x
რამდენად გადამწყვეტ როლს თამაშობს ელიტა ერის მშენებლობაში?
ჩემი არჩევანი მოცემულ თემაზე შევაჩერე იქიდან გამომდინარე, რომ მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღევანდელ დღესაც აქტუალური თემაა და ბევრი მეცნიერის დაინტერესების საგანს წარმოადგენს. თუმცა, სანამ უშუალოდ ჩემს დამოკიდებულებას დავაფიქსირებდე, ლოგიკურად მიმაჩნია განვმარტო ელიტა. საინტერესოდ ვთვლი იტალიელი სოციოლოგისა და მეცნიერის ვილფრედო პარეტოს ნააზრევის გადმოცემას ამ თემის მიმართ. სოციალური სისტემის არსებით ელემენტს, პარეტოს თანახმად, შეადგენს სოციალური ჰეტეროგენობა, რომელიც წინასწარ განისაზღვრება ინდივიდთა თავდაპირველი ფსიქოლოგიური უთანასწორობით. ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის თავისებურება დამოკიდებულია მისი წევრების ბუნებრივ უნარებსა და ტალანტზე, რომლებიც განსაზღვრავენ ინდივიდის ადგილს საზოგადოებრივი კიბის ამა თუ იმ საფეხურზე. პარეტო წერდა, რომ იმათ, ვისაც აქვთ თავიანთი საქმიანობის სფეროში უმაღლესი მაჩვენებელი, ჩვენ ვაძლევთ ელიტის სახელწოდებას. ესაა მოსახლეობის რჩეული ნაწილი.

ჩემს პოზიციას რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ელიტა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერის მშენებლობაში. რატომ? რადგანაც ელიტას აქვს უნარი და შესაძლებლობა მართოს მასები, თავის ინტერესებს დაუქვემდებაროს დანარჩენი ნაწილის ინტერესები და შეხედულებების თანაზიარობით შეკრას და გააერთიანოს ერი. ამის საპირისპირო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რაც ფრანციშეკ პალაცკიმ (ჩეხი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი) გააკეთა ჩეხი ხალხისათვის(ის დიდად მოწოდებული არ იყო ჩეხი ხალხის დამოუკიდებლობისათვის, პირიქით, იგი ფიქრობდა, რომ ერი ნათესაური გაერთიანებაა და მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბება აუცილებელი არ იყო. პალაცკი დადებითად უყურებდა ავსტრიის იმპერიის არსებობას და ცდილობდა ხელი შეეწყო მისი ფედერაციული რეორგანიზებისათვის). ამის მიუხედავად, მე ვთვლი, რომ ელიტას შესწევს ძალა შექმნას ერის ისტორია, თუნდაც მითები, რაც ერის ერთიანობას განაპირობებს. კარლოს ფუენტესის მოსაზრების თანახმად, იეზუიტებმა შეუქმნეს მითები ჩილელ და მექსიკელ ხალხს, რამაც განაპირობა მათი ერად ჩამოყალიბება. საერთო ისტორია და მითები ხომ იმის დამადასტურებელია, რომ ერი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და მათ საერთო დიდებული წარსული ჰქონდათ.

საინტერესო და მნიშვნელოვან მაგალითად მიმაჩნია ინდოეთის ელიტის როლი ინდოელი ერის მშენებლობაში. ყველამ ვიცით, რომ ინდოეთი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო, შესაბამისად, ინდოელ ხალხს თვითმყოფადობა უნდა შეენარჩუნებინა, რათა ერად დარჩენილიყო, მაგრამ ვისი ან რისი დახმარებით? ინგლისელმა ისტორიკოსმა და პოლიტიკოსმა ტომას ბებინგტონ მაკკოლიმ 1853 წელს თავის მოხსენებაში აღნიშნა: “ინდოეთში ინგლისურად საუბრობს მმართველი კლასი. ამ ცოდნით მათ მაღალი თანამდებობები უჭირავთ მთავრობაში. ვვარაუდობ, ეს ენა გახდება აღმოსავლეთის ზღვების მიმოსვლის ენა.” ასეთი სიტყვებით იგი აყალიბებდა ინდოეთის ელიტის რაობას, რომელიც ფერითა და სისხლით იყო ინდური, ხოლო, გემოვნებით, შეხედულებებით, მორალითა და ინტელექტით ინგლისური. ჩემი აზრით, ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკით ინგლისს სურდა ჩამოეყალიბებინა ისეთი კლასი ინდოეთში, რომელიც შუამავალი იქნებოდა მათსა და იმ მილიონობით ადამიანს შორის, რომელთაც ისინი მართავდნენ. შესაბამისად, როდესაც ელიტა, მითუმეტეს, მმართველი ელიტა გავლენის ქვეშ ექცევა, ეს პარალელურად აისახება დანარჩენ მოსახლეობაზე. ამ მაგალითით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მოსაზრება, რომ ელიტას მართლაც რომ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ერის მშენებლობაში, ერის მომავლის შექმნაში.

