x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პიროვნების მოტივაციის თეორიები
image


რა არის მოტივაცია?


მოტივაცია არის ძალა, რომელიც აძლიერებს, ამყარებს და მართავს ქცევას მიზნისაკენ. მკვლევარებმა დადებითი და ძლიერი კავშირი დაადგინეს მოტივაციასა და მიღწევას შორის.





მოტივაცია შეიძლება დაიყოს ორ ძირითად კატეგორიად.ესენია:ექსტრინსიკული და ინტრინსიკული მოტივაცია.ექსტრინსიკული ანუ გარეგანი მოტივაცია ეს არის მოტივაცია, რომელიც მიმართავს აქტივობას გარკვეული მიზნის მისაღწევად, ხოლო ინტრინსიკული ანუ შინაგანი მოტივაცია განაპირობებს ქმედებას, რომელიც მიმართულია პირადი ინტერესებისაკენ.მოტივაცია საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას მოიცავს.

მოტივაციის ბიჰევიორისტული ხედვა



ბიჰევიორისტული მიდგომა განიხილავს სწავლას, როგორც ქცევის ცვლილებას, რომელიც გამოცდილების შედეგად მიიღწევა.ბიჰევიორისტულ მიდგომას მოტივაციაშიც მსგავსი გაგება გააჩნია.სწავლის ან სწავლების ხარისხის ზრდა მოტივაციის შედეგია.ხოლო შექება, დადებითი კომენტარი საშინაო დავალების შესრულებისას, ტესტში მაღალი შეფასება და კარგი ნიშნები არიან მოტივატორები, რომლებიც ქცევას აძლიერებენ.


მოტივაციის ჰუმანისტური მიდგომა

ჰუმანისტური თეორია მიმართულია ადამიანის პირადი პოტენციალის გამოყენებაზე. აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც სკოლაში, ისე სამსახურში.

აბრაჰამ მასლოუმ, ჰუმანისტური მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, განავითარა იერარქია, რომელიც ასახავს ადამიანის, როგორც „მთლიანი პიროვნების“ მოთხოვნილებებს.მასლოუმ ადამიანური მოთხოვნილებები ჩამოაყალიბა ორ ჯგუფად: დეფიციტისა და ზრდის მოთხოვნილებებად.თუკი დეფიციტის მოთხოვნილება მიუღწეველია, ადამიანი ყოველთვის მისი დაკმაყოფილებისკენ მიილტვის;იგი იერარქიის ქვედა საფეხურებს იკავებს.მასლოუს აზრით, თუკი ადამიანი ვერ დაიკმაყოფილებს პირველად, დეფიციტის მოთხოვნილებებს - გადარჩენის, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითპატივისცემის მოთხოვნილებებს, ვერ გადავა შემდეგ, უფრო მაღალ საფეხურებზე.


მასლოუს სჯეროდა, რომ ყველა ადამიანი მიილტვის თვითაქტუალიზაციისკენ, თუმცა მხოლოდ 1%-ზე ნაკლები თუ აღწევს მას.იმ ადამიანებს, ვინც იკმაყოფილებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას, გააჩნიათ შემდეგი მახასიათებლები:რეალობის მკაფიო აღქმა;ავტონომიის, დამოუკიდებლობისა და თვითაღიარების განცდა; პრობლემებზე და არა საკუთარ თავზე ორიენტირება;სპონტანურობა აზროვნებასა და ქმედებაში;სხვა ადამიანების თანაგრძნობა.

მოტივაციის კოგნიტური თეორია


ეს თეორია ორიენტირებულია მოსწავლის რწმენაზე, მოლოდინზე, პროგნოზირებასა და გაგების მოთხოვნილებაზე.გაგების მოთხოვნილება მოტივაციის კოგნიტური
მიდგომის გულია:„ბავშვები განიხილებიან, როგორც ბუნებრივად მოტივირებულნი ისწავლონ, როდესაც მათი გამოცდილება შეუსაბამოა მათ მიმდინარე გაგებასთან.“
მოტივაციის კოგნიტურ თეორიები:


მოლოდინი X ღირებულებების თეორია


აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადამიანი მოტივირებულია, თუ მისი ქმედება უდრის მისი წარმატების მოლოდინი გამრავლებული წარმატების ღირებულებაზე.
ამ შემთხვევაში გამრავლების ნიშანი მნიშვნელოვანია, რადგანაც ნული რაზეც არ უნდა გავამრავლოთ, მივიღებთ ისევ ნულს. შესაბამისად, თუ წარმატების მოლოდინი ან მისი ღირებულება არის ნული, მაშინ მოტივაციაც უდრის ნულს .

თვითეფექტურობის თეორია:რწმენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ

თვითეფექტურობა ეს არის საკუთარი შესაძლებლობების რწმენა იმაში, რომ შეგიძლია დაგეგმო და შეასრულო აქტივობების წყება, რომლებსაც მოითხოვს გარკვეული დავალება.თვითეფექტურობას დიდი გავლენა აქვს სწავლის მოტივაციაზე.

ატრიბუციის თეორია

თეორია წარმოადგენს მოსწავლის მიერ საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის ახსნის სისტემატიზებულ აღწერას და აგრეთვე, იმის აღწერას, თუ როგორ გავლენას ახდენს ის მოსწავლეთა მოტივაციასა და ქცევაზე.ატრიბუცია ვლინდება სამ განზომილებაში.პირველი ეს არის ლოკუსი ანუ მიზეზის ადგილმდებარეობა, რომელიც მოსწავლის შიგნით ან გარეთ მდებარეობს.მაგალითად, შესაძლებლობა და მცდელობა მოსწავლის შიგნითაა, მაგრამ იღბალი და დავალების სირთულე გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.მეორე არის მდგრადობა, შესაძლებელია თუ არა მიზეზის ცვლილება. მცდელობა და იღბალი არამდგრადია, რადგანაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ადამიანის უნარები, ატრიბუციის თეორიის მიხედვით, მდგრადია. მესამე არის კონტროლი, რაც გულისხმობს, თუ რამდენად არის მოსწავლე მზად საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა თავის წარმატებასა და წარუმატებლობაზე და აკონტროლებს თუ არა სასწავლო სიტუაციას.მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი მცდელობა, მაგრამ შეუძლებელია იღბლისა და დავალების სირთულის კონტროლი.





0
1644
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
1644