x
image
მანჩო 777
რეპორტაჟი დამტვერილი სკივრიდან ანუ რას გვიამბობენ ძველი გრამფირფიტები
წლევანდელი აგვისტოს უმეტესი ნაწილი სოფელში გავატარე და გადავწყვიტე ძირფესვიანად დამელაგებინა სახლი. ორი საუკუნის წინანდელი, ნახევრადდამპალი კომოდის გადაგდება მოვინდომე და მის დაცარიელებას მივყავი ხელი. კომოდი, უფრო სწორად-სკივრი ძველი ალბომებით იყო სავსე. შავ-თეთრი სურათების თვალიერებამ ისე გამიტაცა, რომ სულ დამავიწყდა, რასაც ვაკეთებდი. უცებ ალბომებს შორის ძველ გრამფირფიტებს წავაწყდი. თვალწინ დამიდგა ბავშვობის წლები და იმ დროის ჩვენი საყვარელი მომღერლები, ფილმები და მსახიობები. სევდით და ნოსტალგიით ვათვალიერებდი ჯო დასენის, ტოტო კუტუნიოს, ვლადიმერ ვისოცკის დამტვერილ ფირფიტებს და წარსულის მოგონებებში ვიძირებოდი. რა თქმა უნდა, ფირფიტების ჩასართავად გრამსაკრავის (პრაიგრივატელს რომ ვეძახდით) მოძიება მანანას რადიოლის (ალბათ გაგახსენდათ ფილმი "მანანა") შოვნაზე უფრო ძნელი იქნებოდა, ამიტომ ისევ კომპიუტერმა და ყოვლისშემძლე ''იუთუბმა'' მიშველა: როგორც კი საქმეს მოვრჩი, მაშინვე მოვძებნე და ჩავრთე გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიმღერები... ნოსტალგია დამეუფლა, თვალები დავხუჭე და კარგა ხანი გავატარე ასეთ ეიფორიაში. იმდენად დაუვიწყარი, შთამბეჭდავი, უბერებელი მომეჩვენა ეს საოცრად ნაცნობი მელოდიები, რომ მომინდა თქვენთან ერთად გამეხსენებინა ჩვენი ბავშვობის დაუვიწყარი კუმირები- ბევრი თქვენგანისათვის საოცრად ნაცნობი და ახლობელი.


image


ხელში პირველი ვლადიმერ ვისოცკის გრამფირფიტა მომხვდა...


image



მაინც ვინ იყო ვისოცკი?- პოეტი გიტარით, ვისი სიმღერებიც გვეხმარებოდა ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში; მსახიობი, რომელიც ჰამლეტს შეუდარებელი ოსტატობით თამაშობდა; ბარდი, რომელსაც არაფრის და არავისი არ ეშინოდა და საბჭოთა წყობილებისათვის შეუფერებელ სიმღერებს მღეროდა; მომღერალი ტრაგიკული ბედით, რომელმაც გაბედა და პირველმა გამოთქვა პროტესტი საბჭოთა დიქტატურის წინააღმდეგ. ხალხის კუმირი სრულიად ახალგაზრდა-42 წლისა გარდაიცვალა 1980 წლის 25 ივლისს. იმ პერიოდში მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ქალაქი გადაკეტილი იყო და მილიცია იცავდა. ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ გაცხადებულა, მიუხედავად ამისა, ტაგანკის თეატრთან, სადაც იგი მუშაობდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაშლილა (გამოსვენების დღეს ახლომდებარე შენობების სახურავებიც კი სავსე იყო ხალხით).





