ადამიანის რაციონში პურის გაჩენის ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია. თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ პირველი პური ადამიანებმა შემთხვევით მიიღეს 15 000 წელზე დიდი ხნის წინ. ერთხელ, საკვების ძიებაში ადამიანებმა ყურადღება მიაქციეს ხორბლის მარცვლებს. თავიდან მათ უმად ჭამდნენ. თანდათან კი მიეჩვივნენ, დაფქვას და ფაფების მომზადებას. არქეოლოგების აზრით გამომცხვარი პური დაახლოებით 7000 წლის წინ გაჩნდა, როცა წყლისა და ფქვილის ნაზავი შემთხვევით კოცონთა ახლოს ქვაზე დაესხა და გამოცხვა.
მას შემდეგ ათასობით წელი გავიდა და დღეს პურის ცხობა უკვე ნამდვილ ხელოვნებას წარმოადგენს, თავად პურის არჩევანი კი ძალიან მრავალფეროვანია. ჯერ მარტო პატარა საქართველოში, ბაზარზე უამრავი სახეობის პური გვხვდება, რაც მყიდველისთვის ხშირად დამაბნეველია. არადა პურის კულტი საქართველოში ნამდვილად მნიშვნელოვანია, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართველი ადამიანი უბედურებასაც და ბედნიერებასაც "პურ-მარილით" ხვდება...
სასარგებლოა თუ არა პური?
ბოლო დროს ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პური არ არის სასარგებლო და რაციონიდან მის ამოღებას გვირჩევენ. შევეცადოთ გავარკვიოთ, რას ემყარება ეს მოსაზრება.
ხორბლის მარცვალი თავისთავად უნიკალური პროდუქტია, რომლის შემადგენლობაში მენდელეევის თითქმის მთელი სისტემა შედის. იგი შეიცავს А, Е, F, В ჯგუფის და კიდევ სხვა ვიტამინებს; ისეთ მინერალებს, როგორიცაა: სპილენძი, სელენი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია, ქლორი, ნატრიუმი, მანგანუმი, კალიუმი, იოდი და სხვ.
თუმცა ყველა ეს სასარგებლო ნივთიერება შედის მხოლოდ ხობლის მარცვლის გარსში და ჩანასახში. სამწუხაროდ, თანამედროვე დამუშავების პროცესში მარცვლის სწორედ ეს, ყველაზე სასარგებლო ნაწილი ხვდება ნარჩენებში. უმაღლესი ხარისხის თეთრ ფქვილში კი რჩება მხოლოდ სახამებელი და კალორიები.
სწორედ ამ ფქვილისგან ცხვება ჩვენი საყვარელი ფუმფულა პურები და ფუნთუშეულობა. იმ ვიტამინებიდან და მინერალებიდან, რომლებსაც ხორბლის მარცვალი შეიცავს, ამგვარ ნაწარმში 30%-ზე ნაკლები რჩება, უფრო მეტიც, დაფქვიდან ორ კვირაში ისინიც არააქტიური ხდება. შედეგად, ჩვენს რაციონში აღაფერი რჩება, გარდა უსარგებლო კალორიებსა და სახამებლისა, რომლებსაც არავითარი სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია და მხოლოდ ზედმეტი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს.
ექიმებისა და დიეტოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ ძალიან ბევრი დაავადება ჩნდება და ვითარდება სწორედ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული თეთრი პურის გამოყენების გამო. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილისგან დამზადებულ პურ-ფუნთუშეულს, უფრო ხშირად უვითარდებათ და უმწვავდებათ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებები.
ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 60 000-მა საშუალო ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა. შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომელთა რაციონში რეგულარულად იყო ჩართული თეთრი ფქვილის ნაწარმი, სამჯერ მეტად ვითარდებოდა შაქრიანი დიაბეტი, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც უჯრედისით მდიდარ საკვებს მიირთმევდნენ და ნაკლებად მოიხმარდნენ ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს. საბოლოო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ თეთრი პურის გამუდმებული მოხმარება II ტიპის დიაბეტის განვითარების ძალიან დიდ რისკს შეიცავს.
რომელი პურია სასარგებლო?
საბედნიეროდ, დღეს ბაზარზე პურის ძალიან ფართო არჩევანია და ყოველთვის შეგვიძლია ამოვარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობას ნაკლებად ავნებს და უფრო მეტიც, სასარგებლოც იქნება.
დაღერღილი ხორბლის პური
რუხი პური, რომლის ძირითად მასას წარმოადგენს დაღერღილი ხორბალი, ორგანიზმის მიერ ნელა აითვისება და მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ამიტომ არ ახდენს ჯანმრთელობაზე ისეთ უარყოფით გავლენას, როგორსაც თეთრი პური.
ქატოს პური
ეს ყველაზე სასარგებლო პურია. ქატო შთანთქავს ტოქსინებსა და ალერგენებს, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ორგანიზმს ამარაგებს საკმაო რაოდენობით უჯრედისით, ფასეული ცილებით და ვიტამინებით. ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ქატოს პურს, ნაკლებად ავადდებიან კუჭ-ნაწლავის დაავადებით, ჭარბი წონით და ათეროსკლეროზით, რადგან ეს პური შეიცავს დიდი რაოდენობით ნიკოტინმჟავას, რომელიც სჭირდება ორგანიზმს ამ დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
ქატო შეიცავს სასარგებლო ბოჭკოვანას, ვიტამინებსა და მინერალებს, რის გამოც დიეტოლოგები ხშირად უნიშნავენს მას ჰიპერტონიით, ათეროსკლეროზით, დიაბეტით, შეკრულობითა და სიმსუქნით დაავადებულებს.
უსაფუარო პური სვიაზე
ძალიან სასარგებლოა ასევე სვიაზე დამზადებული პური, რომელშიც არ შედის საფუარი. მას გააჩნია მსუბუქი საძილე, ანთებსაწინააღმდეგო და ამოსახველებელი ეფექტი. ხელს უწყობს მადის მომატებას და აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს ქალებში.
როგორ ვჭამოთ პური?
პურის მირთმევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როგორ თავსებაშია იგი სხვა პროდუქტებთან. ეცადეთ, უკიდურეს შემთხვევაში, დაიცვათ ერთი მარტივი წესი: არ მიირთვათ თეთრი პური ცხიმიან პროდუქტებთან ერთად. ცხიმიან ბულიონს, თევზს, ლორს უმჯობესია მიაყოლოთ რუხი პური. ხორცი და კარტოფილი საერთოდ უპუროთ მიირთვით, ბოსტნეული კი შეგიძლიათ როგორ თეთრ, ასევე რუხ პურთან ერთად მიირთვათ.
არასოდეს შეჭამოთ პური, რომელზეც ობს შეამჩნევთ. ზოგი ფიქრობს, რომ ობიან ადგილს თუ მოაჭრი, დარჩენილი პურის მირთმევა უსაფრთხოა, მაგრამ ეს ასე არ არის:
ობი ეს არის სოკო, რომელიც შეიძლება ისე იყოს მოდებული პურზე, რომ თვალით ვერც შევნიშნოთ. ხოლო ობის სოკოს სპორებს ორგანიზმში მოხვედრისას შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ საჭმლისმიერი მოწამვლა, არამედ სისხლისა და სუნთქვის ორგამოების მძიმე დაავადებები.
ასე რომ, არ ღირს ჯანმრთელობის ხარჯზე ეკონომიის გაწევა.