რჩევები დაპრინტული ჯინსები თქვენი ხელით 2012, 25 ივნისი, 0:37 ამ სტატიის დაწერისკენ, რეალურ ცხოვრებაში მომხდარმა გარემოებამ მიბიძგა. რაღაც პერიოდის წინ, შესანიშნავი, ქათქათა თეთრი ფერის ჯინსის ბრიჯები შევიძინე და მეორე დღესვე ამაყად გამოვიპრანჭე ჩემს ახალ შენაძენში. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სიამაყე ხანმოკლე აღმოჩნდა, ტრანსპორტში როგორც ჩანს ლაქა "ავიკიდე" და ჩემი ლამაზი, ქათქათა ჯინსები სამუდამოდ დავაკონსერვე კარადაში. უფრო სწორად დასაკონსერვებლად გადავდე და რომ არა მეგობარი დიზაინერის მონდომება და ორიგინალური ფანტაზია, ზემოთ ხსენებული ჯინსის ბრიჯი სამუდამოდ დაიმკვიდრებდა ადგილს, გადასაგდებად განწირული სამსოს რიცხვში. ჩემმა მეგობარმა ამ " გადასაგდებ" ბრიჯებს მარტივი წამალი "გამოუწერა", მოიტანა აკრილის საღებავი და უბრალოდ ააჭრელა იგი ფერადი ლაქებით. საბოლოოდ კი შესანიშნავი დაპრინტული, მოდური და კომფორტული ბრიჯი მივიღე, რომელსაც დიდი სიამაყით ვატარებ უკვე ბოლო პერიოიდია. საიმისოდ რომ თქვენც მოიწონოთ თავი ლამაზ, ფერადი ჯინსებით, აუცილებლად დაგჭირდებათ აკრილის საღებავი რომელიც ნებისმიერ სამხატვრო სალონში იყიდება, ფუნჯი რომ ქსოვილზე პრინტი შექმნათ ( არა, არა ხატვის ნიჭი აქ არაფერ შუაშია, ფუნჯი უნდა დაასველოთ საღებავით და ქსოვილს წვეთები მიაშხეფოთ ესაა და ეს!), ორიგინალური პრინტის შესაქმნელად გამოგადგებათ ასევე გაჭრილი ვაშლი, გეომეტრიულფიგურებიანი სახაზავი და უბრალოდ თქვენი პატარას ნამცეცა ხელისგულები. დაასველეთ ისინი საღებავით და შექმენით განუმეორებელი პრინტი, ოღონდ ყოველივე ამის შემდეგ ბავშვისთვის ხელების გულდასმით დაბანა არ დაგავიწყდეთ. 3643 17-ს მოსწონს
|