x
image
worldsport.ge
ზაზა ფაჩულია: “ამ ეტაპზე ალბათ აღარცაა საჭირო ლეგიონერის ჩამოყვანა”

imageოპერაციის შემდეგ ზაზა ფაჩულიას სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ატლანტაში შევეხმიანეთ და ვთხოვეთ, შეეჯამებინა როგორც დასრულებული ნბა-ს რეგულარული სეზონი, ასევე მომავალი საპლეიოფო და სანაკრებო ბატალიები.
- ზაზა, როგორ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი?
- საკმაოდ კარგად. ამ დღეებში ქალაქ შარლოტში ჩემს ექიმთან კონსულტაციაზე ვიყავი და თაბაშირი მომხსნეს. გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ თავს, ფეხის დასიება ჩამცხრალია. ოპერაციის შემდგომი ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გავიარე, სავარაუდოდ ორ კვირაში გავივლი, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სპეციალური ფეხსაცმლით.
- რამდენიმე დღის წინ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერმა კობი ბრაიანტმაც აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა. ექიმთა განცხადებით, კობის დაზიანება მესამე ხარისხის გახლდათ, თქვენს შემთხვევაში რომელი ხარისხია?
- ბრაიანტის ტრავმა სრულიად განსხვავებული იყო. მან უშუალოდ თამაშისას მიიღო დაზიანება და როგორც შემდეგ გამოჩნდა, სრულად გაიწყვიტა აქილევსის მყესი. ჩემს შემთხვევაში, როგორც ოპერაციისას აღმოჩნდა, მყესი არაფერ შუაშია, სრულიად ჯანმრთელია, უბრალოდ, ის ძვალი იყო დაზიანებული, რომელზეც მყესია მიბმული. ექიმებმა ოპერაციისას დაამუშავეს ძვლის დაზიანებული ნაწილი და შემდეგ თავიდან მიამაგრეს მყესი. სწორედ ამოტომაცაა ჩემი დაბრუნების სავარაუდო თარიღს (6 თვე) და კობის დაბრუნების თარიღს შორის ამხელა სხვაობა (9 თვე). თან, რა თქმა უნდა, წლოვანებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეაბილიტაციის პერიოდისას.
- დასრულდა ნბა-ს რეგულარული გათამაშება. როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონს როგორც პირადად თქვენთვის, ასევე “ატლანტასთვის”? საკალათბურთო ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 2011-12 წლების სეზონთან შედარებით, გუნდში ზაზა ფაჩულიას როლი ძალზე გაიზარდა...
- შარშანდელ და წლევანდელ სეზონებს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. თუ წინა სეზონში გუნდს ორიენტაცია ძირითადად ინდივიდუალისტ მოთამაშეებსა და მათი შესაძლებლობებისკენ ჰქონდა, ახლა გაცილებით მეტად ვთამაშობთ გუნდურ კალათბურთს. მატჩში საშუალოდ 25 შედეგიან გადაცემას ვაკეთებთ, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია მთელ ლიგაში. ამ ფაქტორმა მოგვცა კიდეც საშუალება, მყარად დავმკვიდრებულიყავით საპლეიოფო ზონაში.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემს კარიერას, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი მქონდა, რადგან ყველა თამაშში უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი - როგორც დაცვაში გარჯით, ასევე შეტევაშიც. საკუთარი როლი მქონდა გუნდში და ასე ვთქვათ, ბურთის საპირისპირო მხარეს არ ვიდექი. უფრო თავისუფლად ვუტევდი მეტოქის კალათს როგორც ახლო, ასევე საშუალო დისტანციებიდან და მეტი სარგებელიც მომქონდა გუნდისთვის.
- მიმდინარე სეზონში “ატლანტას” მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ გუნდის თამაშში ძირითადი აქცენტი ამჯერად წინახაზელთა თამაშზე გააკეთა. რეგულარულის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ტაქტიკა, სასტარტო ხუთეულიც ხშირად იცვლებოდა. როგორც მოთამაშისთვის, ძნელი ხომ არ იყო ყველაფერ ამასთან შეგუება?
