x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
ტვინის აბსცესი

ტვინის აბსცესი


რა არის აბსცესი?


აბსცესი არის შემოფარგლული ჩირქგროვა, რომელიც ამა თუ იმ ქსოვილში ან ორგანოში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის, ან ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გარეთულების შედეგად ყალიბდება. ქსოვილში მოხვედრილი მიკრობი იწვევს ანთებას, ქსოვილის კვდომას და მის ადგილას ჯანსაღი ქსოვილებისგან კავსულით გამოყოფილი ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნას. ჩირქმბადი მიკრობი ორგანიზმში შესაძლოა შეიჭრას შემთხვევითი ჭრილობიდან, ასევე ნაჩხვლეტიდან ან განაკვეთიდან ასეპტიკის წესების დაუცველად ჩატარებული სამკურნალო მანიპულაციის (მაგალითად ინექციის) დროს. ჩირქგროვით შესაძლოა გართულდეს რომელიმე ორგანოში, კანში ან კანქვეშა შრეში მიმდინარე მწვავე ჩირქოვანი ანთებითი პროცესი (ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა, ლიმფადენიტი და სხვა), ასევე სისხლჩაქცევა ან ჰემატომა. აბსცესი ხშირად ყალიბდება ზოგადი ჩირქოვანი ინფექციების დროს, რაც ინფექციის სისხლით გავრცელების შედეგია (მეტასტაზური აბსცესი). ქსოვილში ნეკროზის გამომწვევი ნივთიერების, მაგალითად სკიპიდარის, ნავთის და სხვათა მოხვედრისას ჩნდება ასეპტიკური ჩირქგროვები.


ტვინის აბსცესი



თავის ტვინის აბსცესი (Abscessus Cerebri - Cerebral abscess - Brain abscess)


ტვინის აბსცესი ტვინის ქსოვილში გაჩენილი ჩირქით სავსე, შემოფარგლული ღრუა, თავის ტვინის ქსოვილში მოთავსებული ჩირქგროვა. მის წარმოსაქმნელად აუცილებელია ჩირქმბადი მიკრობი (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი) ტვინის ქსოვილში მოხვდეს.


მიკრობი ტვინში იჭრება:


1. თავის ქალას ღია დაზიანების (ტრავმის, ოპერაციის) დროს თმიდან, ტანსაცმლიდან, ძვლის ნატეხებიდან.

2. ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი ანთებითი კერიდან (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ფურუნკულოზი, ანგინა, დაავადებული კბილი - პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობამ იშვიათად შესაძლოა ტვინის აბსცესი გამოიწვიოს) სისხლის ან ლიმფის საშუალებით.

3. ცხვირის ღრუდან (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ან შიგნითა ყურიდან (ოტიტი) თხელი, ძვლოვანი ძგიდის გავლით, რომელიც მას ქალას ღრუსგან გამოყოფს.


ტვინის აბსცესს რიგი თავისებურებები ახასიათებს, კერძოდ, განსაზღვრულ პირობებში (ძლიერი ანტიბიოტიკების მიღებისას) ინფექციის კერა შესაძლოა ჩაიპარკოს - მის ირგვლივ წარმოიქმნას გამმიჯნავი გარსი, რომლის მიღმაც ინფექცია დიდხანს იქნება მთვლემარე მდგომარეობაში და ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების დაქვეითებისას (გაციება, სტრესი, შიმშილი, სიბერე) აბსცესის ხელახალ განვითარებას გამოიწვევს.


ტვინის აბსცესი


სიმპტომები და მიმდინარეობა


ტვინის აბსცესის დროს ავადმყოფი შესაძლოა დიდხანს უჩიოდეს თავის ტკივილს, გულისრევას, თავბრუხვევას, ტემპერატურის მატებას, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის სისუსტეს, ძილად მივარდნილი, ან პირიქით, აგზნებული იყოს. მოგვიანებით ფსიქიკური დარღვევები ღრმავდება: თავს იჩენს ჰალუცინაციები, ბოდვა და დიზორიენტაცია, გონების დაბინდვა თანდათან ღრმავდება, უმწვავეს სტადიაში იწყება შეუკავებელი (ტვინისმიერი) ღებინება, ვითარდება დამბლა, სოპორი (ძლიერი ძილიანობა) და ბოლოს კომა.


ტვინის აბსცესი



დიაგნოსტირება


დიაგნოზის დასმა ძნელია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყელ-ყურ-ცხვირისა და კბილის დაავადებებმა, ფილტვების ანთებამ, თავის ტრავმამ, ფურუნკულმა შესაძლოა ტვინის აბსცესი გამოიწვიოს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თუ თავის ტკივილი თორმეტ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მით უმეტეს თუ ამას ტემპერატურის მატება, ფსიქიკის მოშლა, გონების დაბინდვაც დაერთო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ ექიმს (გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება).


მკურნალობა


მკურნალობა ქირურგიულია, პროგნოზი - მძიმე.


წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 8-9; გვ. 11-12;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
52
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
52
  
2023, 23 მარტი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1