ტოტო კუტუნიო-იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი


image

ჩემი ასაკის ადამიანებისათვის ალბათ საოცრად ნაცნობი იქნებოდა შემდეგი სიტუაცია: 80-იანი წლები...ზაფხულის თბილი ღამე... ტელევიზორებთან მიმსხდარი მოუთმენლად ველოდებით, როდის მოვა ღამის 12 საათი და დაიწყება "სან-რემო"- იტალიური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ყოვეწლიურად ტარდებოდა და ლამის ერთადერთი ხელმისაწვდომი უცხოური ესტრადა იყო საბჭოთა ახალგაზრდებისათვის. ფესტივალის ორგზის გამარჯვებული ტოტო კუტუნიო კი თავისი ტკბილი, მელოდიური ხმითა და მომხიბლვლელი გარეგნობით უამრავი ქალბატონის და გოგონას ოცნების მამაკაცს წარმოადგენდა. გარდა იმისა, რომ პოპულარული მომღერალი იყო, ის წერდა სიმღერებს ისეთი ცნობილი მომღერლებისათვის, როგორებიც იყვნენ ჯო დასენი, მირეი მატიე, ადრიანო ჩელენტანო, ჯგუფი Ricchi e Poveri, დალიდა და მრავალი სხვა.




ადრიანო ჩელენტანო-იტალიელი მომღერალი და მსახიობი


image

კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი არცთუ მომაჯადოებელი, მაგრამ საოცრად ქარიზმატული გარეგნობით - არაჩვეულებრივი, ექსტრავაგანტური ჩელენტანო მომაჯადოებელი ხმით და ოდნავ დამცინავი ღიმილით ალბათ ბევრს დაამახსოვრდა ფილმებით "ჭირვეულის მორჯულება" და "ბლეფი". გარდა იმისა, რომ ის შესანიშნავი მსახიობი იყო, ფლობდა მშვენიერ ხმას და ესტრადის ცნობილი მომღერალიც გახლდათ.




ჯო დასენი-ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი


image

ჯო დასენი-ეს ის ადამიანია, ვისზეც შეიძლება უსასრულოდ ისაუბრო. მის შემოქმედებაში იყო ყველაფერი-ლირიზმი და გამჭოლი მგრძნობელობა, სინაზე და ჯადოსნური ინტიმურობა. როცა ამ სიმპათიური ფრანგი მომღერლის სიმღერებს უსმენ, გგონია, რომ ეს შენთვისაა დაწერილი, ისე ღრმად წვდება სულში. დასანანია, რომ დასენი ასე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან.




BONEY M


image

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი ამერიკაში მაინდამაინც არ ბრწყინავდა, ევროპელები აღფრთოვანებული იყვნენ მათი შემოქმედებით. განსაკუთრებით პოპულარული იყო ანსამბლი აღმოსავლეთ ევროპასა და სსრკ-ში. კოლექტივის შემადგენლობა ცხრაჯერ შეიცვალა, მათ გამოუშვეს 40 მილიონამდე დისკი და 60 მილიონი სინგლი.




ABBA


image

შვედური ჯგუფი ABBA წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს პოპ-მუსიკის ჟანრში. სკანდინავიელების ჩანაწერები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გაყიდული იქნა მათი დაახლოებით 300 მილიონი ეგზემპლარი. ჯგუფის ვიზიტი სსრკ-ში ნამდვილ სენსაციად იქცა და მასზე ფილმიც კი გადაიღეს.




Ottawan


image


ფრანგული დისკო-დუეტი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. ყველაზე ცნობილი იყო მათი «D.I.S.C.O.» და «Hands Up (Give Me Your Heart)»... აბა, რომელ თქვენგანს არ უცეკვია ამ მუსიკის რიტმზე?




ალენ დელონი-ცნობილი ფრანგი მსახიობი


image

საოცრად სიმპათიური, მამაკაცის სილამაზის ეტალონად აღიარებული ალენ დელონი მომხიბლავი ღიმილით - აბა ვინ გაუძლებდა მის ხიბლს? ჩემი თაობის გოგონების უმეტესობა აღმერთებდა ამ მსახიობს. ვინ იცის, რამდენჯერ გვიტირია ფილმის "ორნი ქალაქში" ნახვისას. ალენ დელონს ახალგაზრდობაში სრულებითაც არ სურდა მსახიობი გამხდარიყო, თუმცა თავისი პოპულარობის ზენიტში მან თავის თავს "კინემატოგრაფიის ტყვე " უწოდა. ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობი მრავალი თაობის კუმირია.