- უწინარესად, მინდა აღვნიშნო, რომ ლარი დრიუს უკვე 8 წელია ვიცნობ და მასთან ურთიერთობაში არანაირი დისკომფორტი არ მექმნება. რაც შეეხება ტაქტიკურ ცვლილებეს, ძალიან გრძელი და დამღლელი რეგულარულის განმავლობაში ან წამყვანი მოთამაშეების ტრავმები იყო მიზეზი, ანდაც უშუალოდ მეტოქე გუნდის შემადგენლობა. ისეთ გუნდებთან, რომლებიც გამოკვეთილი ცენტრებით თამაშობენ, თითქმის ყველასთან სასტარტო ხუთეულში დავიწყე. უკანასკნელ მატჩში, “ტორონტოს” წინააღმდეგ, გადაწყდა, რომ რუდი გეის პერსონალურად მაღალი მოთამაშე ენტონი ტოლივერი დაიჭერდა.
ეს მხოლოდ ნიუანსებია. მთავარი კი ისაა, რომ “ატლანტაში” ყველანაირი სათამაშო სტილის კალათბურთელების კონტინგენტია თავმოყრილი და სეზონის განმავლობაში ცვლილებების შეტანა თავისუფლად შეუძლია სამწვრთნელო შტაბს. ამიტომაცაა, რომ ბოლო წლებია, ძალზე სტაბილურად გავდივართ პლეი ოფში.
- ტრავმამ მოგცათ საშუალება, გარედან შეგეხედათ “ჰოუქსის” თამაშისთვის. როგორ შეაფასებთ შანსებს “ინდიანასთან” დაპირისპირებაში? იყო იმის შანსიც, რომ “ბრუკლინს” დაპირისპირებოდით, თუმცა საბოლოოდ პლეი ოფის პირველ რაუნდში დაცვით განთქმული “პეისერსი” გვხდებათ...
- რეგულარული გათამაშების ბოლოს ორი ვარიანტი გამოიკვეთა - ან “ბრუკლინს” უნდა შევხვედროდით, ან “ინდიანას”. ორივესთან სეზონის განმავლობაში მოგება-წაგების ნეიტრალური ბალანსი გვქონდა (2 მოგება - 2წაგება), თუმცა სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი მაინც “პეისერსზე” შეაჩერა. გათვლა იმაზე ნამდვილად არ ყოფილა, რომ თუ მეორე რაუნდში გავალთ, იქ “მაიამის” არ გადავყროდით. პლეი ოფი ისეთი მოვლენაა, რომლის ნებისმიერ თამაშს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და ყველა მათგანში რაღაც განსაკუთრებული უნდა შესთავაზო მეტოქეს. უმნიშვნელოვანესი იქნება პირველი მატჩი, წარმატების შემთხვევაში მოედნის უპირატესობასთან ერთად უდიდეს ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც მოვიპოვებთ. “ინდიანამ” რეგულარული ჩვენთან შედარებით გაცილებით უკეთ ჩაატარა, სამაგიეროდ, “ატლანტა” გაცილებით გამოცდილია საპლეიოფო ბატალიებში.
- ზაფხულში “ატლანტაში” დიდი გარდაქმნები იგეგმება, ძალიან ბევრი მოთამაშე თავისუფლდება კონტრაქტებისგან, მათ შორის - თქვენც. აქტიური საუბარი მიმდინარეობს ლარი დრიუს დათხოვნაზე და მის მაგივრად გუნდის სათავეში ლარი ბრაუნის მოყვანაზე...
- ძალიან საინტერესო ზაფხული გველის. ჩემს ჯორჯიულ კარიერაში ასეთი სიტუაცია ნამდვილად არ მახსოვს. ერთის თქმა შემიძლია: მთელი ზაფხულის განმავლობაში “ატლანტას” ძალიან ბევრი სამუშაო ექნება. სეზონის ბოლოს “ჰოუქსს” მხოლოდ სამ კალათბურთელთან რჩება მოქმედი კონტრაქტი: ელ ჰორფორდთან, ლუის უილიამსთან (სავარაუდოდ, ახალ წლამდე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს – გ. ბ.) და ახალბედა ჯენკინსთან. ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან სრულიად გათავისუფლდება სახელფასო ფონდი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვიასპარეზებთ უშუალოდ პლეი ოფში, დრაფტზე როგორი განთესვის მოთამაშეებს აიყვანს კლუბი. ამის შემდეგ მოხდება შეფასება - გუნდი კვლავ ამჟამად “ატლანტაში” მყოფი საკვანძო კალათბურთელების ირგვლივ აშენდეს, თუ სრულიად დაიშალოს და ახალი სახეები გამოჩნდნენ. გუნდის გენერალური მენეჯერი დანი ფერი გამოცდილი და ჭკვიანი ორგანიზატორია. ვნახოთ, რა გარდაქმნები იქნება ზაფხულში. ერთის თქმა უკვე შეიძლება: სავარაუდოდ, ძირითადი აქცენტი ჯოშ სმიტისა და ჯეფ ტიგის შენარჩუნებაზე გაკეთდება. პირადად ჩემი მომავალი ჯერ არ გამირკვევია, დავრჩები “ატლანტაში” თუ რომელიმე სხვა გუნდში გადავალ.
