როგორ გამოვიყენოთ ჩაშენებული მაგიდა პატარა ბინის დიზაინში - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები!
მცირე ზომის ბინაში ყოველთვის აქტუალურია სივრცის დაზოგვის საკითხი. თანამედროვე დიზაინი ამ მხრივ საკმაოდ მოქნილ საშუალებებს გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ჩაშენებული მაგიდები, რომლებიც კარგად ზოგავს ადგილს და ოთახს უფრო მყუდროსა და კომფორტულს ხდის. ამგვარი მაგიდებისთვის, რგორც წესი, იყენებენ ფანჯრის რაფას. ეს უკანასკნელი სტანდარტულ დიზაინში ნაკლებად არის გამოყენებული, თუმცა რეალურად ფასდაუდებელი სამსახური შეიძლება გაგიწიოთ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სამზარეულოს მაგიდისთვის, ასევე საძინებელში, კაბინეტსა თუ საბავშვო ოთახში.
სამზარეულოში ფანჯრის ქვეშ ჩაშენებული მაგიდა, როგორც წესი, დამატებით სამუშაო ზედაპირად, ნიჟარის ჩასადგამ ადგილად ან სასადილო მაგიდად გამოიყენება. ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, რამდენად საინტერესოდ შეიძლება რაფის ადგილზე ჩაშენებული მაგიდის გამოყენება.
თუ სამზარეულოში დიდი ფანჯარა გაქვთ, რაფის მაგივრად შეგიძლიათ ბარის მაგიდის გაკეთება. ამგვარი ფუნქციონალური გადაწყვეტა განსაკუთრებით საინტერესოა მცირე ზომის ბინებისთვის, სადაც ყოველი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია.
ფანჯრის ქვეშ ჩაშენებული მაგიდა-ბარის გამოყენება ასევე შესაძლებელია აივანზეც - არასტანდარტული, მაგრამ ძალიან საინტერესო დიზაინი.
მაგიდა მხოლოდ სასადილოდ ან საკვების მოსამზადებლად არ არის საჭირო. ჩაშენებული მაგიდის ვარიანტი ძალიან კარგად ერგება ასევე საწერი, კომპიუტერის თუ ტუალეტის მაგიდის ფუნქციას.
ასევე საინტერესოა რაფის მაგივრად ჩაშენებული მაგიდის გამოყენება საბავშვო ოთახში. ეს განსაკუთრებით მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სასკოლო ასაკისაა და რეგულარულად უხდება მეცადინეობა - ამგვარად მისი მაგიდა მუდამ ბუნებრივად იქნება განათებული, რაც თვალებისთვის აუცილებელია.
ასევე დაგაინტერესებთ: