x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ლილე - სვანური მითოლოგია
ლილე - სვანური მითოლოგია


ლილე არის მზე და მზის ღვთაება სვანურ მითოლოგიაში. რაიმე ჩამოყალიბებული მითი ამ ბუნდოვან სახეზე არ შემონახულა, მაგრამ სასიმღერო ფრაგმენტებიდანაც და სიმღერის ხასიათითაც აშკარაა, რომ ესაა უძველესი წარმართული ღვთაება სინათლისა, შუმერთა ენლილესა (Enlil, Elil) და ეგვიპტელთა რას, ჰელიოსის და ბერძენთა აპოლონის ანუ ფებოსის მსგავსი. უფრო სავარაუდოა, რომ სვანთა ლილე შუმერთა ენლილეს შემონახული სახეა, მაგრამ სავარაუდოდ, ქალღმერთის სახედაა ქცეული, ვინაიდან სასიმღერო ტექსტებში მას "სინათლის დედად" მოიხსენიებენ. საერთოდ, ქართული კოსმოგონიის მიხედვით მზე დედაა, ხოლო მთვარე - მამა (კოლხ. "ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი"). ლილეს ჰიმნი ძალზე პოპულარულია საქართველოში. ფრაგმენტებიდან დამუშავებული და სიმღერის გადმოქართულებული ტექსტი შესატყვისია და დაახლოებით იძლევა ამ მრავალათასწლოვანი ჰიმნის სიტყვიერ, ინტონაციურ და აზრობრივ სურათს:


ლილე - სვანური მითოლოგია



"ლილეო-და, დიდება შენდა!

სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ, დარჩი,

ო, თეთრო მზეო, დიდება შენდა!

შენ ხარ იმედი პირმშოთა შენთა!

სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ დარჩი,

მსხვერპლად შეგწიროთ ჯიხვი და არჩვი,

სამთის ფერხულით გაგიძღვეთ წინ და

ფიქალის კოშკი აგიგოთ წმინდა,

რომ მისი მსგავსი არ იყოს არსად,

ქორ-შევარდენი უვლიდეს გარსა,

არწივი კრავდეს კამარას მაღლა,

შუნი და ჯიხვი წვებოდეს დაბლა!

ოქროს სასახლე გიდგას ლილეო,

ოქროს გალავნით თვალს გაგიხარებს.

მთა საბუღრაოდ ეცოტავებათ

ოქროსრქებიან შენს საღმრთო ხარებს.

იალაღებზე რომ ბუღრაობენ,

იდრიკებიან თეთრი ქედები;

საღვთო ვერძებიც არყევენ ბურჯებს

შავი, საუფლო რქების კვეთებით.

ჯახი მთაგრეხილს ხერხემალს ურყევს

და აქანავებს ცათა სწორ მურყვნებს,

ო, თეთრო მზეო!

ჩვენდა იმედად რონინებ ცაზე,

ათასი წელი გადიდებთ ასე;

დიდება შენდა, დიდება შენდა!

გვარიდე სუსხი, სენი და სევდა,

ნუ მიგვატოვებ პირმშოთა შენთა!

ათასი წელი გადიდებთ ასე,

იმედით სავსე,

შენ კი ჩადიხარ...

დიდება შენდა!"

წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1206
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0