და ხორცისა (ფარულავა, 1982 : 40)

ადამიანის სულიერი სამყაროს გამოხატვაც პოეზიაში მოქმედების- ქცევის, ჟესტის, და საკუთარი შინაგანი სულიერ მოძრაობათა საშუალებით ხდება. სწორედ მოქმედებაა ყველაზე ნათელი და გამომსახველი გადმოშლა ადამიანისა. ის, რასაც ადამინი წარმოადგენს თავის უღრმეს საფუძველში პირველად განხორციელდება მხოლოდ ქმედების საშუალებით. “და რამდენადაც ქმედება სულიერი წარმოშობისაა, იგი უდიდესს სიცხადესა და განსაზღვრულობას სულიერ გაოხატვაში, სიტყვაში იღებს. (ფარულავა 1982, :157)


ვეფხისტყაოსანში’’ “სული’’ გამოყენებულია ურთიერთისაგან მოუწყვეტელი და ურთიერთთან მტკიცედ დაკავშირებული სამგვარი გაგებით1. სული როგორც ადამიანის გარეშე არსებული, მატერიალური სამყაროს მიღმა მყოფი, იმმატერიალური არსებობა. 2. სული როგორც ადამიანში მოცემული სუბსტანცია, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას; 3. სული როგორც ორგანიზმის მაცოცხლებელი ძალა, სიცოცხლის პრინციპი, რომელთანაც დაკავშირებულია აგრეთვე სუბიექტური მდგომარეობა.

ადამიანის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად, მიწიერი სამყაროს მიღმა არსებობის აზრით, სული იხმარება სტროფში “დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა’’ ამ სტროფში გარკვევით მითითებულია, რომ არსებობს სამყაროში სულების ცალკე კატეგორია (სირა), რომელიც მატერიალური სამყაროს მიღმა იმყოფება. ადამიანის სხეულის დაშლის ე.ი. სიკვდილის შემდეგ ადამიანის არსი- სული უერთდება სულთა სირას- სულთა წყებას.

სული ორგანიზმის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. პოემაში ყველაზე ხშირად ნახმარია “სული’’, როგორც სიცოცხლის პრინციპი. ამ შემთხვევაში ადამიანში სულის არსებობა ნიშნავს, რომ იგი ცოცხალია, ადამიანის სხეულთან სულის მოცილება სიკვდილს მოასწავებს. “თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო’’

რუსთაველისათვის კაცს, ადამიანს, ახასიათებს სხეული და სული. სხეული და სული ქმნის ადამიანს, უსხეულობა და უხორცობა არაადამიანის დამახასიათებელი ნიშანი. ხორცი არის ადამიანის მატერიალური ნაწილი, მისი რეალური არსებობის თვალსაჩინო გამომხატველი, იგი არაა იდეის ჩრდილი, ფიქცია, როგორც ამას ფიქრობდა პლატონი, არამედ არის ადამიანის რეალური არსებობის გამომსახველი, ღმერთის მიერ შექმნილი და განსულიერებული, გაცოცხლებული მატერია. (ნორაკიძე, 1966: 14)

ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი სადავო პრობლემა იყო ადამიანის სულისა და ფსიქიკური ძალების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. ყველა შეთანხმებული იყო იმაში, რომ სული იმმატერიალური არსებაა და სულიერი მოვლენების სუბსტატი. სადავო იყო სულის მთლიანობა: შეიცავს თუ არა იგი ყველა სულიერ ძალას- როგორც ინტელექტუალურს, ისე გრძნობებს, ვნებებს. ე.ი. სულის იმ მხარესაც, რომელიც კავშირშია სხეულებრივ სიამვნებასა და უსიამოვნებასთან. ამ თვალსაზრისით, არისტოტელეს დროიდან სულს ჰყოფდნენ - მცენარეულ, ცხოველურსა და ადამინის სულად. ადამიანში გულისხმობდნენ სამივე სახის სულის არსებობას- ვეგეტატიუტს, ცხოველურს-ვნებებსა და შეგრძნებების სფეროს-დაუმაღლეს ადამიანურს-ინტელექტუალუს, რომელსაც დამორჩილებული და დამონებული ჰყავს სულის დაბალი სფეროები

