სხვა ტრაგედია, რომელმაც წლების წინ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა - დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლო 2016, 13 ივლისი, 10:25 ჩრდილოეთ ურალში მდებარე ამ უღელტეხილმა სამწუხარო სახელი და დიდება მოიპოვა - სწორედ აქ დაიღუპა მეტად იდუმალ და გაურკვეველ ვითარებაში 1959 წელს ურალის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი ცხრაკაციანი რაზმი იგორ დიატლოვის ხელმძღვანელობით. მაშინ ამ ამბავმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ გახდა ცნობილი ამ ტრაგედიის მიზეზი.
მას შემდეგ, რაც ტრაგედია მოხდა, ეს ადგილი მაგნიტივით იზიდავს ტურისტ-ექსტრემალებს. ახალგაზრდა ადამიანების საშინლად დამახინჯებული სხეულების პოვნა იმ საბედისწერო ორი თებერვლიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ მოხერხდა. ცხედრების ნაწილს აღენიშნებოდა საშინელი ტრავმები, მიყენებული ბლაგვი საგნებით, თუმცა გვამების გაკვეთამ აჩვენა, რომ ყველა ცხრავე ადამიანი სხეულის გადაციებისაგან დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამ ფაქტის გამო აღიძრა, დახურული იქნა სამხილების უქონლობის გამო, ხოლო სტუდენტების სიკვდილის მიზეზად დღემდე უცნობი სტიქიური ძალა გამოცხადდა, რომლის დაძლევაც ახალგაზრდებმა ვერ შეძლეს. გარდა ოფიციალურისა, წამოყენებული იქნა უამრავი ვერსია: დაწყებული საიდუმლო იარაღის გამოცდით დასრულებული უცხოპლანეტელების სტუმრობით, თუმცა საქმის გადახედვის მცდელობას ადგილი აღარ ჰქონია. 65 წლის წინათ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინტერესი ბოლო წლებში განახლდა, რადგან ამ საბედისწერო ადგილზე მრავალი უბედური შემთხვევა მოხდა, რომლებიც ასევე მსხვერპლით დასრულდა, თან ადამიანები ისევ გაურკვეველ, იდუმალ ვითარებაში იღუპებოდნენ. მეცნიერებმა უამრავი ვერსია წამოაყენეს, თუ რატომ იღუპებიან ამ ადგილას ასე ხშირად ადამიანები, თუმცა ყველაზე რეალურად ითვლება სანკტ-პეტერბურგელი ფიზიკოსის გერმან ერჩენკოს მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა, რომელმაც დაწვრილებით შეძლო 1959 წლის 2 თებერვალს დიატლოვის უღელტეხილზე დატრიალებული ტრაგედიის სურათის აღწერა, რომლის დროსაც ცხრა გამოცდილი ტურისტი იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. "თუ სტუდენტების ტრავმების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი დაიღუპნენ არა გადაციების, არამედ წნევის დავარდნის გამო - ამაზე მეტყველებს მათი დაზიანებული შინაგანი ორგანოები და დამტვრეული ძვლები. ჯგუფი აღმოჩნდა ადგილზე, სადაც ძალიან მკვეთრად დაეცა გარეგანი ატმოსფერული წნევა. აქ წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული ანომალიური დერეფანი, სადაც არამარტო წნევა, არამედ დედამიწის მიზიდულობის ძალაც კი კატსატროფულად იყო შემცირებული, - ამბობს გერმან ერჩენკო, - ანომალიის გაჩენის დროს ყველა ცხრავე ტურისტი კარავში იმყოფებოდა და ძილისათვის ემზადებოდა, რამოდენიმე მთგანმა უკვე გახდაც მოასწრო და ამ დროს უჩინარმა ძალამ ისინი მიწიდან ჰერში აიტაცა, დაიწყო მათი მიკვრა კარვის ჭერზე. რა თქმა უნდა, ამან პანიკა გამოიწვია. შეძრწუნებული ადამიანები ცდილობდნენ კარვიდან გარეთ გამოსვლას და თავის შველას, მაგრამ სიბნელეშო ორიენტირებას ვერ ახერხებდნენ. ვიღაცას ხელთ დანა აღმოაჩნდა და მან კარვის კალთა გაჭრა. კარვის გარეთ არსებული წნევა გაცილებით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე კარვის შიგნით, ამიტომ ისევ იმ ძალამ ადამიანები გარეთ საშინელი ინერციით გამოისროლა. ამის შემდეგ ტრაგედია ელვის სისწრაფით დატრიალდა, ამ ვითარებაში მათი გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იყო. კარვიდან გარეთ გამოტყორცნილმა ადამიანებმა დაიწყეს შიგნიდან გაბერვა, რადგან მათი სხეულის შიგნით წნევა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე გარეთ. სწორედ ამიტომ მიიღეს მათ ეს იდუმალი შინაგანი დაზიანებები, მათ შორის ძვლების დამტვრევა. ზოგიერთებისთვის ეს ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა, დანარჩენებმა კიდევ იცოცხლეს რამოდენიმე საათი. მეცნიერი ამბობს, რომ ანომალია რამიდენიმე წუთზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა, თუმცა ეს საკამარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები 1, 5 კილომეტრის მანძილზე გადაესროლა. მეცნიერისვე მსჯელობით, სტუდენტების წაშლილი, დამახინჯებული სახეები შედეგია იმისა, რომ ისინი დიდი სიმაღლიდან სახით დაეცნენ თოვლში მას შემდეგ, რაც წნევა ჰაერში ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა. პ.ს. სიმართლეს შეფერება ეს ვერსია თუ არა, ჯერ დამტკიცებული არაა. სავარაუდოდ, მას მომხრეც ბევრი გამოუჩნდება და მოწინააღმდეგეც. დიატლოვის უღელტეხილის სახელი კი კვლავაც მრავალი წელი გამოიწვევს ადამიანებში შიშის ზარსა და შეგვახსენებს, თუ რა უძლურები ვართ ბუნების ძალების წინაშე. 2555 13-ს მოსწონს 1-ს არა
|