სხვა ნებაყოფლობითი ევთანაზიისათვის განკუთვნილი კაფსულა მზადაა. ვინ იქნება პირველი? 2018, 11 მაისი, 9:51 ევთანაზია, ანუ ნებაყოფლობითი სიკვდილი - კამათი იმის შესახებ, რამდენად დასაშვები და ჰუმანურია ეს აქტი, დიდი ხანია მიმდინარეობს. ევთანაზია ეხმარება უკურნებელი სენით დაავადებულ, ტკივილებით გაწამებულ ადამიანებს საკუთარი სურვილით, მშვიდად წავიდნენ ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ განიცადონ არც სულიერი და არც ფიზიკური ტანჯვა. დღესდღეობით ევთანაზია კანონმდებლობით დაშვებულია მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, ალბანეთი, კანადა და აშშ-ის რამდენიმე შტატი.
ევთანაზიის ყველაზე გულმხურვალე მომხრედ და მქადაგებლად ითვლება ავსტრალიელი ექიმი ფილიპ ნიჩკე, რომელსაც ზედმეტსახელად "სიკვდილის ექიმი'' დაარქვეს. 2014 წელს მას ჩამოართვეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია თვითნებურად ჩატარებული ევთანაზიის რამდენიმე შემთხვევის გამო.
ჯერ კიდევ 2008 წელს ნიჩკემ საოჯახო ნივთებიდან შექმნა ევთანაზიისათვის საჭირო მოწყობილობა, თუმცა ის ახლოსაც ვერ მოვა კაფსულასთან, რომელიც მან ცოტაოდენი ხნის წინ გამართულ სამედიცინო ხელსაწყოების და აპარატურის გამოფენაზე წარადგინა. მოწყობილობას სახელად Sarco უწოდეს, რადგან სიკვდილის კაფსულა სარკოფაგს ჰგავს.
კამერას, რომელიც გარეგნულად ძლიერ წააგავს ფუტურისტულ სარბოლო ბოლიდს, აქვს ოვალური ფორმა და თავისუფლადაა შესაძლებელი მას ჩვენში აღტაცება გამოეწვია, რომ არა მისი დანიშნულება-რბილად რომ ვთქვათ, ეს კამერა სიკვდილის ოთახს წარმოადგენს. მასში მოთავსებული ადამიანი აზოტის ზეგავლენით ნელ-ნელა იძინებს საუკუნო ძილით. Sarco-ში მოხვედრა, ერთი შეხედვით, სულაც არაა რთული: საკმარისია მსურველმა გაიაროს ტესტი და დაადასტუროს საკუთარი სურვილი ამ ქვეყნიდან ნებაყოფლობით წასვლაზე. თუმცა დაზუსტებული არაა, საჭიროა თუ არა დასაბუთებული მიზეზის დასახელება: უკურნებელი სენით დაავადება ან სხვა მსგავსი პრობლემა. წინასწარი პროცედურების და მომზადების შემდეგ ნებაყოფლობით თვითმკვლელს ტელეფონზე მოდის ოთხნიშნა კოდი, რომელიც აქტიურია ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რათა ადამიანი უკანასკნელად დაფიქრდეს, რამდენად მზადაა ამ პროცედურის ჩასატარებლად. თუ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა, მან უნდა აკრიბოს ეს კოდი კაფსულის შიგნით დამონტაჟებულ კლავიატურაზე, აზოტის მიმწოდებელი სარქველი გაიხსნება და ადამიანს შეუძლია მოკვდეს უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ტანჯვა-წამების გარეშე. უნდა ავღნიშნოთ ერთი ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ევთანაზია ნიდერლანდებში დაშვებულია, ცნობამ "სიკვდილის მანქანის'' შესაძლო გამოცდის შესახებ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. განსაკუთრებული უკმაყოფილება და პროტესტი გამოთქვეს თვითმკვლელობის აღკვეთის სატელეფონო სამსახურის თანამშრომლებმა და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. 120 5-ს მოსწონს
|