ნეტარი ავგუსტინეთი და ნემესიოს ემესელით დაწყებული თომა აქვინელამდე ყველა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ადამიანის სულში სპეციპიკურ-ადამიანურია ინტელექტუალური ძალები, რომლებიც ბატონობენ ადამიანის ვნებებზე და წარმართავენ ნებელობით ქცევას. სულის ძალებში არის გარკვეული იერარქია, ამ იერარქიის უმაღლესი საფეხურია გონება, რომლითაც ადამიანი ახერხებს ზნეობრივი მიზნების მიღწევას-ღმერთთან მიმსგავსებისათვის ზრუნავს და ამით სისრულის დამკვიდრებას ცდილობს ამიტომ ვერც თომა აქვინელმა შეძლო “სულის გაორების“ დაძლევა, როდესაც ელემენტარული სულის არსებობის ნიშნად ინტელექტუალური მოქმედება აღიარა.

ინტელექტი დამოუკიდებლი ძალაა სულში, მას შეუძლია უმაღლესი სიკეთის წვდომა სამყაროს შემეცნებისთვის განკუთვნილი სულიერი ძალების გარეშეც. ეს შეხედულება საერთოა ქრისტიანული თეოლოგიის თითქმის ყველა წარმომადგენლისთვის. (ნორაკიძე, 1966 : 37)

რა არის “ცნობა’’ და რა კავშირშია ის პიროვნულ თავისუფლებასთან?

პეტრიწის მიერ თარგმნილი ნემესიოს ემესელის და ფსიქოლოგიის კომპენდიუმში “ბუნებისათვის კაცისა’’, სადაც ფსიქოლოგიური ცნებების გაგებაში ძირითადად განვითარებულია არისტოტელეს, სტოელებისა და ნეოპლატონიკოსების შეხედულებები და ნაცადია მათი შერიგება “ცნობა’’ იხმარება გონების “მოქმედებითი’’ ძალის ერთ-ერთი ასპექტის აღსანიშნავად ნემესიოსის აზრით, გონებას(სიტყვიერებისა) მიეკუთვნება გარეგან გრძნობათა დაუხმარებლად გონებით ჭვრეტის უნარი. მხედველობით გონების ფუნქციას შეადგენს არსებულის არსის შემეცნება. მოქმედებითი გონება აწარომებს იმის განსჯას, თუ რა უნდა აკეთოს ადამიანმა. გონებით არსის ჭვრეტა იწოდება სიბრძნედ, ხოლო მოქმედებითი იწოდება განსჯად, ცნობად.(ნორაკიზე, 1966:40)

რუსთაველის პერსონაჟებში ვხვდებით ისეთ მომენტებს როცა მათი “ცნობა’’ შევიწროებულია, ისინი იმდენად ჩაძირულნი არიან გრძნობათა სამყაროში რომ მათი ქმედების დროს გონება “ დაბნელებულია’’ ისინი შმაგებს, “გიჯებს დაესგავსნენ. მაგალითად: ტარიელის ცნობა შევიწროებულია, იგი მთელი არსებით ისწრაფვის “ სულთა სირაში’’ ისწრაფვის შეეყაროს სატრფოს, იგი “ხელქმნილია(883). სწორედ ხელქმნილი ტარიელი უმაღლეს მშვენიერებასთან შერთვისკენ ილტვის. ადამიანმა გრძნობის ზეგავლენით შესაძლოა დაიწყოს იმის მტკიცება, რაც საღ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. შესაძლოა მსჯელობა წარმართოს არა ჭეშმარიტების ლოგიკით, არამედ ე.წ. “გრძნობის ლოგიკის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში კი ადამიანის რეალობის გრძნობის, მიხვედრილობა დაქვეითებულია. აზროვნება იღებს ცალმხრივ მიმართულებას. რუსთაველი “ცნობაში’’ გულისხმობს სულის ცნობიერ მდგომარეობას, რომლის დროს ადამიანს გააჩნია საკუთაარი პრაქტიკული მოქმედება, რომელიც ცნობის ფონზე მიმდინარეობს. ასევე სულიერი მდგომარეობის განსჯის, ანალიზის უნარი (ნორაკიზე, 1966:46)