მიქელე პლაჩიდო-იტალიელი მსახიობი


image

ალბათ ბევრს გახსოვთ, რომ იტალიური სერიალის "რვაფეხას" ჩვენების დროს ქუჩები ხალხისგან ცარიელდებოდა, ხოლო მაფიასთან მებრძოლი უშიშარი კომისრის კორადო კატანის პლაკატი თითქმის ყველა სახლის ან ბინის კედლებს ამშვენებდა. სიმპათიურ, ჭაღარათმიან კომისარზე ოცნებით ოხრავდა ბევრი დიასახლისი თუ პენსიონერი, უფროსკლასელი გოგონა თუ სკოლის მასწავლებელი ქალი.


ჟან-პოლ-ბელმონდო


image

გასაგები მიზეზების გამო ჰოლივუდური ფილმები მზის შუქს ვერ ნახულობდა საბჭოთა კავშირში, ამიტომ საბჭოთა ახალგაზრდობა ძირითადად იტალიური და ფრანგული ფილმებით იკლავდა უცხოური კინემატოგრაფიის მიმართ ინტერესს. განსაკუთრებული ადგილი გასული საუკუნის 70-80-იანი წლების პოპულარულ ადამიანებში უშიშარ ჟან-პოლ-ბელმონდოს ეჭირა. ის ყურადღება და სიყვარული, რასაც საბჭოთა ადამიანები მსახიობის მიმართ იჩენდნენ, ბევრ გამოჩენილ პოლიტიკოსს თუ საზოგადო მოღვაწეს შეშურდებოდა. ბელმონდოს პოპულარობით მხოლოდ ალენ დელონი თუ უწევდა კონკურენციას, ხოლო კომედიურ ჟანრებში ლუი დე ფიუნესი და მოგვიანებით-პიერ რიშარი.


კიდევ ბევრი მომღერლის თუ მსახიობის გახსენება შეიძლება იმ წლებიდან, თუმცა უკვე საკმარისია. ალბათ, თქვენც ჩემსავით მოგეძალათ სევდა და დაგენამათ თვალები ჩვენი ახალგაზრდობის კუმირების გახსენებაზე. გავა წლები და ჩვენი შვილები და შვილიშვილები ასევე ნოსტალგიით მოიგონებენ დღევანდელ "ვარსკვლავებს" და ჩაიძირებიან წარსულის ტკბილ მოგონებებში.


P.S. "ინტერმედიის" ახალი რედაქტორი გამუდმებით გვიკიჟინებს, რეპორტაჟები წერეთო..ჰოდა, აი თქვენ რეპორტაჟი-რეპორტაჟი სოფლის ძველი სკივრიდან.

3
189
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
189
  
2017, 12 სექტემბერი, 21:31
მადლობა, მეგობარო. თვითშემოქმედება აქ არ მოწონთ, ვიცი უკვე. უბრალოდ ჩემი გულის ჭია გავახარე ამ სტატიით. :)
2017, 12 სექტემბერი, 21:09
მალადეც მანჩო მაგარი სტატია გამახსენა ახალგაზრდობა ცუდია ის რომ აქ ესეთი სტატიები არ მოწონთ რაზეც ნახვებზე აისახება
2017, 12 სექტემბერი, 9:35
ძალიან მაგარია !თან ფირფიტა,მისი გარეკანი.... დადებაც ფირსაკრავზე საოცარი რიტუალი იყო....რამოდენა ეფექტი იყო როდესაც მაღაზიაში შეიძენდი ახალ დისკს....და ერთი სული გქონდა სანამ სახლში მიხვიდოდი და ჩართავდი..ახლა ძალიან გამარტივებული და გაუბრალოებულია ციფრულის წყალობით,სამწუხაროდ))))...
0 1 3