x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
მოსწავლეთა მოტივაცია და მისი ამაღლების საშუალებები
image

მოტივაცია მოსწავლის ცნობისმოყვარეობისათვის აუცილებელი პირობაა და ხელს უწყობას განათლების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. პედაგოგიკასა და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ტერმინს - მოტივაცია- იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობის, მისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისათვის.

მოტივაცია ინდივიდუალურია, ადამიანები განსხვავდებიან მოტივაციის აღმძვრელი ფაქტორებით, მისი ხარისხით. მოტივაცია არ არის თანდაყოლილი და უცვლელი. იგი საკმაოდ დინამიურია, მნიშვნელოვნად იცვლება ასაკის მატებასთან ერთად და გარემო ფაქტორების ზეგავლენით.

იმის მიხედვით, თუ რა აღძრავს მოსწავლის ინტერესსს, რა განაპირობებს მის ქცევას, განასხვავებენ მოტივაციის ორ ფორმას- შინაგან და გარეგან მოტივაციას.


შინაგანი მოტივაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული ფაქტორით, რაიმე ქცევის მიმართ შინაგანი ინტერესით. მაგალითად, შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე წიგნს კითხულობს იმიტომ, რომ ეს ქცევა მისთვის ღირებულია, საინტერესო და სასიამოვნოა. ამ ქცევის განხორციელება შინაგან კმაყოფილების გრძნონბასთან არის დაკავშირებული.

გარეგანი მოტივაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია გარეგანი ფაქტორებით. ადამიანისათვის კონკრეტული ქცევა არ არის საინტერესო ან სასურველი, თუმცა, იგი ასე იქცევა გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით. გარეგანი ფაქტორებია: სხვა პირის (მასწავლებელი, მშობელი...) მიერ შექება, წახალისება, დაჯილდოვება, ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული ქცევა. გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე წიგნს კითხულობს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქცევით იგი წახალისებას ელის ან არ წაკითხვასთან დაკავშირებულ სასჯელს გაურბის.

მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებასთან მჭიდრო კავშირი აქვს შინაგან მოტივაციას. შინაგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, ხასიათდებიან თვითრეგულაციის მაღალი უნარით და დადებითი განწყობა აქვთ განათლების, სწავლის მიმართ. ასეთი მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან. მათ არ ეშინიათ რთული ამოცანების და ეფექტურად ძლევენ მათ.

გარეგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები ხასიათდებიან სირთულეებისა და რისკის მიმართ მკაფიოდ გამოხატული შიშით. ასეთი მოსწავლეების მიზანია, ნებისმიერ სიტუაციაში ძალისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ეფექტის მიღება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებული გარეგანი მოტივაცია თითქმის შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას.

მასწავლებლებისათვის არსებობს სხვადასხვა რეკომენდაცია, რომელთა დახმარებითაც შესძლებენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას:

1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი სხვადასხვა აქტივობებით.

2. გამოიყენეთ სხვადასხვა სირთულის აქტივობები.

3. მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი.

4. არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ.

5. იყავით მიუკერძოებელი.

6. სათანადო დრო და ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეების თითოეულ ნაშრომს.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასთან მჭიდრო კავშირი აქვს მასწავლებელს, მის რწმენას იმის შესახებს, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს და იყოს წარმატებული.

მოსწავლეთათვის მოტივაცია აუცილებელია რათა მიაღწიონ წარმატებას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე ცხოვრებაში.


0
84
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0