ტარიელში სიყვარულის აღძვრა და მისი განვითარება სრულ ფსიქოლოგიურ სიმართლეს შეიცავს. შესაფერისთან შეხვედრამ ტარიელი დაატყვევა, დააბა, ლახვარი დასცა მის გულსა და ცნობიერებას. ასეთი ეფექტით იწყება მაღალი მთლიანობისკენ, სისრულისკენ სწრაფვაგაღვიძებული ადამინის ტრაგედია. ტარიელი, როგორც პიროვნება მთლიანად შეიცვალა. მასში გაჩნდა ახალი მძლავრი მისწრაფება, რომელიც მთლიანად დაეპატრონა მის არსებას. ეს შეგრძნება განსაზღვრავს მომავალში მის განცდებსა და ხილულ ქცევებს, ამიერიდან იგი მონაა იმ მძლავრი განწყობისა, რომელიც უმაღლეს სიკეთეს, უზენაესი სისრულის გამომხატველი ტენდენციიის სახითაა მასში განმტკიცებული ( ნორაკიზე, 1966:145)

ამ მონაკვეთით მინდოდა მეთქვა რომ, როდესაც ადამინის პიროვნებაზე ძლიერია ის გრძნობა, რომელიც მის გულს მოიცავს მაშინ სრულებით შესაძლოა პიროვნების უნებლიეთ მოხდეს ისე, რომ მან დაკარგოს თავისუფლება, და გახდეს მონა განწყობილებისა, რომელიც იმ მომენტში მისი გამგებელი არის.

რას ჰქვიან თავისუფლება

როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ დაუყოვნებლივ მივემართებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა: თან ვნანობთ : “ვახ რა ცუდი საქმე მოუვიდაო! რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს. წაართვეს სიხარული დ მისცეს ტანჯვა-ვაება. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავს, რადგანაც ვერც სვამს და ვერც ჭამს თავის ნებაზე, ვერჩ ტანთ იცვამს და საერთოდაც ვერ ცხოვრობს ისე, როგორც მას სურს უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება, მაგრამ რაღა უნდა სთქვა როცა დატუსარებულია მთელი საზოგადოება, ერი სახელმწიფო? ნადირი ან ფრინველი ცოტად მოზრდილი, თავისუფლებას ნაჩვევი, ნაგემები რომ დაატყვევოთ, თუ ვერ მოახერხა გაპარვა ტყეში, მინდვრად დარდისგან კვდება. მაგალითები აუარებელი ხდება, რაც უნდა კარგად მოუაროთ ასვათ, აჭამოთ მაინც თავისუფლად ცხოვრება ურჩევნია. მზად მირთმეულ საზრდოს თავის შრომით, წოწიალით, წვალებით მონაპოვარი ეუკეთესება. სიცივე და სიცხე არ აშინებს, ოღონდ კი თავისუფალი იყოს, თავის ნებაზე ცხოვრება, მოძრაობა შეეძლოს. აი რამდენად ტკბილია თავისუფლება. (ვაჟა-ფშაველა, 2017: 434)

ნადირს და ფრინველს თითქმის ადამიანზე მეტად უყვარს თავისუფლება.მტრედი მშვიდი, უწყინარია და რომ შეიპყრო: ისიც-კი გინისკარტებს-გამიშვიო, ნუ მატუსარებო. დიაღ ადამიანს, მითუმეტეს გაუნათლებელს არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეულინა თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხელმწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ფბედავდეს ტხოვნას, რადგან მისთვის ხელმისაწვდომი არაა. ამის დასტურია ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა “მონა’’

ჯვარედინ გზაზე ისმის:
– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
– მე სუსტი ვარ…
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
– არ მაქვს იმედი…
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
– მეშინია უარესის…
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი… შიმშილი…
….
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი http://geolit.ge/lortkipanidze/mona.htm 06:03 წთ 2017

ადამიანი თავისუფალი იბადება, უცქირეთ ბავშვს, როგორ თავისუფლად მოქმედებს, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი და ყური მიუწვდება; მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფა მოქმედებას, მისკენ სწრაფვას.

