მოკლედ, ტვინი წაიღეს ამ მრავალრიცხოვანი დიეტებით, არადა საღამოობით გემრიელი ნამცხვრის და რძიანი ყავის თანხლებით რამე ლამაზი მელოდრამის ყურებას რა ჯობია არა? დილით გაიღვიძებ და სარკეში ჩახედვისას არაფერი მოგწონს შენ თავზე, ფილმის გმირის ლამაზი გარეგნობით შთაგონებულს. არადა, ჩემო ლამაზებო, ყველაფერი ხომ ამ ქვეყნად შეფარდებითია, ვინ აღიარა რომ გამხდარი, ნეკნებჩავარდნილი გოგონები სილამაზის ეტალონები არიან? ვინ დააკანონა რომ ქერა თმა ჯობია შავს ან წაბლისფერს? ვინ მოიგონა რომ ჭორფლიანი ჟღალი ქალები არიან წლევანდელ წელს მოდაში და გიხდება თუ არა, თმა მწითურ ფერზე უნდა გადაიღებო? ეს ყველაფერი საზოგადოების პერიოდული კაპრიზებია, მოდური ტენდენციები მოდიან და მიდიან, ჩვენი ინდივიდუალობა კი რჩება, ამიტომ არ ღირს ჯანმრთელობა შესწიროთ მოდის წუთიერ კაპრიზებს.
მერე რა თუ მსუქანი ხართ? მთავარია თქვენ თავთან თანხმობაში იცხოვროთ, მეოცე საუკუნის შუა ხანებში მსუქანი ქალები იყვნენ მოდაში, ჩემი ბებიების თაობისგან ისიც კი გამიგონია, რომ როგორც დღეს ხალხი პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს, ზედმეტი კილოგრამების "ჩამოსაჭრელად" მაშინ, პირიქით სპეციალურ ვიტამინებს და ნემსებს იკეთებდნენ რომ წონაში მოემატათ და მამაკაცებისთვის სასურველი, მოდური ქალები გამხდარიყვნენ. ახლა ხვდებით თუ რაოდენ აფსურდულია, მომაკვდინებელი დიეტებით დაიზიანოთ ჯანმრთელობა და ნერვები, რომლის სიჯანსაღეც უმთავრესია საიმისოდ, რომ ადამიანმა საკუთარი თავი მიიღოს ისეთი როგორიცაა, მიიღოს უბრალოდ და დატკბეს ცხოვრებით. სტატიას ჩემი ორი უსაყვარლესი ფუმფულას ფოტოებით დავასრულებ- ცნობილი მსახიობი ქუინ ლატიფა და ტელე-წამყვანი, ამერიკის ფავორიტი -ოპრა უინფრი. მიბაძეთ მათ, შეიყვარეთ სიცოცხლე და საკუთარი თავი, სილამაზე თქვენი შინაგანიდან უნდა მოდიოდეს!