x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
იდეალური სააღდგომო პასკის (კულიჩის) 10 საიდუმლო - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!
image


სააღდგომო კულიჩი...ოხ, რა ძნელია მისი სახლში გამოცხობა - გაიფიქრებს გამოუცდელი დიასახლისი; არც თუ ისე ძნელია - იტყვის გამოცდილი. ერთი კი ცხადია, კულიჩის ცომი საკმაოდ დელიკატურია და სულ მცირე უზუსტობასაც შეუძლია მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგიყაროთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე საიდუმლოს, რომელთა დაცვაც ამგვარ იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ.



image

1. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ აუცილებელია საუკეთესო ხარისხის ფქვილი და ახალი საფუარი. სანამ ცომის მზადებას შეუდგებით, აუცილებლად გაცერით ფქვილი - ასე მას ჰაერი შეერევა და ცომიც ფაფუკი იქნება.



2. კულიჩის ცომს არ უყვარს ზედმეტი ფქვილი, თორემ ძალიან მაგარი გამოგივათ. თუმცა არც ფქვილის დაკლება შეიძლება უფორმო მასა რომ არ მიიღოთ. ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი და მიიღოთ ჰაეროვანი ცომი, რომელიც ხელზე არ ეკრობა.


3. ჩვეულებრივი ფუნთუშებისგან განსხვავებით, კულიჩის ცომს ძალიან დიდხანს ზელა სჭირდება, საერთო ჯამში მის მოზელაზე 30 წუთი მაინც უნდა წავიდეს.



image


4. ცომი კულიჩისთვის მინიმუმ 3-ჯერ უნდა ამოვიდეს: პირველად საფუარიანი მასა ამოდის, შემდეგ მოზელილი ცომი, ბოლოს კი - ფორმებში მოთავსებული კულიჩები.

5. მოარიდეთ ცომი ორპირს და ზედმეტ ტენიანობას. იდეალურია თუ ცომი ამოვა მშრალ, თბილ ადგილას, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 30 გრადუსია.


6. გამოცხობისას ღუმელი კარგად უნდა იყოს გაცხელებული (მინიმუმ 200 გრადუსი). იმისათვის, რომ კულიჩებს ძირები არ დაეწვას, გამოცდილი დიასახლისები ღუმლის ქვედა თაროზე ცეცხლგამძლე ჭურჭლით წყალს ათავსებენ. ხოლო თუ კულიჩს თავი მალევე მოებრაწა, ფოლგას აფარებენ.

7. ფორმები შეავსეთ ცომით ნახევარზე, გამოსაცხობად კი შედგით, როცა ცომი 3/4-ზე ამოვა.


image


8. 1 კგ-ზე ნაკლები მასის კულიჩი ცხვება 30 წთ; 1 კგ-იანი - 45 წთ; 1, 5 კგ-იანი - 1 სთ, ხოლო 2 კგ-იანი - 1, 5 სთ.


9. კულიჩის მზაობის შემოწმება ხის ჩხირის ჩარჭობით შეიძლება: თუ სველი ამოვიდა, ცოტა ხანს კიდევ დააცადეთ, თუ მშრალია - ესე იგი მზადაა.


10. გამომცხვარი კულიჩები ოდნავ გააგრილეთ. შემდეგ კი ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან. თუ კულიჩები მაღალია, მაშინ მშრალ ტილოზე გვერდულად გადააწვინეთ, რათა არ ჩავარდეს.

image


და ბოლო, ყველაზე მთავარი რჩევა: თუ გსურთ, კულიჩი ნამდვილად იდეალური გამოგივიდეთ, სანამ საქმეს შეუდგებით წაიკითხეთ ლოცვა და სამზარეულოში ნაკურთხი წყალი მოაპკურეთ.


ახლა კი გთავაზობთ სააღდგომო კულიჩის რეცეპტს, რომელიც დიდი ხნის გამოცდილია. ეს რეცეპტი იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ოდნავ "სველი", მაგრამ მსუბუქი "პასკა".


image

ინგრედიენტები:


15 ც კვერცხი
1, 5 კგ შაქარი (თუ ძალიან ტკბილი გსურთ, შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ 2 კგ-მდე)
800 გრ კარაქი
500 გრ არაჟანი
4 კგ ფქვილი (დაახლოებით)
1 ჩ.კ. სუფთა ვანილი ან 5 პაკეტი ვანილის შაქარი
2 ჩ.კ. ჯაოზი (მუსკატი)
2 ჩ.კ. ილი (კარდამონი)

2 ს.კ. კონიაკი

2 ცალი მცირე ზომის, გატარებული ლიმონი (ან ერთი დიდი ზომის)
500 გრ. ქიშმიში

6 ს.კ მშრალი საფუარი
1 ლ თბილი რძე
მარილი


სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ არომატისთვის მიხაკი (0.5 ჩ.კ.) და დარიჩინი (1 ჩ.კ.), ყვითელი ფერისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ შაფრანი (1 ს.კ.). შაფრანს 2 დღით ადრე დაასხით 3-4 ს.კ. მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ.


სანამ კულიჩის მომზადებას შეუდგებით 3-4 დღით ადრე დაასხით სანელებლებს კონიაკი და შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში.


image

მოზადება:


0.5 ლ რძეში გახსენით საფუარი, შაქარი, მწიკვი მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.


გათქვიფეთ შაქარი, ვანილი და კვერცხები, შეათქვიფეთ არაჟანი, დარჩენილი რძე და შეურიეთ საფუარიანი მასა. დაამატეთ სანელებლები და გატარებული ლიმონი. შაფრანი გაწურეთ და მიღებული ყვითელი წვენი ჩამატეთ კულიჩის მასაში.

ამის შემდეგ დაიწყეთ ფქვილის დამატება და ცომის მოზელა. ცომი უნდა იყოს ფაფუკი, არა თხევადი, მაგრამ არც ძალიან მაგარი. ზელისას ხელი ხშირად დაისველეთ ზეთით.


ცომის ზელა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 წუთი. შედეგად უნდა მიიღოთ ჰაეროვანი, შეკრული ცომი.


მოათავსეთ ცომი მშრალ და თბილ ადგილზე და აცალეთ აფუება.


შემდეგ ჩაზილეთ, შეაზილეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და ისევ დადგით ამოსასვლელად.


როცა ცომი ამოვა, შეაზილეთ ქიშმიში, ამოაგუნდავეთ და ჩადეთ ფორმებში. კიდევ ერთხელ აცადეთ ამოსვლა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. გამოცხობის დრო მითითებულია ზემოთ.


image

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავზარდოთ და გავაფორმოთ სააღდგომო ჯეჯილი - ულამაზესი იდეებიimage


2. იდეალური საფუარიანი ცომის 8 საიდუმლოimage


3. ღვეზელის მორთვის 50-ზე მეტი ულამაზესი და უმარტივესი იდეა - ჩაინიშნეთ!image


4.10 საიდუმლო, რომელიც კარგი ბლინების მომზადებაში დაგეხმარებათimage


5. სასარგებლოა თუ არა პური და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი არჩევისას?image


6. ფუნთუშა, ტარაკანი და მოხერხებული მცხობელი ანუ როგორ წარმოიშვა ქიშმიშიანი ფუნთუშებიimage

7. 10 საიდუმლო, რომელიც ფუმფულა ბისკვიტის გამოცხობაში დაგეხმარებათimage

0
21338
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
21338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0