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ შინაურ უფროსებთან ერთად გარეთ სხვა უფროსი-საზოგადოება უჩნდება აუარებელ ზნე-ჩვეულებებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი დამღუპველია ადამიანისათვის, შემბოჭველი მისი თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა ადამიანს გარემო პირობები უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს აჩვევს გონების მორჩილებას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი.ასე: ადამინი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა;იმის მაგივრად, რომ ხელი შუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი- თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება ცდილობს ჩაახშოს, მოსპოს იგი სრულიად, ამოაგდოს ძირ-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერ გრძნობს რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? მიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარეშემო ტანზე, რის გამოც იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დიაღ, გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვართ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისავე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო კი ბუდეა ყოველგვარი უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დამანგრეველნი და მჩაგვრელნი, გაცარულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბძოლა. დღეს ჩვენ ვართ ამ ბრძოლის მოწმე. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება, თავისუფლება და ქონება მიითვისა. მჩაგცრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდნენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები მათ ხელშია. ეს სულ მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს ჩაგრულმა ნაწილმა კი იგრძნო უსამართლობა, აახილა თვალები, და გაიღვიძა მის გულში დაძიენებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს დამიბრუნეთ წართმეული ტავისუფლებაო!თავისუფლება მტარვალთაგან ხალხისთვის წართმეული ბედნიერებაა. (ვაჟა-ფშაველა, 2017: 436)

თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორგვარია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული-როცა ადამინი მარტოდმარტო თავის თავზე ზრუნავს, ფიქრობს: “მე ვირგო და სხვა წყალმა ზიდოსო. მე მქონდეს უფლება სხვა შეურაცხვყო, და სხვას კი არა ჰქონდეს ნება პაუხი ნომთხოვის.მარტო მქონდეს ნება ვცარცვო და მეორეს კი მოესპოს საშუალება თავის გაცარცვისა’’ ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი ცხვარი და ათიათასი. თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა, როგორც დღეს არის. მაგრამ მაგარი ის არის, რომ მჩაგვრელები არიან თავისუფალნი;იმათაც ძვირად უჯდებათ თავისუფლების შენარჩუნება. მგელი კი თავისუფალია ვითომ? არა. ისიც მუდამ შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს თუ ხვალ უნდა ამომშხამდეს მგლობაო, ფიქრობს იგი. უნდა მომკლანო ბოლო მგლისა მაინც ეს არის სიკვდილი თან სდევს ყველა ნაბიჯზე.მგელს ადამინი მაინც სდევნის თუნდ არაფერს აშავებდეს, რადგან მგელია, ნადირია, ტყავი აქვს გამოსადეგი. ხოლო მგლად ქცეულს ადამიანის ასე არ უნდა მოვეპყრათ!იმის გაწვრთნა ჩვენ ადამინთა ხელთ არი, ჩვენ უნდა მოვუსპოთ მას საშუალება, დავუკეტოთბილიკები მგლური ინსტიქტებისა, სურვილების სანავარდო და მორჩა მისი მგლობა. (ვაჟა-ფშაველა, 2017: 438)

მე პირადად ვიზიარებ ვაჟას მოსაზრებას, და, მიმაჩნია, რომ თავისუფლების ცნების სწორად გააზრება, დაფასება და მისთვის ბრძოლა, არის ის ერთ-ერთი საძირკევლი, რაც აუცილებელია, როგორც პიროვნების, ასევე სახელმწიფოს მდგრადობისა და სიმტკიცისთვის, რადგან ერი და ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, როდესაც თავისუფლებისათვის, სამართლიანობისა და ღირსებისთვის მებრძოლი პიროვნებებისგან შედგება საზოგადოება.

ჯონ სტიუარტ მილის აზრით, კაცობრიობის გონებრივი კეთილდღეობისთვის (მასზეა დამოკიდებული მისი ყველა სხვაგვარი კეთილდღეობა) შეხედულების თავისუფლებისა და შეხედულების გამოხატვის თავისუფლება აუცილებელია და გამოვყავით ამის ოთხი სხვადასხვა საფუძველი, რომელთაც ახლა მოკლედ შევაჯამებთ.

პირველი, თუ რაიმე შეხედულებას დუმილს აიძულებენ, ეს შეხედულება, რამდენადაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით, შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. ამის უარყოფა კი საკუთარი უცდომელობის დაშვებაა.

მეორე, თუნდაც ჩაჩუმებული შეხედულება შეცდომა იყოს, ის შეიძლება შეიცავდეს ჭეშმარიტების ნაწილს და ძალიან ხშირად სწორედ ასეა. და რადგან ნებისმიერ საკითხზე გავრცელებული ან გაბატონებული შეხედულება იშვიათად ან არასოდეს არის მთელი ჭეშმარიტება, მხოლოდ საპირისპირო შეხედულებათა შეჯახება ქმნის იმის შანსს, რომ ჭეშმარიტების დანარჩენი ნაწილი მისაწვდომი გახდეს.