- თორნიკე შენგელიამ “ვაშინგტონთან” დაპირისპირებისას ძალიან გაგვახარა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით და პირველი ორმაგი დუბლით. რას ფიქრობთ, თოკოსთვის უკეთესი მომავალ სეზონში ისევ “ბრუკლინში” დარჩენა იქნება, თუ სჯობს, შედარებით სუსტი გუნდი მოძებნოს ნბა-ში, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება?
- ამ მომენტისთვის თორნიკესთვის უმთავრესია, მთელი კონცენტრაცია საპლეიოფო ბატალიებზე მოახდინოს და უბრალოდ მიიღოს ის სიამოვნება, რასაც პლეი ოფში თამაში ქვია. შესაძლოა, თოკოს საერთოდ არ მოუწიოს ასპარეზობა, მაგრამ თუნდაც ამ ფორმაციის “ბრუკლინის” წევრობით და თამაშების ყურებით ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებს.
ძალიან რთულია მოიპოვო მწვრთნელის, გენერალური მენეჯერისა და გულშემატკივრის ნდობა, ამას ერთ თამაშში ვერ მოახერხებ. თორნიკემ კი რამდენი შანსიც მიიღო, ყველა მაქსიმალურად კარგად გამოიყენა და ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი სწორედ ნბა-შია. ძალიან ბევრი და გამოცდილი მოთამაშე ჰყავს “ნეთსს” მის პოზიციაზე, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორისა, ჩემთვის მაინც გაუგებარია, რომ პი ჯეი კარლესიმო თორნიკეს თამაშს იგნორირებას უკეთებს.
როცა პლეი ოფის 2013 წლის დრაფტი ჩამთავრდება, თორნიკეს და მის პირად აგენტს სავარაუდოდ ამის შემდეგ მოუწევთ დალაპარაკება კლუბის ხელმძღვანელობასთან, მომავალ სეზონში კლუბის ცხოვრებაში რა როლს ხედავენ ისინი თოკოსთვის. ძალიან კარგია, რომ მას კიდევ ერთწლიანი გარანტირებული კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან, მაგრამ თუ ვერ მიიღო უფრო მეტი სათამაშო დროის გარანტია, “ნეთსთან” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ალბათ თორნიკესთვის აჯობებს ნბა-ს შედარებით უფრო სუსტ კლუბში გადასვლა, სადაც უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება. ერთი ნათელია, თორნიკე მომავლის მოთამაშეა და როგორც ნბა-ში გამოცდილი კალათბურთელი, ვხედავ, რომ ის მინიმუმ 10 წელი მაინც ითამაშებს ამ ლიგაში.
- გადავერთოთ საქართველოს ნაკრების თემაზე. როგორ მიგაჩნიათ, თქვენი ტრავმის პირობებში საჭიროა თუ არა წინახაზელი ლეგიონერის დამატება? თუ ძირითადი აქცენტი ისევ უკანახაზელებზე უნდა გავაკეთოთ?
- ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ალბათ უკვე აღარცაა საჭირო ლეგიონერის ჩამოყვანა, რადგან ქართული პასპორტით მოთამაშე უცხოელი ავტომატურად ჩვენი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშის ადგილს იკავებს. ჩემი ტრავმის მიუხედავად, საკმაოდ შეკრული ხუთეული გვყავს: ცინცაძე უკრაინის ჩემპიონატში მაღალ დონზეზე თამაშობს, მარკოიშვილი ევროპის ერთ-ერთ ძლიერ ლიგაში სტაბილურად ირჯება, ვიქტორ სანიკიძე და გიო შერმადინი ევროლიგის გრანდებში თამაშობენ, შენგელიაც აუცილებლად დაეხმარება გუნდს და საკმაოდ შეკრული ხუთეულიც გვეყოლება, რომელზე დაყრდნობაც თავისუფლად შეიძლება. ლეგიონერი შეცვლაზე რომ შემოვიდეს, ამისთვის მისი ჩამოყვანა, მგონი, არ ღირს. თან უკვე გავიარეთ ის პერიოდი, როდესაც უცხოელთა დახმარება გვჭირდებოდა. მაშინ გაცილებით ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით. ახალგაზრდული ნაკრებებიდან მშვენიერი შევსება მოდის, თუნდაც ბექა ბურჯანაძე, რომელიც მიუხედავად პატარა ასაკისა, საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს.
