x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ მონუსხა ჰამლეტ გონაშვილმა სიმღერით მგლები
image

20 ივნისს, "საქართველოს ბულბულად " წოდებულ გენიალურ ქართველ მომღერალს დაბადებიდან 95 წელი შეუსრულა.



ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც.


მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის "ურმულსა" და "ოროველას" კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.



ტაივანის პანტომიმის თეატრმა სპექტაკლი ჰამლეტის სიმღერებით გააფორმა, ესენია:


"ოროველა”, ”წმინდაო ღმერთო”, ”გაფრინდი შავო მერცხალო”, ”ჭონა”, ”მირანგულა”, ”დაიგვიანეს”, ”წინწყარო”, ”ჩაკრულო” .


სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში სიმღერა ბევრს უჭირდა.


"საქართველოს ბულბული" 57 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 1985 წლის 25 ივლისს სოფელ ანაგაში დედასთან ჩასული ხიდან ჩამოვარდა და სოლზე დაეცა..


გთავაზობთ ორ საინტერესო ისტორიას ჰამლეტ გონაშვილის შესახებ:


ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე:



"დაახლოებით 6-7 წლის უკან ერთი ძალიან კარგი მაროკოელი მომღერალი გავიცანი (ტენორი). მეგობრის მოსასმენად იყო ჩამოსული ლონდონში. სპექტაკლის შემდეგ ტრადიციისამებრ კოლეგებთან ერთად ლუდს ვსვამდით რესტორანში და ისიც იქ იყო.


თითო კათხა ლუდის შემდეგ, ჩემთან მოვიდა და წარმატებული სპექტაკლი მომილოცა, სკამი მოწია ჩემს გვერდით და მითხრა, შენ ისეთი ქვეყნიდან ხარ, საქართველო რომ არა, მე მომღერალი არ ვიქნებოდიო.


გაკვირვებული სახით შევხედე და დამაინტერესა რაში იყო საქმე. მოკლედ, მე პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა თქვენი ლეგენდარული მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი მომასმენინესო, მის შემდეგ ყოველი დღე მას ვუსმენ და დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მას ვუმადლიო.


გულწრფელად გეუბნებით, ცრემლები ვერ შევიკავე და გულში ჩავიკარი.


ყველა მისი ნამღერი სიმღერა იცოდა, ერთადაც ვიმღერეთ და მთელი საღამო ჰამლეტზე ვლაპარაკობდით.


მადლობა მაესტრო სიმღერით შექმნილი სასწაულებისთვის!”



მეორე ისტორიას “არტ ინფო” ავრცელებს:




“ვისაც სმენა აქვს და სიმღერა და გალობა შეუძლია, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ცხოველის დასამშვიდებლად. ერთხელ მას სტუმარი ქალბატონის მიცილება დასჭირდა მეზობელ სოფელში, შებინდებული იყო და გზად ტყე უნდა გაევლოთ.

გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მგელი დაინახეს. ქალბატონი დაფრთხა, ბატონმა ჰამლეტმა კი გალობა დაიწყო… მგელი კარგა ხანს უსმენდა და ბოლოს გაეცალა, ჰამლეტმა და მისმა ნათესავმა ქალმა განაგრძეს სიარული.

ცოტა ხნის შემდეგ მათ გარს შემოარტყა წრე მგლების ჯგუფმა. ჰამლეტმა ისევ დაიწყო მშვიდად სიმღერა თავისი არაჩვეულებრივი ხმით. მოხდა სასწაული, ამ მგლებმა ეს ორი ადამიანი ბოლომდე მიაცილეს ხელუხლებლად, თითქოს პირიქით, სხვა აგრესიული მგლებისგან იცავდნენ მათ.


სასწაულია, მაგრამ ეს ნამდვილი ამბავია, რომელიც რეალურად შეემთხვა ამ ლეგენდარულ მომღერალს.”


1
456
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
456
  
2023, 26 ივნისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1