მესამე, თუნდაც გავრცელებული შეხედულება არა უბრალოდ ჭეშმარიტი, არამედ სრული ჭეშმარიტება იყოს, თუკი მას წარსულში არ შებრძოლებიან ან ახლა არ ებრძვიან გააფთრებითა და გულწრფელად, მის გამზიარებელ ადამიანთა უმრავლესობა მას მიიღებს ცრურწმენის სახით, მისი რაციონალური საფუძვლების გაგებისა და განცდის გარეშე.

მეოთხე, თავად მოძღვრების შინაარსს ექმნება საფრთხე, რომ გაქრეს ან დასუსტდეს და დაკარგოს ხასიათსა და ქცევაზე ზემოქმედების ცხოველმყოფელი ძალა. დოგმა იქცევა მხოლოდ ფორმალურ აღიარებად, რომელსაც სიკეთის მოტანა არ ძალუძს, ის ბორკავს ადამიანს და ხელს უშლის გონებიდან ან პირადი გამო ცდილებიდან რაიმე რალური და გულითადი მრწამსის გაღვივებას.ჯონ სტიუარტ მილი“თავისუფლების შესახებ’’ https://burusi.wordpress.com/2011/02/06/john-stuart-mill-2/

სანამ შეხედულების თავისუფლების საკითხზე მსჯელობას დავასრულებდე, რაღაც უნდა ვთქვა მათი მისამართით, ვინც ამტკიცებს, რომ ყველა შეხედულების თავისუფალი გამოხატვა ნებადართული უდა იყოს იმ პირობით, რომ გამოთქმის ხერხი ზრდილობიანია და არ სცდება სამართლიანი და პატიოსანი პაექრობის საზღვრებს. ბევრი შეიძლება ითქვას იმაზე, რომ შეუძლებელია დავადგინოთ სად უნდა გადიოდეს ეს ნაგულისხმევი საზღვრები; თუ ამის მაჩვენებლად მივიღებთ იმათ შეურაცხყოფას, ვის შეხედულებასაც თავს ესხმიან, ჩემი აზრით გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ შეურაცხყოფას ადგილი აქვს მაშინვე, როგორც კი თავდასხმა სერიოზული და მძლავრი აღმოჩნდება, და რომ ადამიანები უზრდელ ოპონენტად მიიჩნევენ ყველას, ვისთვის პასუხის გაცემაც უჭირთ, თუკი ის ძლიერ ღელავს სადავო საკითხზე. თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოსაზრებაა პრაქტიკული თვალსაზრისით, მას კიდევ უფრო ფუნდამენტურ შედავებასთან მივყავართ.

უდავოა, რომ შეხედულების, თუნდაც ჭეშმარიტის, მტკიცების ხერხი შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს და სამართლიანად გამოიწვიოს სასტიკი დაგმობა. მაგრამ ამ სახის სერიოზული შეურაცხყოფა როგორც წესი ისეთია, რომ თუ ადამიანმა შემთხვევით თავად არ გაამჟღავნა თავი, შეუძლებელია მისი დანაშაულის დადგენა. ასეთთა შორის ყველაზე მძიმეა სოფისტური კამათი, ფაქტებისა და არგუმენტების დაფარვა, საქმის დეტალების არასწორი წარმოდგენა, ან საპირისპირო თვალსაზრისის დამახინჯება. მაგრამ ამ ყველაფერს, ყველაზე მძიმე ხარისხითაც კი, იმდენად გამუდმებით ჩადიან სრულყოფილად კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არ ითვლებიან და ბევრი სხვა თვალსაზრისით ალბათ არც იმსახურებენ რომ ითვლებოდნენ უმეცრებად ან არაკომპეტენტურებად, რომ იშვიათადაა შესაძლებელი ადეკვატური საფუძვლებით, კეთილსინდისიერად გამოვაცხადოთ დამახინჯება ზნეობრივ დანაშაულად; კიდევ უფრო ნაკლებ შეიძლება კანონმა ითავოს ამ სახის სადავო უსაქციელობის აღკვეთა.