- თქვენი ტრავმის შემდეგ, გუნდის განაცხადში ერთი თავისუფალი ვაკანსია გაჩნდა... ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, ნაკრებში ნიკოლოზ ცქიტიშვილი დააბრუნონ?
- შემადგენლობის შერჩევა უშუალოდ მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა და მე, რა თქმა უნდა, არ ვერევი. უბრალოდ, ჩემი აზრით, “ცქიტოს” ადგილი საქართველოს ნაკრებში ყოველთვის იყო და მას ამჯერადაც შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ჩვენს ნაკრებს.
- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ იგორ კოკოშკოვმა გაცილებით მეტი დრო უნდა დაუთმოს ნაკრებთან მუშაობას? საქართველოს ჩემპიონატში პლეი ოფი იწყება და ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ ბატონი იგორი პირადად დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს...
- ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ორი მშვენიერი ასისტენტი ჰყავს კოტე ტუღუშისა და დავით უსტიაშვილის სახით და მათი დახმარებით ნაკრები საინტერესო მოთამაშეებით დაკომპლექტდება, ხოლო უშუალოდ შეკრებებზე და მოსამზადებელ ეტაპზე 21 მოთამაშიდან უკვე თავად კოკოშკოვი გააკეთებს არჩევანს.
- ცხადია, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტები ესპანეთი და სლოვენია არიან. ძლიერი გუნდი ჰყავს ხორვატიასაც. იქნებ, საქართველოს ნაკრების მეტოქეების შესახებ თქვენეული შეფასება შემოგვთავაზოთ...
- ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ეს ჯგუფი ერთ-ერთი ურთულესია, გინდა უშუალოდ ევროპის ჩემპიონატი ავიღოთ და გინდაც შესარჩევი ეტაპი. ესპანეთი უპირობო ფავორიტია, სლოვენიას წინა ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ, მაგრამ წლეულს სრულიად განსხვავებული გუნდი იქნება, რადგან საკუთარ კედლებში თამაშობენ. სავარაუდოდ, დიდი ჩავარდნის შემდეგ ხორვატიის ნაკრებიც აღარ დაუშვებს იმ შეცდომებს, ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, ძალიან კარგი სეზონი აქვს ანტე ტომიჩს.
არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით, რადგან დიდი ხანია, ჩვენს ნაკრებში ჩამოყალიბებულია მებრძოლი ხასიათი. უბრალოდ, არ გვაქვს უფლება ცუდად თამაშის, რადგან წარმოვადგენთ ჩვენს ოჯახს, ქალაქს, ქვეყანას. უმთავრესია, მოსამზადებელი ეტაპი ჩავატაროთ კარგად, ტრავმების გარეშე, რის შემდეგაც ბიჭები უფრო მეტი თავდაჯერებულობით გავლენ პარკეტზე და უშუალოდ მატჩისას გაირკვევა ფავორიტი და აუტსაიდერი. ევროპის ჩემპიონატზე ცუდი გუნდი არ არსებობს, განსაკუთრებით ჩვენს ჯგუფში, რადგან ნებისმიერ მათგანს შეუძლია სიურპრიზების შეთავაზება. ძალიან კარგი იქნება, თუ თავისუფლად, დიდი სხვაობით მოვიგებთ რომელიმე თამაშს, არ იქნება დაძაბული შეხვედრა და შესაბამისად, მომავალ მატჩსაც უფრო დასვენებულები შევხვდებით.
- ხომ არ აპირებთ უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად გამგზავრებას, როგორც დელეგაციის წევრი? თქვენნაირი გამოცდილების მოთამაშეს ფასდაუდებელი დახმარების გაწევა შეუძლია როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე მწვრთნელთა ჯგუფისთვის...
- სექტემბრამდე ჯერ დიდი დროა, ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩემი სარეაბილიტაციო პროცესი. გამორიცხული ნამდვილად არ არის.


გიორგი ბარბაქაძე

www.worldsport.ge

0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0