ვფიქრობ, საკამათო საკითხი არ უნდა იყოს, რომ ელიტას ყოველთვის აქვს კავშირი პოპულარულ ნაციონალიზმთან, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია ერის მშენებლობის პროცესში. უმთავრეს მიზეზად ვთვლი შერჩევის პროცესს, რომელიც გულისხმობს, რომ ელიტას შეუძლია უზრუნველყოს ისეთი ღირებულების შექმნა-შერჩევა, იქნება ეს თეორია თუ იდეოლოგია, რომელსაც შეეძლება ერის მშენებლობისათვის წარმატების მოტანა, ან უარეს შემთხვევაში მხოლოდ დროისთვის გაძლება.


ჩემი პოზიციის მოწინააღმდეგეები შემომედავებიან და გამახსენებენ, რომ როდესაც მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთის იმპერია და უკვე მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირი ცდილობდა “არა-რუსული” მიწების გარუსებას (ეს ტერიტორია მოიცავდა უკრაინას, ბალტიის ზღვის ქვეყნებს და კავკასიას), ამ მცდელობამ სასურველი შედეგები ვერ გამოიღო და რუსიფიკაციამ დიდ ხანს ვერ გასტანა, მაშინ როცა აღნიშნული პოლიტიკა ძირითადად განათლების კუთხით მიდიოდა და რუსული ენის სწავლება ინტენსიურად ხდებოდა. ამით მტკიცდება, რომ რუსულმა ელიტამ ვერ შესძლო ფართო მასების დარწმუნება რუსიფიკაციკაციის პოლიტიკის ფარგლებში. ამის საპირსპიროდ შემიძლია ვთქვა, რომ ამ პოლიტიკის განუხორციელებლობის საფუძვლად სწორედ სხვა ქვეყნების ელიტის სიძლიერე მიმაჩნია. რომ არა ელიტა, ის ძლიერი ფენა, რომელზეც ახალი პოლიტიკა ვერ მოქმედებდა, ფენა, რომელიც გამოირჩეოდა ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებით, რუსეთი იმპერიული ქმედებებს დღემდე გააგრძელებდა. საზოგადოების გამორჩეულმა ფენამ შესძლო, რომ დანარჩენ მოსახლეობაში გაეძლიერებინა ეროვნული ღირებულებები და ამით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

მახსენდება საბჭოთა ლიტვა, სადაც პოლიტიკურმა ელიტამ ალგირდას ბრაზაუსკასის ხელმძღვანელობით ლიტვას დამოუკიდებლობა მოუტანა და სადავო არცაა თუ ამით ლიტველი ერის მშენებლობაში რამდენად დიდი როლი ითამაშა (ელიტაში ხომ ორივე ელიტას განვიხილავ: ელიტას, რომელიც პირდაპირ ერევა ქვეყნის მმართველობაში და ელიტას, რომლის როლიც ირიბია სახელმწიფო მშენებლობაში (მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ანუ ინტელექტუალური ელიტა)). საბჭოთა ლიტვის ცხოვრებაც ისეთი იყო, როგორც დანარჩენი საბჭოეთის. დისიდენტური იატაკქვეშა დაჯგუფებები იდევნებოდა. 1989 წლის ზაფხულში საკმაოდ ცნობილი ისტორიული მოვლენა მოხდა ლიტვის ისტორიაში. ვილნიუსიდან რიგის გავლით ტალინამდე მილიონობით ბალტიისპირელის ცოცხალი, ხელიხელჩაკიდებული ჯაჭვი გადაიჭიმა. ამით, ლატვიელებთან და ესტონელებთან ერთად ლიტველებმა გააპროტესტეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომლითაც რუსეთმა და გერმანიამ ბალტიისპირეთი დაინაწილეს. ამ ქმედებებს მოყვა ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1990 წელს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება ჩემი პოზიცია, თუ რამდენად გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს ელიტამ, მითუმეტეს პოლიტიკურმა, არა მხოლოდ ერის მშენებლობაში, არამედ ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ერისათვის სუვერენიტეტი ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არსებობისათვის.

საბოლოოდ, დასკვნის სახით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ზემოთმოცემული მაგალითებისა და მსჯელობის საფუძველზე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ელიტას მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია ერის მშენებლობაში. ელიტას, საზოგადოების გამორჩეულ ფენას მატერიალური თუ არამატერიალური რესურსებით, შეუძლია ერისათვის ფასეული ღირებულებები, ისტორია, მითები, რაც ამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ერის ერთიანობისა და თვითმყოფადობისათვის, გადასცეს დანარჩენ ნაწილს. გარდა ამისა შეუძლია შექმნას ისეთი იდეოლოგია, რომელიც დროსაც გაუძლებს და ერის მშენებლობისათვისაც წარმატების მომტანი იქნება. სწორედ ამგვარი გამორჩეული ფუნქციის გამო მიმაჩნია, რომ ელიტას ნადვილად გადამწყვეტი წვილილის შეტანა შეუძლია ერის მშენებლობაში.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0