რაც შეეხება იმას, რაც ჩვეულებრივ იგულისხმება ზღვარგადასულ კამათში, სახელდობრ, ლანძღვა, სარკაზმი, პიროვნებაზე აპელაცია და მსგავსი – ასეთი საშუალებების დაგმობა მეტ თანაგრძნობას დაიმსახურებდა, ოდესმე რომ შემოეთავაზებინათ მათი აკრძალვა ორივე მხარისთვის ერთნაირად. მაგრამ, როგორც წესი, სურთ შეზღუდონ მათი გამოყენება მხოლოდ გაბატონებული შეხედულების წინააღმდეგ; ხოლო არაგაბატონებული შეხედულების წინააღმდეგ მათი გამოყენება არა მხოლოდ საყოველთაო დაგმობის გარეშე შეიძლება, არამედ მოსალოდნელია, რომ ის, ვინც მათ იყენებს, ამით გულწრფელი ენთუზიაზმისა და სამართლიანი აღშფოთების საქებარ სახელს მოიმკის. მაგრამ რამხელაც არ უნდა იყოს ამ საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ზიანი, ის უფრო დიდია უფრო დაუცველის წინააღმდეგ მათი გამოყენების შემთხვევაში; და რამხელაც არ უნდა იყოს უსამართლო უპირატესობა, რომელსაც რაიმე შეხედულებას მისი დაცვის ასეთი ყაიდა ანიჭებს, ის თითქმის მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული შეხედულებების მხარესაა.

ამ სახის ყველაზე უარესი შეურაცხყოფა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლემიკაში, არის საპირიპირო შეხედულებაზე მყოფთა ცუდ და ამორალურ ადამიანებად მონათვლა და მათთვის სახელის გატეხვა. განსაკუთრებით იოლია იმათი ამ სახით დამცირება, ვინც რაიმე არაპოპულარულ შეხედულებას იზიარებს, რადგან ასეთთა რიცხვი და გავლენა საზოგადოდ მცირეა და თვითონ მათ გარდა არავინაა დიდად დაინტერესებული იმით, რომ მათ სამართლიანად მოეპყრან.

ამდენად, ასეთია ჯონ სტიუარტ მილის მოსაზრება თავისუფლებასთან დაკავშირებით“რომელშიც, ვფიქრობ, საინტერესო, დამაფიქრებელი და ღრმა აზრი დევს.ჯონ სტიუარტ მილი “თავისუფლების შესახებ’’ https://burusi.wordpress.com/2011/02/06/john-stuart-mill-2/

იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის აზრით, თავისუფლება “პირველი სიკეთეა კაცისა’’ თავისუფლება არის: “სხვას არ გაუკეთო ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ’’ (ბესელია, კორძაძე, 2011:64) ჩემი აზრით, თავისუფლება დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც ოთარ ჭილაძე აღნიშნავს, თავისუფლება სულაც არ ნიშნავს ჩვენს ნებაზე ცხოვრებას, -პირიქით, თავისუფალ კაცს მეტი თავშეკავება მოეთხოვება, ვიდრე მონას.მიუხედავად იმისა, რომ ადამინი დამოუკიდებელი, თავისუფალი არსებაა ხშირად მისი ცნობიერებასთან წინააღმდეგობა მოსდის მან შესაძლოა ეს თავისუფლება ისე დაკარგოს რომ მისივე ტყვე გახდეს.

თავისუფლება თავნებობა არ არის, ის ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, მადლია, სიხარული და სრულყოფილების გრძნობაა, თუმცა ამავდროულად, დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა ამ თვისების ღირსეულად შენარჩუნება და ტარება, სწორედ ამიტომაც ისმის კითხვა: თავისუფლება უფლისგან ბოძებული მადლია თუ ტვირთი?








გამოყენებული ლიტერატულა


1.გრივერ ფარულავა-“ მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში’’ 1982, თბილისი.

2.ვლადიმერ ნორაკიძე-“ადამიანობის იდეა ვეფხისტყაოსანში’’ 3.https://burusi.wordpress.com/2011/02/06/john-stuart-mill-2/ 4.http://geolit.ge/lortkipanidze/mona.htm 06:03 წთ 2017

5.ვაჟა-ფშაველა “რას ჰქვიან თავისუფლება’’ 2017

6.სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო 2011წ.

ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე

image


0
13
შეფასება არ არის
ავტორი:დათუნაშვილი ანი
დათუნაშვილი ანი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0