x
image
worldsport.ge
სანიკიძის ორმაგი დუბლი, მარკოიშვილის პირველი პლეიოფური გამარჯვება

imageხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა და სიენას “მონტეპასკის” ლიდერადაც მოგვევლინა, თუმცა, გუნდი იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მე-5 მატჩში მარცხისგან ვერ იხსნა.
მილანის “ემპორიო არმანისთან” გასვლით შეხვედრაში ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, საბოლოოდ კი მოედანზე 25 წუთი გაატარა (ამ მხრივ მხოლოდ ამერიკელ ბობი ბრაუნს ჩამორჩა) და სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (17) ჰქონდა.
სანიკიძემ 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულას კი 10 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა. ვიქტორმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
სიენელთაგან ქართველის გარდა 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ დანიელ ჰეკეტმა უწია, მილანელთაგან კი იოანის ბურუსისი (18 ქულა, 12 მოხსნა), მალიკ ჰეირსტონი (17 ქულა), ერნესტ ბრემერი (15 ქულა) და ალესანდრო ჯენტილე (15 ქულა, 5 მოხსნა) გამოირჩნენ.
“ემპორიო არმანი” დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა, სტუმრებს კი თამაშის გადარჩენის იმედი საბოლოოდ მე-3 მეოთხედის თავზე გადაეწურათ, რომელიც 29:19 მოიგეს. მილანელებმა 82:67 იმარჯვეს და სერიაში 3:2 დაწინაურდნენ.
მეოთხედფინალის მორიგი შეხვედრა 20 მაისს სიენაში შედგება და “მონტეპასკის” უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. თუკი მომავალ შეხვედრაში სიენელებმა იმარჯვეს, გადამწყვეტ მე-7 შერკინებას 22 მაისს ისევ მილანი უმასპინძლებს.
თურქეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარმატებული სტარტი აიღო მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ”. სტამბულელებმა ბურსას “თოფაში” 92:64 გაანადგურეს, ქართველმა მცველი კი ფაქტობრივად შეუცდომლად გაისარჯა.
მანუჩარმა 18:35 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 9 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შემატა. მარკოიშვილმა 2-ვე სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, არ დაჯარიმებულა და არც ბურთი დაუკარგავს.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (11) მიხედვით, ქართველი კალათბურთელი მხოლოდ კარლოს აროიოს (21 ქულა, 3 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა) და ერსინ დალის (16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი) ჩამორჩა.
21 მაისს “გალა” და “თოფაში” ერთმანეთს უკვე ბურსაში დაუპირისპირდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი, გადამწყვეტი თამაში 24 მაისს კვლავ სტამბულში შედგება.
საბერძნეთის რეგულარული ჩემპიონატის მიწურულს გამოტოვებულ მატჩებს ატარებს გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი”. პირეოსელებმა ჯერ სტუმრად “ილისიაკოსი” დაამარცხეს (81:70) შემდეგ კი, შინ, “აპოლონ პატრასი” 80:53 გაანადგურეს, თუმცა, ქართველი ცენტრი ჯერჯერობით უცნობ მიზეზთა გამო, ბერძნული გრანდის რიგებში არ გამოჩენილა.
“ოლიმპიაკოსმა” ჩემპიონატი 25 მოგებით და 1 მარცხით დაასრულა და ცხადია, პლეი ოფში პირველადგილოსნის სტატუსით ჩაერთვება.


დათო მანჯავიძე

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0